Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-715(კ-23) 9 ნოემბერი, 2023 წელი

ქ .თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ფ.ა.რ.ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ფ.ა.რ.ჯ-მა 2020 წლის 16 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, „მოსარჩელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000701151 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ფ.ა.რ.ჯ-ისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა პრიორიტეტულია, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება გამოკვლეული/დასაბუთებული. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ქ.ჩ-სთან, მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუს მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ.ა.რ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ.ა.რ.ჯ-ი 2017 წლის 15 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ქ.ჩ-სთან და მათ ჰყავთ 2 შვილი, ლ.ფ.ა.რ. ჯ-ი ჩ-ე და ა.ფ. ჯ-ი ჩ-ე.

ფ.ა.რ.ჯ-ს საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ...ის ქ. №43-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება.

ამასთან, დადგენილია, რომ ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მიერ, 09.10.2013 წლიდან 08.10.2018 წლამდე ფ.ა.რ.ჯ-ის (თავშესაფრის მაძიებლის) სახელზე გაიცა პალესტინელ ლტოლვილთა სამგზავრო დოკუმენტი, ხოლო 2018 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 15 აგვისტომდე, ასევე, 2019 წლის 15 აგვისტოდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები.

ფ.ა.რ.ჯ-მა 2020 წლის 20 იანვარს გაცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა, ეცნობებინა-არსებობდა თუ არა ფ.ა.რ.ჯ-ისათვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის ინფორმაციის თანახმად, ფ.ა.რ. ჯ-ზე დეპარტამენტს ინფორმაცია არ მოეპოვება.

ქალაქ ...ში საქართველოს საელჩოს 2020 წლის 20 ივლისის №24895-32 წერილით საქართველოს საგარეო სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ფ.ა.რ.ჯ-ი არ არის იორდანიის მოქალაქე, არ აქვს პირადი ნომერი და მასზე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის სამოქალაქო დოკუმენტი.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით დგინდება, რომ ფ.ა.რ.ჯ-ს არ არის საუდის არაბეთის მოქალაქე.

საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 20 00087468 წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ფ.ა.რ.ჯ-ისთვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონის სტატუსის მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამრიგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000701151 გადაწყვეტილებით ფ.ა.რ. ჯ-ის უარი ეთქვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე მითითებით აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლომ უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი.

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 20 00087468 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად დაედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არც ერთი მხარის მიერ არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სამართალდაცვითი მიზნებისათვის. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილების „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებით დასაბუთება შეესაბამებოდა კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ფ.ა.რ.ჯ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინებით ფ.ა.რ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ.ა.რ.ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობასა და დასაბუთებას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკვანძო საკითხზე, როგორიცაა კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს რა საჯარო და კერძო ინტერესი დაუპირისპირდა ერთმანეთს და რატომ გადაწყდა საკითხი ერთ-ერთის სასარგებლოდ. ამასთან, მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ოჯახის ერთიანობის პრინციპთან მიმართებით. გასათვალისწინებელია, რომ კასატორი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქესთან, რომელთანაც ჰყავს საქართველოს მოქალაქე საერთო შვილები.

კასატორის მითითებით, განსახილველი დავის საგნის მსგავს საკითხებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ გადაწყვეტილებაში იმსჯელა და არაერთხელ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელს/თავშესაფრის მაძიებელს ემუქრება გაძევება იმ მოტივით, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და აღნიშნულ პირს ან მის წარმომადგენელს არ აქვს წვდომა ამ დოკუმენტზე, სახეზეა სხვა უფლებასთან ერთად კონვენციის 13-ე მუხლის დარღვევა, რომლის მიხედვით, ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. კასატორმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა შემდეგ გადაწყვეტილებებზე: regner v czech republic, Lupsa v. Romania, Ljatifi v. The Former Yugoslav Republic of Macedonia. კასატორმა აღნიშნულის გათვალისწინებით სადავოდ გახადა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 20 00087468 წერილის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით ფ.ა.რ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ფ.ა.რ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.ა.რ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2020 წლის 20 იანვარს ფ.ა.რ.ჯ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 21 იანვარს წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა, ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ფ.ა.რ.ჯ-ისათვის მოქალაქეობის არმქონის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 20 00087468 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ფ.ა.რ.ჯ-ისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება. ამრიგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 20 ოქტომბრის №1000701151 გადაწყვეტილებით ფ.ა.რ. ჯ-ს უარი ეთქვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 20 ივლისის SSG 2 20 00087468 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში შესაფასებელია მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დასადგენად განმცხადებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შემოწმება პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2023 წლის 19 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დამატებით მიმართა განჩინებით და გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც დაედო საფუძვლად ფ.ა.რ.ჯ-ისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზანშეუწონლად მიჩნევას.

გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო აქტი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, სრულად ვერ აქარწყლებს და პასუხობს კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, მისი ოჯახის ერთიანობის და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას ამოწმებს არა ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ქ.ჩ-სთან და მათ ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი, ლ.ფ.ა.რ.ჯ-ი ჩ-ე და ა.ფ.ჯ- ჩ-ე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის და სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს, დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედოს ფაქტობრივი გარემოება/მტკიცებულება, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მხარეთა აქტიური მონაწილეობით სათანადო წესით არ ყოფილა გამოკვლეული და რომელთან დაკავშირებითაც მხარეებს არ მისცემიათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ მხედველობაში არ მიუღია და არ გაუთვალისწინებია მოსარჩელის მეუღლისა და არასრულწლოვანი ორი შვილის არსებობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც აპელანტი პირდაპირ მიუთითებდა, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე სააპელაციო საჩივარში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ერთმანეთთან არ შეუპირისპირებია, ერთი მხრივ, მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნებისათვის მოსარჩელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის აუცილებლობა. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ დღევანდელი მოცემულობით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და მის მეუღლეს ჰყავთ არასრულწლოვანი საერთო შვილები, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში და არიან საქართველოს მოქალაქეები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყველა მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიიღოს, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში თანაზომიერი და აუცილებელი ჩარევის კანონიერად მიჩნევას, ხოლო მეორე შემთხვევაში მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის არათანაზომიერად/არააუცილებელ ღონისძიებად მიჩნევას (Jeunesse v. The Netherlands, დიდი პალატა, №12738/10, 3 ოქტომბერი, 2014წ. ; Liu v. Russia №42086/05, 6 დეკემბერი, 2007წ. ; Nunez v. Norway, №55597/09, 28 ივნისი, 2011წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლომ ხელახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, მოსარჩელის ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებისა და ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის პრინციპის ურთიერთშეპირისპირების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა და მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის

სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმეზე №ბს-474(კ-20), რითაც, კონკრეტულ შემთხვევაში, იხელმძღვანელა საკასაციო პალატამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ფ.ა.რ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე