Facebook Twitter

განცხადების განსჯადი სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ

საქმე №ბ-1514-6(ა-23) 08 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ შპს „უ...“

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა

მესამე პირები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კ. მ-ე

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „უ...მ“ 07.09.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის და თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა ...ის საკრებულოს 10.12.2003წ. №684 ცნობის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება. საქალაქო სასამართლოში 29.11.2017წ. დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დასახელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2017წ. განჩინებით შპს „უ...ს“ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩვრით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2018წ. განჩინებით შპს „უ...ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.12.2017წ. განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე - კ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2019წ. გადაწყვეტილებით, შპს „უ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „უ...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2021წ. განჩინებით, შპს „უ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „უ...მ“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით (საქმე №ბს-1028(კ-22)) შპს „უ...ს“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 30.11.2021წ. განჩინება.

საკასაციო სასამართლოს 31.10.2023წ. განცხადებით მომართა შპს „უ...ს“ დირექტორმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შპს „უ...ს“ განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „უ...ს“ განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რადგან შპს „უ...ს“ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებითად იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლომ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და შპს „უ...ს“ საჩივრებზე იმსჯელეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც, თუმცა მათ არ შეუცვლიათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შპს „უ...ს“ უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიისათვის, ანუ სასამართლოსთვის, რომელმაც არსებითად იმსჯელა განსახილველ საკითხებზე და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „უ...ს“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი