Facebook Twitter

№ბს-1069(გ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - ი. ს-ნ

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ს-ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის № MIA 8 23 02610397 ბრძანება.

სარჩელის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქე ი. ს-ნს უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოს საზღვრის კვეთაზე. უარის თქმის საფუძვლად სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: ი. ს-ნი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მრავალჯერ არის შემოსული საქართველოს ტერიორიაზე, არანაირი დაბრკოლება არ შექმნია და მის მიერ ამჯერადაც სრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს საბაჟოზე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მის მიმართ გამოიცა 2023 წლის 26 აგვისტოს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. როგორც 2023 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებაში, ასევე 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანებაში მოპასუხე არ ასაბუთებს თუ რა დარღვევის გამო ეთქვა მოსარჩელეს უარი საქართველოს საზღვრის კვეთაზე, რის გამოც აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ი. ს-ნის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-3 მუხლზე და განმარტა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 აგვისტოს №37 დადგენილებით ქალაქი ... წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს.

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) გამტარი პუნქტის ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც ი. ს-ნმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს ფაქტის ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) გამტარი პუნქტი, რომელიც მიეკუთვნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს. შესაბამისად, მოცემულ დავაზე განსჯადი სასამართლო არის ახალციხის რაიონული სასამართლო.

სასამართლოს მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას. ასევე, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი. ს-ნის სარჩელი მოპასუხის - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლოს დადგენა უნდა განხორციელდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულია განსჯადობის ზოგადი წესები და ამავე კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. დასახელებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და ცალსახად მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო. მოცემული სარჩელი მიზნად ისახავს ი. ს-ნისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ...ს 38. შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯადს წარმოადგენს სასამართლო მოპასუხის ადგილსამყოფლის (ქ. თბილისი) მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილებიდან (...) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას, მოცემული საქმის განსჯადობაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მომხდარი ფაქტის ადგილს, არამედ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. აქტი (2023 წლის 26 აგვისოს გადაწყვეტილება), რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი იქნა წარდგენილი, გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) მიერ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშავოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქართველოში დაშვება არ მოხდა ...ს სასაზღვრო პუნქტზე, არ ასაბუთებს დავის ახალციხის რაიონული სასამართლოსადმი კუთვნილებას, რადგან აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. საქალაქო სასამართლომ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსჯადობის საერთო წესს განსაზღვრავს და იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ტერიტორიულად განსჯად სასამართლოდ ასახელებს სასამართლოს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოპასუხე იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რამდენადაც მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს და სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. ამდენად, ერთმნიშნიშვნელოვნად დგინდება, რომ ი. ს-ნის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსავლაზე უარის თქმის შესახებ, რომელზეც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) მიერ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო. ამავე დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სამცხე-ჯავახეთის სამმართველო, ხოლო თავის მხრივ სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (...) („ვ.ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის განყოფილება, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მიხედვით, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო და მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები). შესაბამისად, პირველადი აქტის გასაჩივრების პირობებშიც მოპასუხეს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რადგანაც აღნიშნული აქტი გამოცემულია მისი სახელით, ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს-ნის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე