Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-561(კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ი, შპს ,,ი...”

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 21 იანვარს მ. მ-ის და შპს „ი...-ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (29.10.2018), №... (08.11.2018) და №... (15.11.2018) გადაწყვეტილებების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მ. მ-ის და შპს „ი...-ის“ კუთვნილ მიწაზე, ცვლილების რეგისტრაციის დავალება, კერძოდ ამონაწერის დაზუსტება.

2019 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქმე განსჯადობით გაიგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის და შპს „ი...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის ... (29.10.2018),... (08.11.2018) და ... (15.11.2018) და საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და მოპასუხე მხარეს დაევალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს №3-100-18 გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, №... სარეგისტრაციო განცხადებით, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ...ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე 3690700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია მ. მ-ისა და შპს „ი...-ის“ თანასაკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ნასყიდობის ხელშეკრულება (№..., თარიღი: 20.09.2007 წ., ნოტარიუსი: ს. ხ-ა) და მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1116 (29.08.2007) ოქმი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №1116 (29.08.2007) ოქმის თანახმად, მ. მ-ის გადაეცა გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 369.07 ჰა საძოვარი და მასზე მდგომი საქონლის სადგომი შენობა-ნაგებობა. 2007 წლის 20 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №...) თანახმად, მ. მ-იმა გაყიდა და შპს „ი...-მა“ იყიდა მ. მ-ის საკუთრებაში არსებული 369.07 ჰა-დან - 7 ჰა (საკადასტრო კოდი ...; ნოტარიუსი: ს. ხ-ა).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის №16/18-1928 (29.05.2008 წ.) წერილის საფუძველზე, ამოღებულ იქნა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტების დედნები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 10 ნოემბრის №MIA 9 18 02748103 წერილის თანახმად, შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №089080019 საქმეზე, საქართველოს მოქალაქეების მ. მ-ის და დ. ლ-ას მიმართ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლო, ეყრდნობიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16-18-1928 წერილის საფუძველზე შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების საქმე, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად და ფუნდამენტურ საკუთრების უფლებას. ამასთანავე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისად, დაუშვებელია უკანონოდ შეიზღუდოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება.

სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით საქმეზე №3-100-18 გარდაბნის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა №089080019 სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16/18-1928 წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი მ. მ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული ასლები. მითითებული დოკუმენტაცია გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 18 ივნისს. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარებული აქვს რუსთავის იუსტიციის სახლის მეშვეობით 2018 წლის 25 ივნისს. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია საქმეში არსებული ის ფაქტობრივი და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელიც ფაქტობრივად გადაცემული ჰქონდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მეშვეობით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ მოუხდენია მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სწორი განმარტება. საკითხის სასამართლო შეფასებისას შემოიფარგლა ფორმალურად, გადაწყვეტილებაში გატარებულია კანონის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. კასატორის განმარტებით, გაუგებარია, მეტი რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება გაეკეთებინა ადმინისტრაციულ ორგანოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნილ უფლებასთან მიმართებაში, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში ნათლად არის ნამსჯელი და განმარტებული აღნიშნულის თაობაზე. გარდა ამისა, საინტერესოა რატომ არის პასუხისმგებელი მარეგისტრირებელი ორგანო განახორციელოს ცვლილების რეგისტრაცია იმ პირობებში, როცა საქმეში არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 10 ნოემბრის №9 18 02748103 წერილი, რომლის თანახმად, შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №089080019 საქმეზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ საერთოდ არ არის ყურადღება გამახვილებული საქმეში არსებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 10 ნოემბრის №9 18 02748103 წერილის შინაარსზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №089080019 საქმეზე, საქართველოს მოქალაქეების მ. მ-ის და დ. ლ-ას მიმართ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე.

როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლომ ისე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, თუმცა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის მიუხედავად, გადაწყვეტილების ტექსტი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, რა გარემოება არ იქნა შეფასებული.

კასატორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეში დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის ის, რომ შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მესაკუთრე განკარგავს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც.

ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. საგამოძიებო ორგანოდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც ცალსახად რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი ემსახურება როგორც უკანონო ქონების განკარგვის, ასევე მესამე პირის ინტერესების დაცვასაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა არა ზოგადად საკუთრების უფლების არსებობა, არამედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, შესაბამისად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ემსჯელა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რამდენად არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ტ.2. ს.ფ 441-454) საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შესახებ მოსარჩელის სარეგისტრაციო განაცხადზე, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე დავის განხილვისას დადგინდა, რომ 2007 წლის 28 სექტემბრიდან საჯარო რეესტრში მ. მ-ისა და შპს ,,ი...-ის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გარდაბანში, სოფელ ...ში მდებარე 3690700 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), 2007 წლის 29 აგვისტოს №1116 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმისა და 2007 წლის 20 სექტემბრის №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოცემულ საკადასტრო კოდზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16/18-1928 წერილის საფუძველზე, 2007 წლის 07 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით შეჩერებულია სარეგისტრაციო წარმოება. ასევე, დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 2008 წლის 29 მაისს დაიწყო გამოძიება მ. მ-ისა და დ. ლ-ას მიმართ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების მიზნით დამზადებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,180-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით. მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ მიმდინარეობს და შესაბამისად განაჩენიც არ დამდგარა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით საქმეზე №3-100-18 გარდაბნის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა №089080019 სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 2008 წლის 29 მაისის №16/18-1928 წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილი მ. მ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული ასლები. აღნიშნული დოკუმენტაცია გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 18 ივნისს. მითითებული დოკუმენტაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარებული აქვს რუსთავის იუსტიციის სახლის მეშვეობით 2018 წლის 25 ივნისს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია საქმეში არსებული ის ფაქტობრივი და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელიც ფაქტობრივად გადაცემული ჰქონდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ. აღნიშნული მასალებისა და ასევე შეჩერების საფუძვლად მითითებული გარემოების გამოკვლევა კი, საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 07.06.2022წ. №36910 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 07.06.2022წ. №36910 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა