საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1067(გ-23) 3 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ჯ. ჭ-ე
მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ჭ-ემ 2022 წლის 27 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა - ჯ. ჭ-ემ, რომელიც გადაადგილდება ეტლით, განიზრახა პატიმრობაში მყოფი ოჯახის წევრის მონახულება №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში - ე.წ. „...ში“. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი, კანონის შესაბამისად, წინასწარ იყო დანიშნული, მან ვერ შეძლო დაწესებულებაში შესვლა და შვილის ნახვა, რადგან საპატიმრო დაწესებულებაში არ იყო ადაპტირებული გარემო, კერძოდ, არ იყო ეტლით სარგებლობისთვის განკუთვნილი ადგილი და ვერც შესაბამისი დახმარება მიიღო თანამშრომლებისგან. ამასთანავე, პროცედურული წესების მომიზეზებით, უარი ეთქვა მას დახმარების გაწევასა და უსაფრთხოდ გადაადგილებაში. უფრო მეტიც, მოსარჩელეს გადაადგილების ისეთი გზა შესთავაზეს, რაც სახიფათო იყო მისი ჯანმრთელობისთვის. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებენ, რომ საპატიმრო დაწესებულების ფიზიკური გარემო და პროცედურული წესები ჯ. ჭ-ეისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო მორგებული შშმ პირის - ეტლით მოსარგებლის საჭიროებებს. შესაბამისად, მას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, სხვა არა შშმ პირებისგან განსხვავებით, დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეეზღუდა პატიმრობაში მყოფი შვილის ნახვის უფლება. მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ მისი მეორე შვილიც დაკავებულია და სასჯელს იხდის გლდანის №... დაწესებულებაში, სადაც ასევე შშმ პირებისათვის მოუწესრიგებმად მოწყობილი გარემოა და ვერც იქ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად, თავისუფლად და სხვების თანასწორად შესვლას, თუმცა იქ გამონაკლისის სახით დაშვებულია მისი შესვლა პირადი დამხმარის მეშვეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვლისწინებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იგი მოპასუხის მხრიდან გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით და დაერღვა კანონის წინაშე თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, ასევე მოპასუხისათვის ჯ. ჭ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით ჯ. ჭ-ეის სარჩელი, მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი უკავშირდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილებას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სფეროში, კერძოდ, მსჯავრდებულთან პაემნის უფლებით მოსარგებლე პირის დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას, რაც რეგულირდება ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობით, პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები მოიცავდა საკითხს იმის შესახებ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ქმედებით ხომ არ მოხდა მოსარჩელის, როგორც მსჯავრდებულთან პაემნის უფლებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, რაც არ არის მოწესრიგებული სამოქალაქო კერძო სამართლით. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი არ მიეკუთვნებოდა სამოქალაქო დავათა კატეგორიას და განსჯადობით განსახილველად უნდა გადასცემოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა ჩამონათვალს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მითითებული ჩამონათვალის გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და აღნიშნულის გამო 3000 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე კი დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებაში (საქმე №ბს-224-223(გ-16) განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, „საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - თ.ჭ-ისათვის შენიშვნის გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 16 ოქტომბრის №16 ბრძანებისა და მისი გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 20 ოქტომბრის №41 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 1700 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, ვიანიდან მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კერძო-სამართლებრივია.
ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ჯ. ჭ-ეის სარჩელი - მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, უნდა განიხილოს უფლებამოსილმა სასამართლომ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ, დავის საგნობრივი განსჯადობის გათვალისწინებით, ჯ. ჭ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თუკი პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, იმავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამასთანავე, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და აღნიშნულის გამო დაწესებულებისათვის მის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა - ჯ. ჭ-ემ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი, კანონის შესაბამისად, წინასწარ იყო დანიშნული, ვერ შეძლო №... პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში - ე.წ. „...ში“ შესვლა და შვილის ნახვა, რადგან დაწესებულებაში არ იყო ადაპტირებული გარემო, კერძოდ, არ იყო ეტლით სარგებლობისთვის განკუთვნილი ადგილი და ვერც შესაბამისი დახმარება მიიღო თანამშრომლებისგან. მოსარჩელის მითითებით, საპატიმრო დაწესებულების ფიზიკური გარემო და პროცედურული წესები მისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის - ეტლით მოსაგებლის საჭიროებებს. შესაბამისად, მას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, სხვა არა შშმ პირებისგან განსხვავებით, დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეეზღუდა პატიმრობაში მყოფი შვილის ნახვის უფლება. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იგი მოპასუხის მხრიდან გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით და დაერღვა კანონის წინაშე თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
სარჩელის თანახმად, ჯ. ჭ-ეის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა განპირობებული იყო №... სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისა და ზოგადად სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, განსხვავებული მდგომარეობის უგულებელყოფით, რითაც შეეზღუდა შვილის ნახვის უფლება. ამ შეზღუდვას კი არა აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით ჯ. ჭ-ე უკანონოდ მიიჩნევს საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის და, ზოგადად, სისტემის ქმედებას, რის მოტივადაც მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ასახელებს. ამდენად, სარჩელის არსიდან გამომდინარე, შეფასების ძირითად საგანს სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დროს შესაძლო დისკრიმინაციის მოტივით განპირობებული უკანონო ქმედების შეფასება და შესაბამისად, მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. კერძოდ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოება რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ქმედებებზე (დაწესებულებაში შექმნილ არაადაპტირებულ გარემოზე, პერსონალური დამხმარის დაშვებასა და უსაფრთხო გადაადგილებაზე უარზე), რის საფუძვლადაც ასახელებს ადმინისტრაციის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას, აღნიშნულიდან გამომდინარე კი ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მორალური ზიანის დაკისრებას. დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი მოსარჩელეს დასმული აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებთან კავშირში. ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კი სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის მოტივით ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს, სადაც კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის საგანი უკავშირდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილებას - მოაწესრიგოს და დაარეგულიროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთან პაემნის უფლებით მოსარგებლე პირის შესვლა, რაც რეგულირდება ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ, პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით. ამდენად, ვინაიდან სარჩელის მიზანი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისადმი ადმინისტრაციული ორგანოს მოპყრობის დისკრიმინაციულობის დადგენაა, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა ადმინისტრაციული კატეგორიისაა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დავის განხილვისას გამოიყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის VII3 კარის დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ამ სახეობის დავების სპეციფიკას, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის სრულ კომპეტენციას, საქმის განხილვის პროცესში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ჭ-ეის სარჩელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. საქმე - ჯ. ჭ-ეის სარჩელისა გამო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე