Facebook Twitter

ბს-627(კ-21) 31 ოქტომბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე. ლ-ი

მოწინააღმდეგე მახარე (მოპასუხე) _ ონის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - თ. ბ-ე

დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ცნობის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

17.10.1972წ. ქორწინების მოწმობის მიხედვით, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერ წიგნში განხორციელდა ჯ. ბ-ეისა და ე. ლ-ის ქორწინების შესახებ რეგისტრაცია.

12.07.1989წ. გარდაცვალების მოწმობის თანახმად, 04.06.1989წ. გარდაიცვალა ჯ. ბ-ე.

04.04.1990წ. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ლ-ის გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა შემნახველ ბანკში აწგარდაცვლილ ჯ. ბ-ეის ანგარიშზე არსებულ ანაბარზე.

19.04.1990წ. ე. ლ-იმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სანოტარო კანტორას და მოითხოვა თბილისის შრომის შემნახველ ბანკში 04.06.1989წ. გარდაცვლილი მეუღლის ჯ. ბ-ეის ანაბარზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა.

19.04.1990წ. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, 04.06.1989წ. გარდაცვლილი ჯ. ბ-ეის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იქნა ე. ლ-ი. სამკიდრო ქონება, რომელზედაც გაიცა ეს მოწმობა შეადგენს ანაბარს თბილისის შრომის შემნახველ ბანკში.

08.02.2018წ. რ. ჯ-ესთან და თ. გ-ითან გასაუბრების ოქმის თანახმად, აღნიშნული პირები იცნობდნენ ჯ. ბ-ეს და მის ოჯახს, ონში, ...ის ქ. N...-ში მდებარე სახლში ჩამოდიოდა და ცხოვრობდა ჯ. ბ-ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ჩამოდიოდა მისი შვილი თ. ბ-ე.

ქ. ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 12.02.2018წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ჯ. ბ-ე გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა ონში, ...ის ქ. N...-ში და მისი გარდაცვალების დღიდან (12.07.1989წ.) ონში, ...ის ქ. N...-ში მდებარე მის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგენს მისი შვილი თ. ბ-ე.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 13.02.2018წ. გაიცა ცნობა მასზედ, რომ ჯ. ბ-ე გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა ონში, ...ის ქ. N...-ში და მისი გარდაცვალების დღიდან (12.07.1989წ.) ონში, ...ის ქ. N...-ში მდებარე მის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს მისი შვილი თ. ბ-ე.

ნოტარიუსის 07.06.2018წ. „სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ“ დადგენილებით განმცხადებელს, თ. ბ-ეს უარი ეთქვა მამკვიდრებლის, 04.06.1989წ. გარდაცვლილი ჯ. ბ-ეის დანაშთ სამკვიდრო ქონების მიღებაზე და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 19.04.1990წ. გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად 04.06.1989წ. გარდაცვლილი ჯ. ბ-ეის მემკვიდრედ ცნობილია მისი მეუღლე, ე. ლ-ი, თ. ბ-ეის განმარტებით, ე. ლ-ის გარდა არსებობენ მამკვიდრებლის ჯ. ბ-ეის სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებიც, მ. ბ-ე და მ. ბ-ე. ამავე დადგენილებაში მიეთითა, რომ „სანოტარო მოქმედებათა წესის შესახებ ინსტრუქციის“ 85-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრემ ვერ წარადგინა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დამდგენი დოკუმენტი.

06.07.2018წ. თ. ბ-ემ სამოქალაქო სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ე. ლ-ის მიმართ ონში, ...ის ქ. N...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მამის, ჯ. ბ-ეის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ასევე მოითხოვა მესამე პირებად ჯ. ბ-ეის შვილების მი. ბ-ეის და მ. ბ-ეის ჩართვა.

24.08.2018წ. ე. ლ-ის წარმომადგენელმა ლ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ონის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა 13.02.2018წ. ცნობის ბათილად ცნობა.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის 04.09.2018წ. წერილით ლ. ლ-ეს ეცნობა, რომ 13.02.2018წ. ცნობა შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მისი გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლო წესით.

ე. ლ-იმა 25.09.2018წ. სარჩელით მიმართა ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს მოპასუხის ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ონის მუნიციპალიტეტის მერის 13.02.2018წ. ცნობის ბათილად ცნობა. საქმის განხილვისას მესამე პირად ჩაება თ. ბ-ე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ის არის 12.07.1989წ. გარდაცვლილი ჯ. ბ-ეის მეუღლე, შესაბამისად მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე. 19.04.1990წ. სამკვიდრო მოწმობით მან მიიღო გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონება (ანაბარი), შესაბამისად, მიიღო აწგარდაცვლილი ჯ. ბ-ეის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად. თ. ბ-ეს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსისთვის განცხადებით არ მიუმართავს და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამის სამკვიდრო ქონებას. სადავო ცნობით ონის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა თ. ბ-ეის მიერ 12.07.1989წ. გარდაცვლილი მამის, ჯ. ბ-ეის კუთვნილი უძრავი ქონების (ონი, ...ის ქ. N...) ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ზიანს აყენებს მოსარჩელის, როგორც ჯ. ბ-ეის კანონისმიერი მემკვიდრის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თ. ბ-ემ სამოქალაქო სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. მის ერთადერთ მტკიცებულებას, რომელზეც ის ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნულ ცნობას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, ის წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს, რომლის ბათილად ცნობის საფუძველი რეგლამენტირებულია სზაკ-ის მე-601 მუხლით. ვინაიდან ონის მუნიციპალიტეტის მერიის 13.02.2018წ. ცნობა მიღებულია მითითებული მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით და დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ონის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებლით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ თ. ბ-ემ განცხადებით მიმართა მერიის წარმომადგენელს ქ. ონის ადმინისტრაციულ ერთეულში და მოითხოვა დაეწერა მოხსენებითი ბარათი იმის შესახებ, რომ მისი მშობელი - ჯ. ბ-ე ცხოვრობდა ქ. ონში, ...ის ქ. N...-ში და მისი გარდაცვალების შემდეგ მის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს განმცხადებელი. თ. ბ-ემ წარმოადგინა აგრეთვე გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ორი მეზობლის განმარტება, რომლებიც უდასტურებენ აღნიშნულ ფაქტებს. მერიის წარმომადგენელს ადგილზე გასვლით, სხვა მეზობლების გამოკითხვით დაუდასტურეს, რომ ჯ. ბ-ე ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და მისი შვილი თ. ბ-ე ჩამოდის და ფლობს თავის წილ ქონებას. ჩატარებული წარმოების შემდეგ წარმომადგენელმა მერიის სახელზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი, ხოლო მერმა გასცა ცნობა. შესაგებლის ავტორი თვლის, რომ მერია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, დაადასტურა მხოლოდ ფაქტი და გასცა ცნობა ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. ცალკე აღებული ცნობა სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, თ. ბ-ე არის გარდაცვლილის კანონიერი მემკვიდრე, ცნობაში მოყვანილი ყველა ფაქტობრივი გარემოება სინამდვილეს შეესაბამება. შესაგებლის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცნობა 13.02.2018წ. გაიცა, ცნობა სასამართლოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად არის მიჩნეული, სასკ-ის 22-ე და სზაკ-ის 178-ე მუხლის მიხედვით სამართლებრივი აქტები ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს. სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ მოსარჩელემ ცნობის შესახებ 24.08.2018წ. გაიგო, მოსარჩელის წარმომადგენელი გაცილებით ადრე დაუკავშირდა მერიის წარმომადგენელს და მოითხოვა ცნობის ბათილად ცნობა, რაზეც უარი მიიღო. ე. ლ-იმა 19.07.2018წ. პირადად ჩაიბარა თ. ბ-ეის შესაგებელი, რომელსაც თან ერთვოდა მერიის ცნობა, შესაბამისად, მხარეს გაშვებული აქვს გასაჩივრების დადგენილი ვადა.

მესამე პირი თ. ბ-ე შესაგებელში აღნიშნავს, რომ ე. ლ-ისა და მისი წარმომადგენლისათვის სადავო ცნობის შესახებ ცნობილი გახდა 19.07.2018წ., როცა მან ჩაიბარა მისი სარჩელი, სადაც ცნობა არაერთხელაა ნახსენები. შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ ე. ლ-ი იყო ჯ. ბ-ეის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მემკვიდრე, მან დამალა სხვა მემკვიდრეთა არსებობა, მამკვიდრებელს ჰყავდა დედა, რომელიც ცხოვრობდა ქ. ონში, ორი შვილი პირველი ქორწინებიდან და ერთი შვილი მოსარჩელესთან. კანონით დადგენილ ექვთვიან ვადაში არც მოსარჩელეს არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის, მას სასამართლომ აღუდგინა სამკვიდროს მიღების ვადა. სამკვიდროს მიღებას არ აქვს ხანდაზმულობა. სარჩელი ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილი ჰქონდა არა მემკვიდრედ ცნობაზე, არამედ იმის გამო, რომ ე. ლ-ის მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონების წილი, რომელიც მხოლოდ მან მიიღო, მოთხოვნა დასმულია სამკვიდროს გაყოფის წესიდან გამომდინარე. ადმინისტრაციულმა ორგანო ცნობის მომზადებისა და გამოცემისას მოქმედებდა კანონის შესაბამისად, მოსმენილ იქნა მოწმეები, შესწავლილ იქნა საჭირო დოკუმენტები, მოხდა ადგილზე გასვლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა ფაქტი. შესაბამისად არ არსებობს ცნობის ბათილობის საფუძველი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ 85-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადასტურდა მხოლოდ ჯ. ბ-ეის უძრავი ქონების ფლობა და სარგებლობა. სასკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. სასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ერთი თვის ვადაში, ვადის გაშვების გამო საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს. ცნობა გამოცემულია სზაკ-ის 96-ე, 53-ე მუხლების შესაბამისად.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 11.10.2018წ. განჩინებით, სამოქალაქო საქმე თ. ბ-ეის სარჩელისა გამო, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.02.2019წ. განჩინებით, სამოქალაქო საქმის განხილვა თ. ბ-ეის სარჩელისა გამო, მოპასუხე ე. ლ-ის მიმართ, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, შეჩერდა ონის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 06.02.2019წ. განჩინებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომელსაც მხარს უჭერდა მესამე პირის წარმომადგენელი, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. ლ-იმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულება ერთთვიანი ვადის გაცდენის შესახებ მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 17.04.2019წ. გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტის მერის 13.02.2018წ. ცნობის ბათილად ცნობის შესახებ ე. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოასუხეს არ დაურღვევია ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის წესი, მერიის წარმომადგენელმა ადგილზე გადაამოწმა საკითხი, გამოკითხა მეზობლები და მხოლოდ ამის შემდეგ გასცა ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ლ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინებით, ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 17.04.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ (მერიამ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აწარმოა სათანადო ადმინისტრაციული წარმოება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, უფლებამოსილმა პირმა წარდგენილი დოკუმენტაციის (დაბადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა), ასევე ადგილზე გასვლითა და მოწმეთა გამოკითხვით, შეისწავლა განსახილველი საკითხი და მერის სახელზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რის საფუძველზე მერის მიერ გაიცა შესაბამისი ცნობა. სადავო ცნობაში ონში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის თ. ბ-ეის მიერ ფლობის თაობაზე მითითება განხორციელდა მოქალაქეებთან - რ. ჯ-ესთან და თ. გ-ითან 08.02.2018წ. გასაუბრების ოქმის საფუძველზე, რომელთაც მასში გადმოცემული განმარტების სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას. რაც შეეხება მესამე პირის თ. ბ-ეის იურიდიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად (ჯ. ბ-ეის მემკვიდრედ და ამ უკანასკნელის დანაშთი სამკვიდრო აქტივის მესაკუთრედ ცნობა) მოწმეთა ჩვენებებისა და გასაჩივრებული ცნობის საკმარის საფუძვლად მიჩნევას, აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატის მოსაზრებით სცილდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შესაფასებელ საკითხთა კატეგორიას და არსებითად განხილულ და შეფასებულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ლ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად და ფაქტობრივად არ არის დასაბუთებული. სადავო ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 12.02.2018წ. მოხსენებითი ბარათი, რომელიც გაიცა ორ მოწმესთან გასაუბრების ოქმის შედეგად. მითითებული დოკუმენტები შინაარსობრივად ურთიერთშეუსაბამოა. გასაჩივრებული ცნობის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ასევე ის გარემოება, რომ ვერ დადგინდა ჯ. ბ-ეის მიერ ონში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. კასატორმა მიუთითა, რომ მან გარდაცვლილი მეუღლის ჯ. ბ-ეის სამკვიდრო მიიღო კანონით დადგენილ ვადაში. სადავო ცნობით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე თ. ბ-ეს დაუდასტურდა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი, რითაც დაირღვა ე. ლ-ის, როგორც ჯ. ბ-ეის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის, კანონიერი უფლება და ინტერესები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამოწმებს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის დამოუკიდებელი პროცესუალური სტადიის დადგენა ემსახურება პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს, კერძოდ, სასკ-ის 22-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის შემოწმება ხორციელდება მითითებული მუხლების შესაბამისად (სასკ-ის 262 მუხ.). სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილებითი სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული აქტის არსებობა, სარჩელის საგანს უნდა შეადგენდეს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მმართველობითი ღონისძიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის, ის უნდა აკმაყოფილებდეს ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტებს. სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით ინდივიდუალური აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულატიური სახით არის რეგლამენტირებული. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ აქტად, როდესაც იგი სრულად შეესაბამება სზაკ-ით დადგენილ ინდივიდუალური აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევას.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო-სამართლებრივ საქმიანობის ფორმას წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული აქტის გამოცემით ხდება სამართლის ნორმით განხორციელებული ზოგად-აბსტრაქტული მოწესრიგების კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია. მოწესრიგება, როგორც ადმინისტრაციული აქტის ცნების ელემენტი, არ არის სახეზე, როდესაც საჯარო სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. ამა თუ იმ დოკუმენტის ინდივიდუალურ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას. მერიის მიერ გაცემულ ცნობას გააჩნია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი (მერია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს, ცნობის გაცემის უფლებამოსილება გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ცნობა ინდივიდუალური ხასიათისაა), მაგრამ მას არ აქვს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - ის დამოუკიდებლად, უცილობლად არ იწვევს ადრესატისათვის რაიმე სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, ის მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, თუმცა დამოუკიდებლად ის ვერ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის ინტერესს შეადგენს მემკვიდრეობის ნორმებით მინიჭებული უფლების სრულად განხორციელება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მემკვიდრეობის უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში. მემკვიდრეობის უფლების გარანტია მოიცავს მემკვიდრის უფლებას შეიძინოს მამკვიდრებლის საკუთრება მემკვიდრეობის გზით. მემკვიდრეობა საკუთრების შეძენის ერთ-ერთი ფორმაა. სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახე - კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა, რომლებიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია, როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს და იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით. სკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისთვის სავალდებულოა მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სკ-ის 1319-ე მუხ.) ექვსთვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდრო მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლების საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე მიიღოს სამკვიდრო (სუსგ №ას-1090-2020, 22.01.2021წ.). სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგ. მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვ.) (იხ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017წ.; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ.; ას-203-193-2016, 02.06.2016წ.; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ.; №ას-482-455-2012, 31.05.2012წ.).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამკტიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85.1 მუხლით დადგენილია იმ გარემოებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც შეიძლება დადგინდეს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. მითითებული ნორმის „დ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი არის კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში ონის მუნიციპალიტეტის მერის 13.02.2018წ. ცნობა გაიცა მასზედ, რომ ჯ. ბ-ე მუდმივად ცხოვრობდა ონში, ...ის ქ. №...-ში და მისი გარდაცვალების დღიდან (12.07.1989წ.) მის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს მისი შვილი თ. ბ-ე. აღნიშნული ცნობის საფუძვლად მითითებულია ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის 12.02.2018წ. მოხსენებითი ბარათი.

„ნოტარიატის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. სამემკვიდრეო ურთიერთობები სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, ნოტარიუსის მიერ კანონით მინიჭებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება არ განეკუთვნება მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას, მას არ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამახასიათებელი ელემენტები. სკ-ის 1499.1 მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. საქმეში დაცული 07.06.2018წ. „სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ“ დადგენილების მიხედვით, თ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს მამკვიდრებლის ჯ. ბ-ეის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამავე დადგენილებით დგინდება, რომ თ. ბ-ეს უარი ეთქვა მამკვიდრებლის - 04.06.1989წ. გარდაცვლილი ჯ. ბ-ეის დანაშთ სამკვიდრო ქონების მიღებაზე და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან 19.04.1990წ. გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, 04.06.1989წ. გარდაცვლილი ჯ. ბ-ეის მემკვიდრედ ცნობილია მისი მეუღლე - ე. ლ-ი, ასევე თ. ბ-ეის განმარტებით არსებობენ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები (მ. ბ-ე და მი. ბ-ე), ამასთანავე მემკვიდრემ ვერ წარადგინა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დამდგენი დოკუმენტი. ამდენად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება არის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) გარემოება, რომელიც ფასდება მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, ამასთან, ასეთი დოკუმენტის არსებობა ზემოთ მითითებული დადგენილების შინაარსისა და სამოქალაქო კოდექსით სამკვიდროს მისაღებად დადგენილი მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით იმთავითვე, სხვა გარემოებების შეფასების გარეშე (მაგ. ინფორმაცია სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის შესახებ), არ წარმოშობს სამკვიდრო მოწმობის გაცემის უპირობო საფუძველს. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა არის სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი სახე, ქონების ფაქტობრივი ფლობა შესაძლოა სხვადასხვა გზით განხორციელდეს, ქონების ფაქტობრივი ფლობა ნიშნავს არა მხოლოდ მემკვიდრის ცხოვრებას საცხოვრებელ სახლში, უძრავი ქონების ხელთპყრობას, არამედ აგრეთვე, სამკვიდროს მიღების ვადაში (სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში) მამკვიდრებლის ფასიანი ქაღალდების და სხვა ღირებულების თავისთან გადატანას, შენახვას და სხვ.. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის ანაბრის მისაღებად. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის მიერ შეიძლება სადავო გახდეს დაინტერესებული პირის (მაგ. სხვა მემკვიდრის) მიერ, საქმის მასალების მიხედვით ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სადავო არ გამხდარა. იურიდიული შედეგი აქვს სანოტარო მოქმედებას, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებითი ძალა. მემკვიდრეობის უფლების მოწმობას გასცემს ნოტარიუსი („ნოტარიატის შესახებ“ კანონის 38-ე მუხ., 1-ელი პ., „გ“ ქვ.პ.), მერი არ არის ნოტარიუსთან გათანაბრებული პირი და მერიის მიერ გაცემული ცნობა, „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 42-ე-43-ე მუხლების თანახმად, ვერ იქნება გათანაბრებული სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებთან. დაუსაბუთებელია აგრეთვე ცნობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მოიაზრება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, მაგრამ არა სხვა სამართლებრივი აქტის გამოცემით, არამედ სწორედ ასეთის გამოცემის გარეშე. გასაჩივრებას ექვემდებარება სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ნოტარიუსის დადგენილება. ცალკეულ შემთხვევებში გასაჩივრებას შესაძლოა დაექვემდებაროს ისეთი შუალედური აქტი, რომელიც დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში მერის ცნობას უძრავი ქონების დაუფლების შესახებ ასეთი ეფექტი არ გააჩნია, აღნიშნულს არ ცვლის ის გარემოება, რომ თ. ბ-ე აღძრული სარჩელით მოითხოვს არა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ 07.06.2018წ. დადგენილების გაუქმებას, არამედ სამკვიდროს გაყოფის წესით მამკვიდრებლის დანაშთ კონკრეტულ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობას (ტ. 1, ს.ფ. 283) და სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად უთითებს მერიის ცნობას, მიუხედავად იმისა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების მიღებისას ონის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე გაცემული იყო ცნობა თ. ბ-ეის მიერ მამკვიდრებლის ქონების ფლობის შესახებ, ეს ცნობა არ გამხდარა სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი. მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შემთხვევაში ადმინისტრაციული მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ის არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი (სზაკ-ის მე-2 მუხ. „დ“ ქვ.პ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. N71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენ დოკუმენტებს შორის, გარდა კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტისა, აგრეთვე ორდერისა („დ1“ ქვ.პ.) მითითებულია სხვა გარემოებები და/ან დოკუმენტები (ერთ საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია, იმ დოკუმენტების ფაქტობრივი ფლობა, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სატრანსპორტო საშუალების, საბანკო ანგარიშზე თანხის, სახეობითი აქციების არსებობას, საგადასახადო ორგანოს ცნობა, კომუნალური მომსახურების გადასახადების დამადასტურებელი ცნობები ან ქვითრები), აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მუხლში მოცემული სამკვიდროს დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები არაა ამომწურავი, ნორმაში მითითებულია, რომ მუხლში მოცემული დოკუმენტების და გარემოებების ჩამონათვალის გარდა დაუფლების ფაქტი შესაძლოა დადგინდეს სხვა საჯარო დოკუმენტებითაც (85-ე მუხ. „ე“ ქვ.პ.). ამდენად, თვითმმართველი ორგანოს ცნობა არის მემკვიდრეობის დაუფლების ერთ-ერთი და არა ერთდაერთი დოკუმენტი, ნოტარიუსი ერთობლიობაში აფასებს დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მისთვის თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას დაუფლების ფაქტის დადგენისას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამდენად, თვითმმართველობის ორგანოს ცნობა თავისთავად არ ადასტურებს სამკვიდროს დაუფლებას და მყისიერად არ ქმნის ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველს, ცნობა საჭიროებს შეფასებას სხვა დოკუმენტებთან და გარემოებებთან ერთად. სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მითითება იმაზე, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, გულისხმობს ისეთ დოკუმენტს, რომელსაც იმთავითვე დამატებითი პროცედურის გარეშე დამადასტურებელი ეფექტი აქვს, ასეთად ვერ მიიჩნევა ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობა სამკვიდროს დაუფლების შესახებ. ცნობის სასამართლოში ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით გასაჩივრების შემთხვევაში მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოებიდან გადაინაცვლებს ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში. პირს პოტენციაში უნარჩუნდება გასაჩივრების უფლება, რომელსაც ის გამოიყენებს ნოტარიუსის აქტის სასამართლოში გასაჩივრებით ან სამკვიდროს გაყოფასთან დაკავშირებული დავის წამოწყებით.

მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით ადმინისტრაციული ორგანოს გააჩნია კონკრეტული შემთხვევის სწრაფი და იძულების გზით აღსრულებადი, ცალმხრივი მოწესრიგების საშუალება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანს წარმოადგენს ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით წარმოშვას სამართლებრივი შედეგი. მისი ცალმხრივობა იმაში გამოიხატება, რომ ამ აქტის ეფექტი და ზემოქმედება შეიძლება მიიღწეოდეს მისი ადრესატის ნების საწინააღმდეგოდაც. ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი აქტი არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მომტანი და არსებობს მისი შესრულების სამართლებრივი ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის ეს ელემენტი აღწერს მის ბუნებას, როგორც ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება მიმართულია ცალმხრივად და უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ. ადმინისტრაციული აქტის ცალმხრივობა და მისი შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქტის ცნების ის ელემენტებია, რაც (აქტის ცნების სხვა ელემენტებთან ერთად) აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს ქმნის. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არა გვაქვს, როდესაც საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების ან ახსნა-განმარტების მიწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განხორციელებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.

სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადგენის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ცნობა არ არის საკმარისი სამკვიდროს მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის, არ იკვეთება ადმინისტრაციული აქტის ისეთი ელემენტი, როგორიცაა პირის სამართლებრივი მდგომარეობის დადასტურება (სზაკ-ის მე-2 მუხ., „დ“ ქვ.პ.). სსკ-ის 312-ე მუხლით დადგენილია იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლებსაც განიხილავს სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის წესით. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი საქმეთაგანია მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენა. იმავე კოდექსის 316-ე მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს. ამდენად, სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც, სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობას არ ცვლის და ასეთი გადაწყვეტილება საჭიროებს სანოტარო ორგანოში წარდგენას, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნოტარიუსის მიერ შესწავლას, სამკვიდრო მოწმობის გასაცემად შესაბამისი გარემოებების არსებობის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში ყველა იმ სხვა პროცედურის განხორციელებას, რაც დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.03.2010წ. №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9 თავით („სამემკვიდრეო საქმის წარმოების წესები“), შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული ცნობის პირდაპირ სამართლებრივ შედეგად.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნად ისახავს თავისი, როგორც მემკვიდრის, კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას იმ მოსაზრებით, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება არ მიიღოს სხვა მემკვიდრემ, მის ამ მიზანს შესაძლოა შეესაბამებოდეს სხვა ფორმისა და შინაარსის დავა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ გასაჩივრებული ცნობით რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. სადავო ცნობაში მითითებულია სამკვიდროს დაუფლების ფაქტის თაობაზე, თუმცა აღნიშნულ ცნობას შესასრულებლად სავალდებულო ძალა არ გააჩნია. აღნიშნულს არსებული სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, კერძოდ, სამოქალაქო საქმეზე, სადაც დავის საგანს შეადგენდა მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ასევე სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურება, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული გარემოება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მისი პირველი რიგის მემკვიდრის (შვილის) მიერ ქონების ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე, ასეთი სახის ცნობა არ შეფასდა სამკვიდროს გახსნიდან ექვსთვიან ვადაში სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად ვარგის მტკიცებულებად (იხ. სუსგ 26.12.2019წ. საქმე №ას-1210-2019, პ. 35). საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე თ. ბ-ეის სარჩელისა გამო მოპასუხის ე. ლ-ის და მესამე პირების მი. ბ-ეის და მ. ბ-ეის მიმართ, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, შესაბამისად, სადავო ცნობაში მითითებული გარემოება თ. ბ-ეის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის შესახებ ზემოთ მითითებული სამოქალაქო დავის განხილვის საგანია, რაც ადმინისტრაციული წესით ვერ შეფასდება. ხსენებული დავის ფარგლებში ე. ლ-ის აქვს მერიის ცნობის საფუძვლიანობის, ცნობის მოწმეთა გასაუბრების ოქმთან შესაბამისობის საკითხის დასმის შესაძლებლობა.

საკასაციო წესით საქმის განხილვისას დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში სასკ-ის 262.6 მუხლით გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ონის მუნიციპალიტეტის მერის 13.02.2018წ. ცნობის ბათილად ცნობა შეადგენს, სახეზეა სზაკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელი, ასეთი სახის სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი სავალდებულო პირობა არის ადმინისტრაციული აქტის არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებას საჭიროებს სარჩელის დასაშვებობის საპროცესო წინამძღვრები, რომლებიც საჯარო ინტერესის გამომხატველია. საჯარო ინტერესი იმაში პოულობს გამოვლინებას, რომ სარჩელს მხოლოდ მაშინ შეილება მოჰყვეს შედეგი, როდესაც ყველა საპროცესო წინამძღვარი სახეზეა. სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, აღნიშნული საკითხის მხარეთა მიერ დასმის მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში საპროცესო წანამძღვრებზე სასამართლოს არ უმსჯელია, ასეთი საკითხი არც მხარეების მიერ დასმულა. სასკ-ის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, აღნიშნულ საკითხზე ხსენებული მუხლის მე-6 ნაწილი ნაკლებად იმპერატიულია და ადგენს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება ან საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნოს საქმე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარკვევას საჭიროებს სასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობის სავალდებულო პირობა (აქტის არსებობა), რის გამო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.04.2021წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი