Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1097(კ-22) 11 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს.ნ-ი

მესამე პირები - ა.ხ-ი, მ.ხ-ი, მ.მ-ი, გ.თ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილი განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს.ნ-მა 2019 წლის 29 ნოემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა.ხ-ი, მ.ხ-ი, მ.მ-ი, გ.თ-ა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2011 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საკითხის ხელახლა განხილვისას მითითებულ მიწის ნაკვეთზე სისტემური რეგისტრაციით და ფაქტობრივი მდგომარეობით გათვალისწინებული მესამე პირების საკუთრების უფლების არსებობის, მისი კონფიგურაციისა და საზღვრების, სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესწავლა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ ახალი აქტის მიღება დაევალა. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო რეგისტრაცია განახორციელა მხოლოდ ა.ხ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რაც სასამართლოს შეფასებით, იძლევა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობისა და გარემოებების ხელახლა მოკვლევის საფუძველს. კასატორის მითითებით, ... საკადასტრო კოდით ა. და მ. ხ-ების თანასაკუთრების უფლება დარეგისტრირდა არამარტო საკადასტრო აზომვითი ნახაზის, არამედ N... საარქივო ცნობის საფუძველზე. ამდენად, სააგენტოში წარდგენილი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა მამკვიდრებლის (ს.ნ-ის) უფლებას სადავო უძრავ ნივთზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, ა. და მ. ხ-ების თანასაკუთრება დარეგისტრირდა 2011 წლის 24 მარტს, მაშინ, როდესაც ს.ნ-ის საკუთრება დარეგისტრირდა 2016 წლის 30 აგვისტოს, შესაბამისად, მესამე პირების საკუთრების რეგისტრაციის ეტაპზე არ არსებობდა ზედდება ს.ნ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან. ამდენად, არ გამოვლინდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

კასატორი აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელე ს.ნ-მა თავდაპირველი რეგისტრაციის დროს (№... (30.08.2016)) წარადგინა სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი გრაფიკული მონაცემებისგან განსხვავებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ამდენად, ს.ნ-ს თავდაპირველად არ გამოუთქვამს პრეტენზია სადავო ტერიტორიაზე. კასატორის მითითებით, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და უარის თქმის საფუძვლები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობის გაზიარების პირობებში, 2016 წლის 1 აგვისტომდე („სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე) განხორციელებული ასიათასობით რეგისტრაცია უნდა გადაისინჯოს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს დაუსაბუთებელ მსჯელობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ს.ნ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ხოლო ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც მიუთითებს სასამართლო, არის საჯარო რეესტრში დაცული დაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი გრაფიკული მონაცემი, რომელიც არ იძლევა მყარ საფუძველს სადავო უძრავი ქონების მდებარეობის დადგენის კუთხით. კასატორის მითითებით, წლების განმავლობაში საჯარო რეესტრში მიმდინარე სარეგისტრაციო პრაქტიკამ და დაგროვილმა გამოცდილებამ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზმა დაადასტურა, რომ ე.წ. ყვითელ ფენაში არსებული უძრავი ნივთების გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, საზღვრები, ფართობი) მცდარია. ამასთან, გაუგებარი და ბუნდოვანია სასამართლოს არგუმენტაცია საკითხის ხელახალ გამოკვლევასა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონება ( ... საკადასტრო კოდი) ნასყიდობის ხელშეკრულების (კანონიერ ძალაში მყოფი სარეგისტრაციო დოკუმენტის) საფუძველზე, რეგისტრირებულია გ.თ-ას საკუთრების უფლებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2011 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას საჭიროებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ პირობებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეამოწმებს მხოლოდ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლიანობის თვალსაზრისით.

საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი, რომ 2011 წლის 18 მარტს ა.ხ-მა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 306 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას ერთოდა 2011 წლის 07 მარტის საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, ა. და მ. ხ-ების მამკვიდრებელს უფიქსირდებოდათ 1900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2011 წლის 24 მარტის №... გადაწყვეტილებით, ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 306 კვ.მ (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. და მ. ხ-ების საკუთრების უფლება.

2016 წლის 30 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ს.ნ-ის სახელზე დარეგისტრირდა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 173.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 185.72 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (ს/კ ...). საფუძველი: მიწის ნაკვეთების განაწილების სია N.... აღნიშნული უძრავი ქონება სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემების მიხედვით აღრიცხული იყო ს.ნ-ის სახელზე.

2019 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. მოპასუხის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... კოდით რეგისტრირებულ მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება, შესაბამისად მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით გამოკვლევასა და შეფასებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, უნდა შეადაროს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა (სუსგ. 28.02.2013წ. №ბს-367-363(კ-12)).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საჯარო რეესტრში კონკრეტული მონაცემების დაფიქსირება ხორციელდება სარეგისტრაციო წარმოების გზით, რომელიც გულისხმობს რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემთა სრულყოფილად აღრიცხვის პროცესს. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (სუსგ 28.02.2013წ. ბს-367-363(კ-12)).

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მესამე პირების სახელზე დარეგისტრირებული ნაკვეთის ნაწილი, სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემების თანახმად, ს.ნ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული. აღნიშნული გარემოება შეფასების მიღმა დატოვა მარეგისტრირებელმა ორგანომ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ არ გამოიკვლია სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნაკვეთზე დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის ფაქტი, სათანადო წესით არ უზრუნველყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მესამე პირის მონაწილეობა, რაც სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველია. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება სისტემური რეგისტრაციების მცდარობასთან დაკავშირებით. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებათა გამოკვლევის გზით, დაადგინოს სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემების უტყუარობა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელი ხელყოფა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, ან ასეთი გართულებულია, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალურ კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდესაც სადავოა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება (საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები), ასეთი ქონების სამოქალაქო წესით განკარგვის და შესაბამისად მისი სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის პირობებში, სამართლებრივ ურთიერთობაში შემოდის შემძენის კეთილსინდისიერების ინსტიტუტი, რაც ემსახურება როგორც უძრავი ქონების შემძენთა ინტერესების დაცვას, ისე სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება და ამ საფუძვლით მხოლოდ პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა, გაუმართლებელია, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვისას სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება (სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ჯერ მ.მ-ის, ხოლო შემდგომ გ.თ-ას საკუთრების უფლებით), შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარება - გადაწყვეტა გაჭიანურდება. მიუხედავად განვითარებული მსჯელობისა, საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით (სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელე არ ასაჩივრებს), საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად გადაწყვიტოს მოცემული დავა გარდა სარჩელის უარყოფისა, რა წინაპირობაც, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სახეზე არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე 11.10.2022წ. №57430 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.10.2022წ. №57430 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა