განჩინება
¹ას-207-551-05 16 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოება გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. მ-ის სარჩელი და ა.გ-ეს დაეკისრა 9906 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყდა იპოთეკით დატვირთული ა.გ-ის ბინის, მდებარე თბილისში, ... ქ. ¹37/26-ში საჯარო გაყიდვა.
ა. გ-ემ 2004წ. 22 აპრილს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელმა მიუთითა ხელწერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ გ.მ-ეს ა.გ-ისაგან მიღებული აქვს 1200 აშშ დოლარი და განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საქმე ნაწილობრივ მის სასარგებლოდ გადაწყდებიდა ეს ხელწერილი საქმის განხილვის დროს რომ წარედგინა სასამართლოში. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სესხისთვის გადახდილი პროცენტის მიღების თაობაზე თუ არსებობდა გ.მ-ის ხელწერილი. ხელწერილის არსებობის შესახებ მან შეიტყო თ.ცხვედიანისაგან, რომლის მეშვეობითაც გ.მ-ეს უგზავნიდა სესხისათვის გათვალისწინებულ პროცენტს.
განცხადების განხილვის პროცესში მხარეები მორიგდნენ, მაგრამ სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე, მორიგების აქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ 6700 აშშ დოლარის გადახდაზე. 5500 აშშ დოლარი მორიგების აქტის შედგენისთანავე (2004 წ. 10 მაისი) გადაეცა, ხოლო დარჩენილი 1200 აშშ დოლარი ა.გ-ეს უნდა გადაეხადა 2004წ. 10 ივლისამდე. გ. გ-ემ უარი განაცხადა პროცენტის - 1206 აშშ დოლარისა და ბინის - 2000 აშშ დოლარის მიღებაზე.
ვინაიდან 2004წ. 10 ივლისამდე ა.გ-ემ არ გადაიხადა 1200 აშშ დოლარი, საქმის (განცხადების) განხილვა გაგრძელდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ივლისის განჩინებით განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ა. გ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ წარდგენილი ხელწერილი, 1200 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, არ გამოიკვლია და ისე უთხრა უარი განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 423-ე მუხლის „ვ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება - 2004წ. 10 მაისს 5500 აშშ დოლარის გადახდა _ არ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან მას ადგილი არ ჰქონდა გადაწყვეტილების გამოტანის დროს. მოწმეთა ჩვენებებზე მითითება სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად. პალატამ მიუთითა, რომ განცხადების, თანდართული ხელწერილის ნამდვილობის 1200 აშშ დოლარის გ.მ-ეზე გადაცემის თაობაზე, თვით აპელანტის წარმომადგენელი უარყოფს, ამიტომ იგი არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანაა.გ-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ შეფასება არ მისცა ხელწერილს, რომელიც ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია განმცხადებელმა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტს აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობაში ეჭვი არ შეუტანია აპელანტის მხრიდან. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა დაემტკიცებინა მორიგების აქტი, რომელიც მხარეებმა წარუდგინეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. უდავოა, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა გ.მ-ის ხელწერილს 1200 აშშ დოლარის მიღების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად არასწორად მიიჩნია 5500 აშშ დოლარის გადახდის 2004წ. 10 მაისის ხელწერილი. ამასთან, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა თვით აპელანტმა დააყენა ეჭვქვეშ იმ ხელწერილის ნამდვილობა, რომლითაც საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, აპელანტი მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას ან მორიგების აქტის დამტკიცებას. მიუთითებდა, რომ 1200 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, გარდა ხელწერილისა, დაადასტურებდნენ მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაკითხა.
სსკ-ის 222-ე მუხლით სასამართლოს უფლება აქვს მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ეს უფლება არ გამოიყენა და არ გამოირკვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე როგორც სამართლებრივი საფუძვლები, ისე ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაემტკიცებინა მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი 2004წ. 10 მაისის მორიგების აქტი. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მორიგების აქტი უნდა დაემტკიცებინა იმ სასამართლოს, სადაც იგი წარდგენილ იქნა. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.