საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-123(2კ-22) 11 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 ივნისს ე. გ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 მარტის დასკვნის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 მარტის №050-3 საგადასახადო მოთხოვნის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 15 მარტის №6505 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის №15509 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 03 მარტის N6505 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 09 მარტის დასკვნა; ბათილად იქნა ცნობილი (გაუქმდა) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 მარტის საგადასახადო მოთხოვნა N050-3; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის N15509 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, რაც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 23 დეკემბრის 053519 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა ფ.პ ე. გ-ის (ს/ნ ...) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის თანახმად, ე. გ-ეს 2008 წლის 6 ივნისს შეძენილი აქვს სასოფლო სამეურნეო მიწა 1520 კვ.მ 155 000 ლარად, რომელიც გაასხვისა 2008 წლის 12 ივნისს ტ. შ-ზე 200 000 ლარად, აღნიშნული ოპერაცია გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული. ამდენად, 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, ნამეტი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 26.12.2014 წლის 054228 ბრძანება და 0050-9 „საგადასახადო მოთხოვნა. კასატორთა მითითებით, საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელმა წარმოუდგინა სასამართლოს განაჩენი და განმარტა, რომ იგი არის თაღლითობის მსხვერპლი და მას აღნიშნული მიწის რეალიზაციით შემოსავალი არ მიუღია.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს განაჩენიდან გამომდინარე ვერ დგინდება, რომ ე. გ-ე არის თაღლითობის მსხვერპლი. სასამართლოს განაჩენით ირკვევა, რომ ე. გ-ის და - მ. გ-ე მიეცა პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით „შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.“. ვინაიდან სასამართლოს დადგენილების მიხედვით შემმოწმებელი ვერ ახდენს სარგებლის მიმღები პირების (ე. გ-ე, მ. გ-ე) შემოსავლის წილობრივ გადანაწილებას (მიწის რეალიზაციიდან) და ამასთანავე ბრალდებულის მ. გ-ის მიერ არ არის დაბეგრილი მიწის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 აპრილს N12583 ბრძანების შესაბამისად ფ/პ ე. გ-ეზე (ს/ნ ...) 2014 წლის 25 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
კასატორთა მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე 2-572/16) დადგენილია, რომ ლ. ა-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დანაშაულებრივი გზით. მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით ლ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირებისა და გასხვისების თაობაზე, საქმეზე ჩატარდა გამოძიება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნა მ. გ-ე. საქმის გამოძიებისას დაკითხული იქნენ მოწმეები, დაზარალებულები, ბრალდებულები, ასევე შემოწმებული იქნა მტკიცებულებები და მათი ანალიზით დადგენილი იქნა, რომ მ. გ-ემ გონიოს მიწების დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებისა და გასხვისების იდეა მიიღო მესამე პირისაგან. წინადადების მიღებისა და მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებელი ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ, ისინი ეძებდნენ კლიენტს, ვისზეც გაყიდდნენ მიწის ნაკვეთს. ასეთი კლიენტი იყო ტ. შ-ი. მას სურვილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის შეძენისა ამიტომაც დაინტერესდა მისი შეძენით. მან შეამოწმა მიწის ნაკვეთი, დაათვალიერა, შეამოწმა მისი უფლებრივი მდგომარეობა, გრუნტი შეამოწმებინა გეოლოგებს და გაურიგდა ფასზე და გადახდის პირობებზე. ამის შემდეგ მან გადაიხადა ნაკვეთის ღირებულება 270 000 აშშ დოლარი. განაჩენით გამოირიცხა ტ. შ-ის დანაშაულებრივი ურთიერთობა მ. გ-ესთან, და ასევე ე. გ-ესთან. განაჩენით დადგენილი იქნა, რომ ის საქმეში მხოლოდ მიწის ნაკვეთის რეალური მყიდველია. შესაბამისად, ტ. შ-ი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ შემძენად, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ე. გ-ეს რეალურად გადაუხადა თანხა, რითაც მოსარჩელემ მიიღო სარგებელი და ნამეტი თანხა არ დაბეგრა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ლ" ქვეპუნქტის თანახმად სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება ბჟს დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 23 დეკემბრის N53519 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მოსარჩელის შემოწმება, რის შედეგადაც 2014 წლის 25 დეკემბერს შედგა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის თანახმად, ე. გ-ემ 2008 წლის 6 ივნისს 155 000 ლარად შეიძინა 1520 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც გაასხვისა 2008 წლის 12 ივნისს ტ. შ-ზე 200 000 ლარად. აღნიშნული ოპერაცია არ იყო დეკლარირებული. ამდენად, 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, ნამეტი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2014 წლის 26 დეკემბრის №54228 ბრძანება და №050-9 „საგადასახადო მოთხოვნა“. ზემოხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 აპრილის №12583 ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და სხვა მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 აპრილის №12583 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 მარტის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 15 მარტის N6505 ბრძანება და N050-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, დაკისრებული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული აქტები კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის №15509 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა, ე. გ-ის მიერ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას საჭიროებს. საგადასახადო ორგანოების მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განაჩენი არ წარმოადგენდა გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით - მ. გ-ე (ე. გ-ის და) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სამ ეპიზოდში (ც. გ-ის, ლ. ა-ის და გ. ქ-ის). მ. გ-ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე 2- 387/15) დადგენილია, რომ ბათილად იქნა ცნობილი ლ. ა-სა (პ/ნ ...) და ე. გ-ეს (პ/ნ ...) შორის 2008 წლის 05 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე 2- 572/16) დადგენილია, რომ ლ. ა-ის საკუთრების უფლება, სადაო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დანაშაულებრივი გზით. მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით ლ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირებისა და გასხვისების თაობაზე, საქმეზე ჩატარდა გამოძიება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნა მ. გ-ე. ის ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. როგორც კ. ა-ისა და ლ. ც-ის მიმართ გამოძიებისას, ასევე მ. გ-ის საქმის გამოძიებისას დაკითხული იქნენ მოწმეები, დაზარალებულები, ბრალდებულები, ასევე შემოწმებული იქნა მტკიცებულებები და მათი ანალიზით დადგენილი იქნა, რომ მ. გ-ემ გონიოს მიწების დანაშაულებრივი გზით დარეგისტრირებისა და გასხვისების იდეა მიიღო კ. ა-ისაგან. წინადადების მიღებისა და მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებელი ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ, ისინი ეძებდნენ კლიენტს, ვისზეც გაყიდდნენ მიწის ნაკვეთს. ასეთი კლიენტი იყო ტ. შ-ი. მას სურვილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის შეძენისა ამიტომაც დაინტერესდა მისი შეძენით. მან შეამოწმა მიწის ნაკვეთი, დაათვალიერა, შეამოწმა მისი უფლებრივი მდგომარეობა, გრუნტი შეამოწმებინა გეოლოგებს და გაურიგდა ფასსა და გადახდის პირობებზე. ამის შემდეგ მან გადაიხადა ნაკვეთის ღირებულება 270 000 აშშ დოლარი. განაჩენით გამოირიცხა ტ. შ-ის დანაშაულებრივი ურთიერთობა მ. გ-ესთან, ლ. ც-ესთან და კ. ა-ესთან და ასევე ე. გ-ესთან. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ - შემოსავლების სამსახურში 2008 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, ლ. ა-სა და ე. გ-ეს წარდგენილი არ აქვთ. სასამართლომ განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით ლ. ა-ისა და ე. გ-ის მიერ სახელმწიფო კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისაკუთრება, გასხვისება და თანხის მიღება გამოძიებით არ დადგენილა, შესაბამისად მათ მიწის ნაკვეთი არ გაუყიდიათ და არც ფული არ მიუღიათ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურება ე. გ-ის მიერ შემოსავლის მიღება. ზემოთ დასახელებული სასამართლო აქტები ცალსახად მოწმობს. რომ უძრავი ქონების საფასური რეალურად არ მიუღია ე. გ-ეს. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მისთვის გადასახადის დაკისრება, ვინაიდან სახეზე არ არის გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია. ის გარემოება, რომ ტ. შ-ი ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენია და მან თანხა გადაიხადა, არ ადასტურებს ე. გ-ის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულია არა მოსარჩელე, არამედ მისი და - მ. გ-ე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის არასწორად გადანაწილებასთან დაკავშირებით სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება დაეკისრათ მოპასუხეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონმდებლობა ათავისუფლებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა