Facebook Twitter

საქმე №ბს-925(კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლს 9 დეკემბერს გ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. გ-ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლითა და 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. ამდენად, გ. რ-ისთვის განსაზღვრული სასჯელის დასაწყისს წარმოადგენდა 2018 წლის 25 ოქტომბერი, ხოლო დასასრულს - 2026 წლის 11 აგვისტო.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის 25 აგვისტოს მან სპეციალური პენტეცნიური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლისა და „პატიმრობის კოდექსის“ 43-ე მუხლების საფუძველზე შეიტანა შუამდგომლობა მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, თუმცა საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის №01/22/შ/პ-0284 გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის №01/22/შ/პ-0284 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოსთვის გ. გ-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის №01/22/შ/პ-0284 გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა გ. გ-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ის შუამდგომლბის განხილვისას, საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, გარემოება, რომ იგი იყო წახალისებული, თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, სასჯელის სახეზე და პასუხისმგებლობის ზომაზე. საბჭომ აგრეთვე, ნეგატიურად შეაფასა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ გ. გ-ე იყო ნასამართლევი.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში გ. გ-ე არ ყოფილა დასჯილი, რამდენჯერმე იყო წახალისებული, ამასთან იგი არ არღვევდა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. იგი ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ იყო კონფლიქტური და აგრესიული.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ 42-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახურ მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით და საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის გადაწყვეტისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან, კანონით გათვალისწინებულია 5 კრიტერიუმი, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ესენია: 1. დანაშაულის ხასიათი; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; 4. ოჯახური პირობები; 5. მსჯავრდებულის პიროვნება.

კასატორმა აღნიშნა, რომ გ. გ-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, საბჭოს შეფასების მიღმა არ დარჩენია არცერთი ზემოხსენენული კრიტერიუმი და სწორედ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად, შინაგანი რწმენის საფუძველზე და საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საბჭომ დააკონკრეტა, რომ მან საკითხის განხილვისას გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში იყო წახალისებული, თუმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე. ამასთან, კასატორმა დააზუსტა, რომ დანაშაულის ხასიათი წარმოადგენდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არა ერთადერთ, არამედ ერთ-ერთ მიზეზს, რამდენადაც, საბჭომ ასევე უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში იყო ნასამართლევი. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ მან ყურადღება გაამახვილა რესოზციალიზაციის პროცესზე, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა მსჯავრდებულის მხრიდან სოციალურ აქტივობებში ჩართვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის №01/22/შ/პ-0284 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოსთვის გ. გ-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით.

სასამართლო ასევე მიუთითებს პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. დასახელებული კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, საბჭოს მიზნად მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას განსაზღვრავს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, მსჯავრდებულის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; დ) ოჯახური პირობები; ე) მსჯავრდებულის პიროვნება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით, გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232-ე მუხლითა და 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 ოქტომბრიდან. 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ. გ-ეს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. ამდენად, გ. გ-ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის 1/2 მოიხადა - 2022 წლის 17 სექტემბერს და მის მიერ სასჯელის მოხდის დასრულების თარიღია - 2026 წლის 11 აგვისტო.

დადგენილია, რომ გ. გ-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ში, მისამართზე - ...ს დასახლება №23, იგი გათავისუფლების შემდეგ იცხოვრებს იგივე მისამართზე. გ. გ-ეს აქვს საშუალო განათლება და დაკავებამდე მუშაობდა მშენებლობაზე, ხელოსნად. მოსარჩელე დაოჯახებულია, ჰყავს დედა, მამა, ძმა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, სოციალურად დაუცველია. ამასთან, მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი გამოცხადდება პრობაციის ბიუროში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში, გ. გ-ე დასჯილი არ ყოფილა, არ არღვევდა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, იგი ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ იყო კონფლიქტური/ აგრესიული და იგი რამდენჯერმე, კერძოდ, 2019 წლის 10 ოქტომბრის №6772, 2019 წლის 18 ნოემბრის №7741, 2019 წლის 16 დეკემბრის №8382, 2020 წლის 13 თებერვლის №1065 ბრძანებებით წახალისების სახით მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო 2022 წლის 24 მარტის №2105 ბრძანებით, წახალისების სახით მიეცა დამატებითი სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება.

ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული გ. გ-ე წარსულში ნასამართლევია. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის წლის განჩინებით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის რეალურ ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის წლის განაჩენით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 4 ნოემბრის №01/22/შ/პ-0284 გადაწყვეტილებით, გ. გ-ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში და ის გარემოება, რომ იგი წახალისებული იყო, თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა (ჩადენილი იყო დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ) და სასჯელის ზომაზე (თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით). საბჭომ აგრეთვე ნეგატიურად შეაფასა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული გ. გ-ე იყო ნასამართლევი, რაც არ გახდა შემდგომში მსჯავრდებულის ქცევის შემცვლელი გარემოება და მან 2018 წელს კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები. საბჭომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, ასევე, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მან მოცემულ ეტაპზე, მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და პრიორიტეტების დადგენას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს შუამდგომლობაზე მსჯელობისას, გარდა დანაშაულის ხასიათის და წარსულში ნასამართლობის ფაქტისა, მხედველობაში უნდა მიეღო სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის არაერთხელ წახალისების ფაქტი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფაქცევა, ოჯახური მდგომარეობა, მის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები, სასჯელის მიზანი და სხვა გარემოებები, რასაც ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა გადაწყვეტილების მიღებაზე.

ზემოაღნიშნულ გარმეოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა