Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-205-529-05 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილის (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ახლაძეს,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ფ-ემ 1994წ. 2 ივნისს ერთი პირის საწარმო სავაჭრო-სამრეწველო კომაპნია «ა-ში» შეიტანა 16000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო თამასუქი, რომლითაც თამასუქის გამცემი ვალდებულებას იღებდა, 1994წ. 3 სექტემბერს მისთვის გადაეხადა 256000 აშშ დოლარი.

მ. ფ-ემ 1994წ. 1 მარტს სავაჭრო-სამრეწველო კომაპნია «ა-ში» შეიტანა 1000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო თამასუქი, რომლითაც 1994წ. 2 სექტემბერს მას კომპანია «ა-დან» უნდა მიეღო 1420 აშშ დოლარი.

ნ. ფ-ემ 1994წ. 11 აპრილს სავაჭრო-სამრეწველო კომაპნია «ა-ში» შეიტანა 500 აშშ დოლარი და სანაცვლოდ მიიღო თამასუქი, რომლის მიხედვით, მას 1994წ. 12 ივლისს უნდა მიეღო 595 აშშ დოლარი.

გ. ე-მა 1994წ. 9 მაისს სავაჭრო-სამრეწველო კომაპნია «ა-ში» შეიტანა 8000 აშშ დოლარი, რაზედაც მიიღო თამასუქი, რომლის საფუძველზეც 1994წ. 10 აგვისტოს უნდა მიეღო 9500 აშშ დოლარი. მანვე 1994წ. 11 ივლისს სავაჭრო-სამრეწველო კომპანია «ა-ში» შეიტანა 2000 აშშ დოლარი, რაზედაც მიიღო თამასუქი, რომლის მიხედვით, 1994წ. 12 იანვარს მას უნდა მიეღო 2420 აშშ დოლარი.

თ., მ. და ნ. ფ-ეებმა 1999წ. 9 მაისს, ხოლო გ. ე-მა _ 2000წ. 25 ივლისს სს «ა-2-ის”, როგორც სამრეწველო-სავაჭრო კომპანია «ა-ს» სამართალმემკვიდრის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხისაგან თამასუქით გათვალისწინებული თანხის და ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდა.

თ. ფ-ემ მოითხოვა საბოლოოდ თამასუქით გათვალისწინებული თანხის _ 25600 აშშ დოლარის და 75 თვეზე გაანგარიშებით ყოველთვიური 0,5%-ის, ანუ სულ 35200 აშშ დოლარის ანაზღაურება. მ. ფ-ემ მოითხოვა 1210 აშშ დოლარის 75 თვეზე გაანგარიშებით, ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით, სულ 4615 აშშ დოლარის გადახდა. ნ. ფ-ემ მოპასუხისაგან მოითხოვა თამასუქით განსაზღვრული 595 აშშ დოლარის 75 თვეზე გაანგარიშებით, ყოველთვიური 3%-ის, ანუ სულ 1934 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე გ. ე-მა მოპასუხე სს «ა-2-სგან» მოითხოვა ორ თამასუქში მითითებული თანხის და 75 თვეზე ყოველთვიური 1%-ის, ანუ სულ 23835 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სს «ა-2-მა» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა თ., მ. და ნ. ფ-ეებისა და გ. ე-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თანახმად სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 75-ე, მე-80 მუხლებისა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინების გამოტანისას სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, მე-80 მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეთა მოთხოვნები მიიჩნია ხანდაზმულად. ამასათან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი არიან მეანაბრეები და მათ მოთხოვნებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა და მიუთითა, რომ, მართალია, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹802 დადგენილების, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების შესაბამისად სამრეწველო კომპანიის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზოგადოებები, მაგრამ ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე თამასუქის მფლობელები კი არ გახდნენ მეანაბრეები, არამედ განისაზღვრა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შექმნის, კომპანიის სახსრების მოძიების და აღრიცხვის წესი. კომპანიის კრედიტორებს სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ გამხდარიყვნენ ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოებების აქციონერები. ამ უფლებით მოსარჩელეებს არ უსარგებლიათ და მათ უარი განაცხადეს გამხდარიყვნენ სს «ა-2-ის» აქციონერები.

2005წ. 18 თებერვალს თ., მ. და ნ. ფ-ეებისა და გ. ე-ის წარმომადგენელმა ე. დ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს. კასატორთა აზრით, საოლქო სასამართლომ ხანდაზმულობის ვადა ათვალა იმ დღიდან, რომლითაც ვალდებულება იყო დათარიღებული და არ გაითვალისწინა ვალდებულების შინაარსი, რომელიც ვალდებულების ძალაში შესვლის სულ სხვა თარიღს ადგენდა, კერძოდ, მართალია, სს «ა-2-მა» ვალდებულება აიღო 1995წ. 22 აგვისტოს, მაგრამ მისი ძალაში შესვლა დაუკავშირდა გარკვეული პირობების შესრულებას და დროში გაგრძელდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა მათ უარი საქმეზე მტკიცებულების დართვის შესახებ შუამდგომლობის დამაყოფილებაზე. საუბარია სს «ა-2-ის» განცხადებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი, სადაც სს «ა-2-მა» აღიარა თავისი ვალდებულებები მეანაბრეთა და თამასუქის მფლობელთა წინაშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ერთი პირის საწარმო სავაჭრო-სამრეწველო კომპანია «ა-ს» მიერ გაცემული თამასუქებით თ. ფ-ეს უნდა მიეღო 1994წ. 3 სექტემბერს 25600 აშშ დოლარი, გ. ე-ს _ პირველი თამასუქით 1994წ. 10 აგვისტოს 9520 აშშ დოლარი და მეორე თამასუქით 1995წ. 12 იანვარს _ 2420 აშშ დოლარი, ნ. ფ-ეს _ 1994წ. 12 ივლისს 595 აშშ დოლარი და მ. ფ-ეს _ 1994წ. 2 სექტემბერს 1210 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სასამართლოს 1995წ. 31 აგვისტოს დადგენილებით, სავაჭრო-სამრეწველო კომპანია «ა-ს» სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე სს «ა-2».

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი პრეტენზია კი კასატორებს არ წამოუყენებიათ.

სამოქალაქო სამართლის (1964წ. რედაქციით) კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა თანხების დაბრუნების მოთხოვნაზე დაიწყო 1994წ. 12 ივლისს, 10 აგვისტოს, 2 და 3 სექტემბერს, 1995წ. 12 იანვარს და ამოიწურა 1997წ. 12 ივლისს, 10 აგვისტოს, 2 და 3 სექტემბერს და 1998წ. 12 იანვარს, სარჩელები კი სასამართლოში წარდგენილ იქნა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სამიწ. შემდეგ _ 1999წ. 17 ივნისს და 2000წ. 25 ივლისს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნები არის ხანდაზმული.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელეთა მოსაზრების უსაფუძვლობაში იმის თაობაზე, რომ ისინი მეანაბრეებს წარმოადგენენ და მათზე არ უნდა გავრცელდეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. კასატორები თავიანთ თავს მეანაბრეებთან გათანაბრებულად თვლიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹802 დადგენილების, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების საფუძველზე, მაშინ, როცა ზემოთ მითითებულ დადგენილებას და ბრძანებულებას თამასუქის მფლობელები მეანაბრეებთან კი არ გაუთანაბრებია, არამედ დაადგინა სამრეწველო კომპანიების ბაზაზე სააქციო საზოგადოების შექმნის, საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის, კომპანიის სახსრების მოძიებისა და აღრიცხვის წესი, ასევე, ის, რომ კომპნიის კრედიტორთა სურვილის შესაბამისად მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოების აქციონერები.

არასწორია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სს «ა-2” 1995წ. 31 აგვისტოდან გახდა კომპანია «ა-ს” სამართალმემკვიდრე და იკისრა ვალდებულება თამასუქის ხელწერილის მქონე მოქალაქეების ვალის დაბრუნების შესახებ, იგი დღესაც ვალდებულია, დააბრუნოს ვალი და მათი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუნდაც სს «ა-2-ის” რეგისტრაციის მომენტიდან _ 1995წ. 31 აგვისტოდან დაიწყოს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია 1998წ. 31 აგვისტოს. კასატორებს კი სარჩელები შეტანილი აქვთ 1999წ. 17 ივნისს და 2000წ. 25 ივლისს, ანუ ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით.

რაც შეეხება კასატორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმეზე მტკიცებულების სახით უნდა დაერთო სს «ა-2-ის» განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი, საკასაციო პალატა ასეთ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. სსკ-ის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარუდგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მათ აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა არ შეეძლოთ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ., მ. და ნ. ფ-ეებისა და გ. ე-ის წარმომადგენელ ე. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 დეკემბრის განჩინება.

კასატორებს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, კერძოდ, თ. ფ-ეს _ 1408 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მ. ფ-ეს _ 184 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ. ფ-ეს _ 77 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო გ. ე-ს _ 953 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.