Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-682(2კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. წ-ე

მესამე პირები - მ. კ-ა, ნ. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. წ-ემ 2019 წლის 1 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ საბოლოოდ მოითხოვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებისა და გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე - ქ. თბილისში, ...ის დასახლება, ... მ/რ., მე-... კორპუსი, ბინა №79-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. კ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მ. კ-ა და ნ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ნ. მ-ემ.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ 2008 წლის 21 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯაროსამართლებრივი რეგისტრაციის სამსახურში წარდგენილ იქნა შეზღუდვებისა და უფლებების ... სარეგისტრაციო განცხადება და მოთხოვნილ იქნა მ. კ-ას სახელზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 68 კვ.მ უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაცია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ივლისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ყადაღა.

2018 წლის 16 აპრილს საჯაროსამართლებრივი შეზღუდვებისა რეგისტრაციის სამსახურს წარედგინა მ. კ-ას წარმომადგენლის კ. ბ-ას №... განცხადება ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ყადაღის შეწყვეტის მოთხოვნით. რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის (საქმე 1/4135-08) 2009 წლის 22 ივნისის განაჩენი, რომლის სარეზოლუციო ნაწილით, მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმეზე, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ყადაღა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის წლის 4 მაისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს განცხადებით მიმართა ნ. მ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნულ ქონებაზე მ. კ-ასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც 04.05.2018 წლის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნ. მ-ეის საკუთრების უფლება.

2019 წლის 19 სექტემბერს ნ. წ-ემ №425544/17 და №425124/17 ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ №... (04.05.2018) გადაწყვეტილებისა და ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ №... (17.04.2018) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

ზემოაღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, 2019 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ რეგისტრაციის შესახებ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

კასატორი მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის განაჩენი (საქმე 1/4135-08), რომელიც ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრულ სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა იმისათვის, რომ მარეგისტრირებელ ადმინისტრაციულ ორგანოს მიეღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც გაუქმდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა მ. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ...ის დასახლება, ...ი მ/რ, მე-... კორპუსი, ბინა №79-ში.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ და შესაბამისად, არც სააპელაციო პალატამ, მიუხედავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის მე-10 მუხლის დანაწესისა, არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია, რომ უძრავ ნივთზე ყადაღის შეწყვეტის საფუძველი გახდა 2009 წლის 22 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ჩანაწერი - „იგი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, რომლის საფუძველზეც სააგენტომ მიიჩნია, რომ განაჩენი ძალაში შევიდა მისი გამოცხადების დღეს. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული გარემოებები, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, ნ. მ-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილების კანონიერება, რის შესაფასებლად მნიშვნელოვანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის განაჩენის კანონიერ ძალში შესვლის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი აღსრულების საკითხის კანონშესაბამისობის გარკვევა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და მასზე არსებული შეზღუდვების, მათ შორის, ყადაღის ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლებისა თუ შეზღუდვის რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ...ის დასახლება, ...ი მ/რ, მე-... კორპუსი, ბინა №79-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ივლისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე, 2008 წლის 21 ივლისის №.../3 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ყადაღა. ისიც დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე ყადაღის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა 2009 წლის 22 ივნისის განაჩენი, რომლის თანახმად, მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა შემდეგი: სისხლის სამართლის საქმეზე, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისში, ...ის დასახლება, ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა 79-ზე, 2008 წლის 19 ივლისს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დადებული ყადაღა გაუქმებულ იქნეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. მარეგისტრირებელმა ორგანომ, განაჩენის გამოტანისას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 517-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი გასაჩივრების წესის მიუხედავად, ყურადღება გაამახვილა განაჩენში სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ჩანაწერზე - „იგი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“, და მიიჩნია, რომ განაჩენი ძალაში შევიდა მისი გამოცხადების დღეს, მათ შორის ყადაღის გაუქმების ნაწილშიც.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 22 ივნისს განაჩენი დადგენილი იქნა 2010 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. საგულისხმოა ისიც, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის მიერ წარდგენილი იყო სამოქალაქო სარჩელი, შესაბამისად უძრავ ქონებაზე ყადაღა გამოყენებულ იქნა სწორედ სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და საბოლოოდ, 2009 წლის 22 ივნისის განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და სამოქალაქო მოპასუხეებს: მ. კ-ას და ვ. კ-ას დაეკისრათ სამოქალაქო მოსარჩელე ნ. წ-ეის სასარგებლოდ 70 000 (სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განაჩენი დადგენილი იქნა ბრალდებულთა დაუსწრებლად, ვინაიდან იმყოფებოდნენ მიმალვაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2010 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგებოდა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარედგინა სამოქალაქო სარჩელი. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო სარჩელს განიხილავდა და გადაწყვეტდა სასამართლო, რომლის განსჯადიც იყო სისხლის სამართლის საქმე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონებას ყადაღა ედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე. ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდებოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილებული სარჩელის აღსრულებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესებს უკავშირებდა, სწორედ ამიტომაც სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის გაუქმება დაუკავშირა ამ მიმართებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და არა განაჩენის გამოტანას.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი სამოქალაქო სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე ადგილი არ ჰქონია გამამტყუნებელი განაჩენის აღსასრულებლად მიქცევას (სსსკ-ის 604.1 მუხლის თანახმად, განაჩენის, განჩინების ან დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ევალება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განკარგულებას მოსამართლე (სასამართლო) სასამართლო გადაწყვეტილების ასლებთან ერთად უგზავნის განაჩენის აღმსრულებელ ორგანოს), რაც პირდაპირ კავშირშია განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტთან, მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისა და მ. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების საფუძველი.

საქმეში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტის 2020 წლის 2 სექტემბრის წერილით ასევე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის №1/4138-09 საქმეზე მიღებული განაჩენი არ არის ძალაში შესული. მითითებული განმარტება ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. როგორც უდავოდ დადგენილია, ამ განაჩენით მსჯავრდებულ პირებს გააჩნიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ივნისის განაჩენის მათ შორის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, შესაბამისად ამ ნაწილში განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ კასატორის განმარტება უსაფუძვლოა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნორმის ჩანაწერი მითითებული იყო განაჩენში, რაც ყურადღების მიღმა დატოვა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კასატორს საკასაციო საჩივარზე 29.06.2022წ. №39113 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ202238621) დაუბრუნდეს 29.06.2022 წ. №39113 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა