Facebook Twitter

საქმე №ბს-723(კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 6 იანვარს ფ. ს. ჰ. ა-ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ერაყის მოქალაქეს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის მიზნით, ჩამოვიდა საქართველოში და 2019 წლის 22 ნოემბერს, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზები. კერძოდ, სააგენტომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის პასპორტსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობაში მითითებული სახელის თარგმანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა და დაავალა საათანადო თარგმანის წარდგენა, ხოლო მეორე მხრივ, ვინაიდან განცხადების წარდგენის მომენტისთვის არ დასტურდებოდა მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, მას დაევალა საზღვრის კვეთის თაობაზე სრული ინფორმაციის წარდგენა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას დადგენილი ხარვეზების შევსება დაევალა 2019 წლის 3 დეკემბრამდე.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან ხარვეზის შესავსებად საჭირო საბუთების თარგმანი განსაზღვრულ ვადაში წარადგინა, ამასთან, ამავე განცხადებითვე მან სააგენტოს განუმარტა, რომ ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ესაჭიროებოდა 30 დღე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხდებოდა. გარდა ამისა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სააგენტომ მას არასწორად დაუდგინა ხარვეზი, ვინაიდან მან თავად შეიტანა განცხადება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რაც თავისთავად წარმოადგენდა მოსარჩელის საქართველოში ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ამასთან მის მიერ წარდგენილი განაცხადი შეიცავდა საზღვრის კვეთის დამადასტურებელ ბეჭედს. აღნიშნულის მიუხედავად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000694023 გადაწყვეტილებით მოსარჩელის განაცხადი დარჩა განუხილველი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის №1000694023 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ფ. ს. ჰ. ა-ს-ის მიმართ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის №1000694023 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის 2019 წლის 22 ნოემბრის №1000694023 განცხადების არსებითად განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ს. ჰ. ა-ს-მა 2019 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა ერაყის რესპუბლიკის პასპორტის ასლი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის ასლი, ცნობა უნივერსიტეტიდან, ნასამართლეობის ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ერაყის რესპუბლიკის პასპორტის ასლის თანახმად, მისი მფლობელი მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: სახელი - ფ. ს. ჰ., გვარი - ა-ს-, პასპორტის ნომერი .... არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის ასლის მიხედვით კი, მისი მფლობელი მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: სახელი - ფ. ს. ჰ. ა-ს-, პასპორტის ნომერი ..., ხოლო გვარის გრაფა მოწმობაში მითითებული არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №1000694023/7 წერილით ფ. ს. ჰ. ა-ს-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მოსარჩელეს დაევალა მისი სახელის შემცველი, ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციისა და საზღვრის კვეთის თაობაზე სრული ინფორმაციის, 2019 წლის 3 დეკემბრამდე წარდგენა. შედეგად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის №1000694023 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ფ. ს. ჰ. ა-ს-ის განცხადება, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ერაყის რესპუბლიკის პასპორტი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობა შეიცავდნენ ერთი და იმავე პირის პასპორტის ნომერს და წარმოადგენდნენ ერთი და იმავე პირის კუთვნილებას, ხოლო ვინაიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის ფორმა არ შეიცავდა პირის გვარის გრაფას, მასში გვარი ცალკე ვერ იქნებოდა მითითებული და ტექნიკურად მოსარჩელის გვარის მითითება განხორციელდა სახელის გრაფაში, სახელთან ერთად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის 2019 წლის 22 ნოემბრის განცხადებაზე, რომელიც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ჩაბარებული იქნა თავად ფ. ს. ჰ. ა-ს-ის მიერ და რომელზეც ფიქსირდება განმცხადებლის ფოტო და მისი ხელმოწერა. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ერთვოდა ფ. ს. ჰ. ა-ს-ის პასპორტის ასლი, რომელზეც ნათლად ჩანდა მოსარჩელის მიერ 2019 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისა და საქართველოში შემოსვლის აღმნიშვნელი ბეჭედი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ. ს. ჰ. ა-ს-ს საზღვრის კვეთის შესახებ სრული ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრული 7 დღიანი ვადა, არ წარმოადგენდა საკმარის ვადას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოდან საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფ. ს. ჰ. ა-ს-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს და არ არსებობდა ფ. ს. ჰ. ა-ს-ისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალებისა და აღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-15 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტსა და საქართველოს 83-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც მისი განცხადება დარჩა განუხილველად.

კასატორმა არ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამართლოს მსჯელობები და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ბინადრობის მოწმობაზე დატანილი მონაცემები არ იყო მის პასპორტში მითითებულ მონაცემებთან თანხვედრაში, ამასთან არ იყო გარჩევადი განმცხადებლის სახელი და გვარი, რაც გამორიცხავდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, სააგენტომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ფ. ს. ჰ. ა-ს-ს დაევალა საზღვრის კვეთის შესახებ სრული ინფორმაციის წარმოდგენა და პასპორტის ასლში დატანილი შტამპი არ იყო საკმარისი განმცხადებლის საქართველოში ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 7-დღიანი ვადა საკმარისი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოსათხოვად და სააგენტოში წარსადგენად, ხოლო ხარვეზის შესაბამის ვადაში აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიემართა სააგენტოსთვის, რაც მას არ გაუკეთებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო ფ. ს. ჰ. ა-ს-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის №1000694023 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის №1000694023 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოსარჩელის 2019 წლის 22 ნოემბრის №1000694023 განცხადების არსებითად განხილვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - ფ. ს. ჰ. ა-ს-ს იგი არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქრთველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფ. ს. ჰ. ა-ს-მა 2019 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა ერაყის რესპუბლიკის პასპორტის ასლი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის ასლი, ცნობა უნივერსიტეტიდან, ნასამართლეობის ცნობა და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამასთან, საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მოსარჩელის პასპორტის ასლში, მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არის შემდეგი: სახელი - ფ. ს. ჰ., გვარი - ა-ს-, პასპორტის ნომერი ..., ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობით კი მოქალაქის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: სახელი - ფ. ს. ჰ., გვარი - ა-ს-, პასპორტის ნომერი ....

დადგენილია, რომ შპს „... უნივერსიტეტის“ 2019 წლის 19 ნოემბრის ცნობის მიხედვით, ფ. ს. ჰ. ა-ს- არის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის მიმდინარე სტუდენტი, იგი საქართველოს უნივერსიტეტში ჩარიცხულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების და ... უნივერსიტეტის პრეზიდენტების ... ბრძანების საფუძველზე. სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხანგრძლივობაა 5 წელი. დასრულების სავარაუდო თარიღი არის 2023 წლის 20 ივლისი.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №1000694023/7 წერილით ფ. ს. ჰ. ა-ს-ს ეცნობა, რომ პასპორტში განმცხადებლის სახელი იყო „F. S. H.“, ხოლო გვარი „A S-”, არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობაში კი „F. S. H. A S-“ წარმოადგენდა სახელს, შესაბამისად, წარმოსადგენი იყო ურთიერთშესაბამისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია. ამავე წერილით, სააგენტომ მოსარჩელეს დამატებით განუმარტა, რომ წარმოსადგენი იყო საზღვრის კვეთის თაობაზე სრული ინფორმაცია, ვინაიდან განმცხადებლის მიერ განცხადების ჩაბარების მომენტისთვის მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი არ დასტურდებოდა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის წარდგენა დაევალა 2019 წლის 3 დეკემბრამდე. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 3 დეკემბრის №1000694023 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ფ. ს. ჰ. ა-ს-ის განცხადება, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პასპორტისა და ბინადრობის მოწმობის ასლები შეიცავდნენ ერთი და იმავე პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს - პასპორტის ნომერს, ამასთან, ვინაიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის მოწმობის ფორმა არ შეიცავდა პირის გვარის გრაფას, მასში გვარი ცალკე ვერ იქნებოდა მითითებული და შესაბამისად, ტექნიკურად მოსარჩელის გვარის მითითება განხორციელდა სახელის გრაფაში, სახელთან ერთად. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და პასპორტის ნომრების დამთხვევის პირობებვში, არ იკვეთებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პასპორტი და ბინადრობის მოწმობის სხვადასხვა პიროვნების კუთვნილ დოკუმენტებად მიჩნევის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის 2019 წლის 22 ნოემბრის განცხადება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ჩაბარებულ იქნა თავად ფ. ს. ჰ. ა-ს-ის მიერ და მასზე ფიქსირდებოდა როგორც განმცხადებლის ფოტო, ასევე მისი ხელმოწერა. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილი იყო მოსარჩელის პასპორტის ასლი, რომელზეც ნათლად ჩანდა მის მიერ 2019 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისა და საქართველოში შემოსვლის აღმნიშვნელი ბეჭედი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის განჩინების პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსის 2020 წლის 17 ივლისის წერილით გამოგზავნილ, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 17 ივლისამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად მოსარჩელე საქართველოში შემოვიდა 2019 წლის 13 ოქტომბერს.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ხარვეზის შესავსებად მოსარჩელისთვის განსაზღვრული 7 დღიანი ვადა არ იყო საკმარისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოდან საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ხარვეზის შესაბამის ვადაში აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს შეეძლო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიემართა სააგენტოსთვის, რაც მას არ გაუკეთებია, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ, ფ. ს. ჰ. ა-ს-ის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ 2019 წლის 3 დეკემბრის განცხადებაზე. აღნიშნულ განცხადებაში, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებას ურთავდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ბინადრობის ნებართვის თარგმანს არაბული ენიდან, ხოლო განცხადების ჩაბარების მომენტისთვის საქართველოში ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავდა, რომ განცხადება, რომელზეც ფიქსირდებოდა მისი ხელმოწერა, პირადად ჰქონდა ჩაბარებული და წარდგენილი ჰქონდა პასპორტი, რომელშიც ფიქსირდებოდა საზღვრის კვეთის ბეჭედი. ამასთან, მოსარჩელემ დასახელებული განცხადებით სააგენტოს ერთი მხრივ თხოვა იმის დაკონკრეტება, საზღვრის კვეთის შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენის მიზნით, კონკრეტულად რა მონაცემები უნდა გამოეთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ხოლო მეორე მხრივ, მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის დადგენა, სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის ვადების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნის არ არსებობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის 2019 წლის 3 დეკემბრის განცხადება ერთი მხრივ შეიცავს დამაზუსტებელ კითხვას, ხოლო მეორე მხრივ შინაარსობრივად, პრაქტიკულად პირდაპირ აფიქსირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სათანადო ინფორმაციის გამოთხოვისთვის საჭირო დროით სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნას/ინტერესს, რასაც სააგენტოს მხრიდან (რომელმაც მან 2019 წლის 3 დეკემბერსვე მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე) სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ფ. ს. ჰ. ა-ს-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოსარჩელის განცხადების არსებითად განხილვის საკმარის საფუძველს, შესაბამისად, არ არსებობდა ფ. ს. ჰ. ა-ს-ისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის დავალებისა და აღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 27.06.2023წ. №12709 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.06.2023წ. №12709 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა