Facebook Twitter
საქმე №ბს-731(კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - თ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 03 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ. გ-ის მიმართ და მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 3 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სარჩელში აღნიშნავდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 09 ოქტომბრის №5947 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული თ. გ-ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“. მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2021 წლის 04 აგვისტოს გაფორმდა №... კონტრაქტი, რომლის თანახმად სამსახურის ვადა შეადგენდა 4 წელს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თ. გ-იმა დაარღვია კონტრაქტის პირობები და ვადამდე შეწყვიტა კონტრაქტი, შესაბამისად მიიჩნევდა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. გ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე თ. გ-ის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული 2021 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008წ. №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 7.3 პუნქტის მოთხოვნები. ვინაიდან თ. გ-ის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 1 წელს, 06 თვესა და 27 დღეს, იგი ექცეოდა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში და შესაბამისად, უნდა დაჰკისრებოდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, თ. გ-ის მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ამავდროულად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების სახისა და დარღვევის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები და მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იყო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავდა მის გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 04 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. გ-ის შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის 7.3 პუნქტი კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ითვალისწინებდა ჯარიმას - 3000 ლარს. განსახილველ შემთხვევაში კონტრაქტი შეწყდა თ. გ-ის პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება სასამართლომაც გაიზიარა, თუმცა სასამართლომ ჯარიმის ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე. კასატორის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, ვინაიდან კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მისი მოსაზრებით, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დასდებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა ფიქსირებულ თანხას და შესაბამისად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება იყო უსაფუძვლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია თ. გ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 09 ოქტომბრის №MOD 1 20 00005947 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამაზე (... კურსი) ჩარიცხული იუნკერი, თ. ა.-ის ძე გ-ი გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „რიგითი“ 2020 წლის 10 სექტემბრიდან. 2021 წლის 04 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. გ-ის შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №... კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
თ. გ-იმა აიღო ვალდებულება, შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახური გაეგრძელებინა ოთხი წლის ვადით. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს უპირობოდ ეკისრებოდა ვალდებულება, კონტრაქტის შეწყვეტიდან (თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში სამინისტროსათვის აენაზღაურებინა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 07 აპრილის №MOD 9 22 00001433 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის „...“-ს ბატარეის ... გათვლის ნომერი (საშტატო კატეგორია „...ის რიგითი“; შტატი №..., გვარეობის კოდი: ..., დუგ კოდი: ...), I კლასის რიგითი თ. ა.-ის ძე გ-ი (სსსკ ძირითადი: ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე, ვინაიდან აღარ სურდა სამხედრო სამსახურში მუშაობის გაგრძელება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2021 წლის 04 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. გ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტით განსაზღვრული ჯარიმა, მისი იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ჯარიმას, როგორც ცალკე ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას (იხ. სუსგ 11.07.2012წ. საქმე №ბს-175-173(კ-12) და სხვ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ 02.02.2015წ. საქმე №ას-1171-1116-2014; სუსგ 24.03.2014წ. საქმე №ას-1284-1226-2013).
როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლის 04 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. გ-ის შორის გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია.
პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე, რაც სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 04 აგვისტოს გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა თ. გ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, რაც ამავე კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ მართალია, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს სახის – ჯარიმის ოდენობა, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა აშკარად შეუსაბამოა და იგი მძიმე მატერიალურ პირობებში აყენებს მხარეს. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა თ. გ-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, არსებობდა დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა