საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-77(კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „გ...“
თავდაპირველი მოპასუხეები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
მესამე პირი - შპს „ლ...“ , სსიპ ქონების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა 2018 წლის 6 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 3 ივლისს გამოცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა და მასზე განთავსებული შენიშვნის არაკანონიერად მიჩნევა, იმ მოტივით, რომ შპს „ქ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში მოქცეული 227.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი და ავტოსახელოსნო, მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, 1994 წლის 31 დეკემბრამდე, თბილისის ტექბიუროს არქივში აღრიცხული იყო შპს ,,გ...ს“ სახელზე; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 აპრილის №10-01191081017 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ლ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 აპრილის №10-01191081017 წერილი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი); ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა შპს „გ...ს“ მიერ 2018 წლის 21 მაისს წარდგენილი №19/0118141967-01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 8 თებერვლის №03.46.204 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა სს „ქ...ის“ თხოვნა და დაუმაგრდა მას ...ში კინოთეატრის მიერ დაკავებული და მიმდებარე მიწის ნაკვეთი შენობის გაფართოება-რეკონსტრუქციისათვის. ამავე დადგენილებაში ასევე მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ.
ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა 1996 წლის 3 ივლისის და 1996 წლის 2 აპრილის გეგმა, რომელთა შენიშვნაში მითითებულია, რომ „სააქციო საზოგადოება ქ...მა“ უნდა აუნაზღაუროს შენობა-ნაგებობის ღირებულება ავტოსადგომის მფლობელს.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 25 ივლისის №ა/წ-393 ბრძანებით, დაკმაყოფილდა შპს „ქ...ი უძრავი ქონების“ მოთხოვნა და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის 03.04.1996 წლის გეგმაზე დატანილი შენიშვნა ჩაითვალა ბათილად.
2018 წლის 21 მაისს შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით (რეგ. №19/0118141967-01) და მოითხოვა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული 1996 წლის 03 ივლისის მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, სადაც 227 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ექცეოდა შპს „ქ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №10-01191081017 წერილით შპს „გ...ს“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი №19/0118141967-01 ადმინისტრაციული საჩივარი დაუბრუნდა უკან თანდართულ მასალებთან ერთად.
წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით შპს „გ...ს“ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 18 აპრილის №10-01191081017 წერილის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც შპს „გ...ს“ წარმომადგენელს განემარტა, რომ შპს „გ...ს“ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული 227 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 8 თებერვლის №03.46.204 დადგენილების საფუძველზე მომზადებული გეგმის მიხედვით მოექცა შპს „ქ...ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში, რომლის კანონიერების შესწავლაც სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს წარმოადგენდა, ცალკე აღებული მიწის ნაკვთის გეგმა კი ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, სადავო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №10-01191081017 წერილი არ შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რამეთუ მითითებული წერილი იყო ინფორმაციული ხასიათის არის.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, შესაფასებელი იყო ასევე დავის მიმართ მხარის იურიდიული ინტერესი, რამდენადაც, იმ პირობებში, როდესაც მხარე სადავოდ არ ხდიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 8 თებერვლის №03.46.204 დადგენილებას და ამასთან, სახეზე იყო ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 25 ივლისის №ა/წ-393 ბრძანება, რომელიც მხარეს ასევე არ გაუხდია სადავოდ, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იყო დაუსაბუთებელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, კასატორი ითხოვს აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1989 წელს ქ.თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №08.171 გადაწყვეტილებით შეიქმნა შრომითი კოოპერატივები, მათ შორის ,,მ...’’. რაისაბჭოს აღმასკომში რეგისტრაციით, საყოფაცხოვრებო მომსახურების კოოპერატივი ,,მ...“ ჩამოყალიბდა მოქალაქეთა ინიციატივით და განთავსდა კინოთეატრ ,,...ის’’ უკან თავისუფალ ადგილზე. კოოპერატივის ძირითად ფუნქციად განისაზღვრა ფასიანი ავტოსადგომის მოწყობა, ავტომანქანის ხელით რეცხვა, ,,შეზეთვა“, ,,ნაწილების წვრილმანი რემონტი“, მგზავრის მიყვანა ავტოვაგზლიდან აეროვაგზალზე.
კოოპერატივი ,,მ...“ გარდაიქმნა და შეიქმნა შპს ,,გ...“ (დირექტორი გ. გ-იი). 1998 წლის 18 ივნისს გაიცა საქართველოს საგადასახადო ინსპექციის სერტიფიკატი №.... შენობის ტექნიკური პასპორტის მიხედვით, 17.10.2001 წელს შპს ,,გ...ს“ სახელზე აღრიცხულია ...ში, კინოთეატრი ,,...ის“ მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობა - ერთსართულიანი ლიტ ,,1“ 155.00 კვ.მეტრი და ლიტ ,,ბ“ - დამხმარე შენობა 9.00კვ.მეტრი.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 08 თებერვლის №03.46.204 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა სააქციო საზოგადოება ,,ქ...ის’’ თხოვნა და დაუმაგრდა ...ში კინოთეატრის მიერ დაკავებული და მიმდებარე მიწის ნაკვეთი შენობის გაფართოება რეკონსტრუქციისათვის. მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტებულიყო გენგეგმის შედგენის შემდეგ.
ქ.თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 02 აპრილს და 1996 წლის 03 ივლისს მომზადდა ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ...ში კინოთეატრის მიერ დაკავებული და მიმდებარე მიწის ნაკვეთის გეგმა (მასშტაბი 1:500, მიწის ნაკვეთის ფართობი 1,64 ჰა), რომელთა შენიშვნაში მითითებულია, რომ სააქციო საზოგადოება ,,ქ...მა’’ უნდა აუნაზღაუროს შენობა-ნაგებობების ღირებულება ავტოსადგომის მფლობელს.
ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 25 ივლისის №ა/წ-393 ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ,,ქ...ის“ მოთხოვნა და ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის 03.04.1996 წლის გეგმაზე დატანილი შენიშვნა ჩაითვალა ბათილად.
მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს ,,თ...ის’’ 2005 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, ლ. ღ-ა ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ...ში ყოფილი კინოთეატრი ,,...ის“ შემძენად და მესაკუთრედ 02.02.05 წლიდან, მხარეთა შორის 1995 წლის 31 მარტის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. ლ. ღ-ა ცნობილი იქნა ქ.თბილისში ...ში ყოფილი კინოთეატრი ,,...ის“ მიერ დაკავებულ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 03.04.1996 წელს დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმით განსაზღვრულ საზღვრებში მოქცეული საკადასტრო აზომვების საფუძველზე დადგენილი დაახლოებით 1.9 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელად და მოსარგებლედ იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელ ფარგლებშიც იგი ეკუთვნოდა კინოთეატრის ძველ მესაკუთრეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა განეხორციელებინა ლ. ღ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.თბილისში, ..., კინოთეატრ ,,...ის“ შენობა-ნაგებობაზე და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (2005 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით), უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, სამგორი, ..., ფართობით 18923,00 კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი: №..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ღ-ას სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წლის 08 თებერვლის №03.46.204 დადგენილება, ქ.თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 3ივლისს გამოცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, ქ.თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წელს გაცემული ტექნიკური პასპორტი, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს ,,თ...ის’’ 2005 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და 2005 წლის 9აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (2018 წლის 10 იანვრის მდგომარეობით) თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს 2014 წლის 30 დეკემბრიდან წარმოადგენს შპს ,,ლ...’’.
შპს ,,გ...ს“ დირექტორმა გ. გ-იმა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს ,,ქ...ისთვის’’ მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმასთან დაკავშირებით წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი იმ მოტივით, რომ აღნიშნულ გეგმაში უკანონოდ მოქცეული იყო შპს,,გ...ს“ საკუთრების ნაწილი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019წლის 18 აპრილის №10-01191081017 წერილით შპს ,,გ...ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა არსებითად განხილული და დაუბრუნდა უკან.
აღნიშნული წერილით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ ვინაიდან ხსენებული გეგმის დამუშავების/მომზადების სამართლებრივ საფუძველი იყო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 08 თებერვლის №03.46.204 დადგენილება, რომლის კანონიერების შესწავლაც სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს წარმოადგენდა, ცალკე აღებული მიწის ნაკვეთის გეგმა ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ქ.თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 3 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმის კანონიერების საკითხზე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 18 აპრილს და 2018 წლის 21 მაისს წარდგენილ №№20/01181083384-01 და №19/0118141967-01 ადმინისტრაციულ საჩივრებს თანდართულ მასალებთან ერთად, უბრუნებდა უკან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დეფინიციაზე მითითებით განმარტავს, რომ „შინაარსის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის ან წყვეტს ადმინისტრაციულ ორგანოსა და ადრესატს შორის სამართლებრივ ურთიერთობა; ბ) აქტი, რომელიც ადასტურებს ადმინისტრაციულ ორგანოსა და ადრესატს შორის სამართლებრივი ურთიერთობის (ადრესატის ან მესამე პირის მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ან ნეგატიური ვალდებულების) არსებობა-არარსებობას. პირველ შემთხვევაში, აქტი ადგენს „მოთხოვნას“ ან „უფლებას“ (მაგ. ჯარიმის გადახდის დავალება ან მშენებლობის ნებართვის გაცემა), ხოლო მეორე შემთხვევაში - ადრესატის (სუბიექტის ან საგნის) „სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებას“ (მაგ. პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის განსაზღვრა და ა.შ.). თვისების სამართლებრივი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ თვისების არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული თუ რა სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება ადრესატის მიმართ. ..... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემულად მიჩნევის საკითხი დამოკიდებულია არა ადმინისტრაციული ორგანოსა და ადრესატის სუბიექტურ მოსაზრებებზე, არამედ ობიექტურ გარემოებაზე - განსაზღვრულ შემთხვევებში მხარეთა საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების ცალმხრივად მოწესრიგებაზე. აღნიშნულ საკითხს, საჯარო მმართველობის განხორციელების ეტაპზე, აფასებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო სასამართლო წარმოების დროს სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების სისწორეს“ (სუსგ 31.03.2023 წ. საქმე №ბს-180(კ-19)).
მოცემულ შემთხვევაში, ქ.თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 3 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმით ცალსახად დასტურდება, რომ იგი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირისაკენ არის მიმართული და ამ შემთხვევაში შეეხება არამხოლოდ შპს „ქ...ის“, არამედ შპს „გ...ს“ უფლებას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, სწორედ აღნიშნული გეგმა იყო ერთ-ერთი უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ღ-ას სახელზე, შესაბამისად, წითელ ხაზებში მოექცა სადავო 227.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ქ.თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 3 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმა არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ცალკე, დამოუკიდებლად მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, ვინაიდან სწორედ მითითებული გეგმის საფუძველზე დაზუსტდა და დარეგისტრირდა უძრავი ქონება კერძო პირის საკუთრებაში. შესაბამისად, ამავე გეგმის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, წარმოადგენს სწორედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს, კომპეტენციას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ წერილში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილზე, არარელევანტურია, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 08 თებერვლის №03.46.204 დადგენილება, არამედ ქ.თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 3 ივლისს მომზადებული მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა