Facebook Twitter

საქმე №ბს-832(კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 8 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ი/მ ჯ.კ-ას მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ იქნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებლი უძრავი ნივთის ნაწილი (მდებარე: ..., ..., ს/კ ..., შენობა ნაგებობა №2 და მასთან მისასვლელი გზა) 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით არამართლზომიერად დაკავებული ჰქონდა და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ი/მ ჯ.კ-ა, რასაც დასტურდებოდა 2018 წლის 16 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით, საქართველოს შსს ...ის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 7 მაისის MIA 18 01069485 წერილითა და გამოკითხვის ოქმით, სს „...ს“ 2020 წლის 10 ივლისის №5122898 წერილითა და ფოტომასალით. გარდა ამისა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მაისის №003436718 და 2020 წლის 31 მარტის №002135220 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 200.17 კვ.მ შენობა №2-ის და მასთან მისასვლელი 423 კვ.მ გზის (ს/კ ...) ყოველთვიური საიჯარო ქირიას საბაზრო ღირებულება 2017 წლის 5 ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა 190 ლარით, 2018 წლის იანვრიდან ამავე წლის ივნისის ჩათვლით 185 ლარით, ხოლო 2018 წლის ივლისიდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლის 195 ლარით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომრბის ჩათვლით არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო მიზნებისთვის იყენებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილს და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადა ქონების არამართლზომიერად სარეგებლობისთვის დაკისრებული საფასური და სააგენტოში წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.

ამდენად, მოსარჩელემ ი/მ ჯ.კ-ასთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დაეკისროს 3005.51 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ი/მ ჯ.კ-ას მიმართ სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ ჯ.კ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (..., ..., ს/კ ..., შენობა ნაგებობა №2) არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის 2152 (ორიათას ას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ჯ.კ-ა 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე შენობა- ნაგებობით (ს.კ. ...), რაც უტყუარად დასტურდებოდაა 2018 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის თანამშრომლის მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, მითითებულ ფართში განთავსებული იყო ჯ.კ-ას კუთვნილი მოძრავი ნივთები. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდებოდაა თავად მოპასუხის გამოკითხის ოქმითა და მისი წარმომადგენლის განმარტებით მასზედ, რომ შენობა კ.ბ-ას მიერ იქნა აშენებული, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, ხოლო მასში განთავსებული რკინის დანადგარები ჯ.კ-ას მამის ი.კ-ას მიერ იქნა შეძენილი. ამასთან, საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში - 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ჯ.კ-ა მითითებულ ფართში ყოველთვიურად მოიხმარდა ელექტროენერგიას.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე ასევე ითხოვდა სადავო პერიოდში ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობასთან 423 კვ.მ მისასვლელი გზით სარგებლობისათვის საფასურის დაკისრებას, თუმცა, საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, ორთოფოტოთი და მხარეთა-ახსნა განმარტებით დგინდებოდა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობასთან 423 კვ.მ მისასვლელი გზა წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ობიექტს, შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხისათვის 423 კვ.მ მისასვლელი გზით სარგებლობისათვის საფასურის დაკისრების თაობაზე, იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ სსიპ ლევან სამსახარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს №003436718 და №002135220 ექსპერტრიზის დასკვნებში მითითებული მონაცემების თანახმად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ: ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ს.კ. ...) არამართლზომიერი სარგებლობისათვის უნდა დაკისრებოდა 2017 წლის 5 ივლისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში - 770 ლარის, 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში - 750 ლარის და 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტობრის ჩათვლით პერიოდში - 632 ლარის, ჯამში - 2152 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა ი/მ ჯ.კ-ას მიერ 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, სახელმწიფო სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის არამართლზომიერად დაკავებისა და მასზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 423 კვ. მ მიწის ნაკვეთის შეფასებისას დაეყრდნო მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებას და ორთოფოტოს, თუმცა არ მიუღია მხედველობაში ის ფაქტი, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სათანადო წესით დადგენილი იყო აუცილებელი გზა ან სერვიტუტი. ამასთან, კასატორის აზრით, 423 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და გავრცელების საზღვრებიც მიუთითებდა, რომ მისი საერთო სარგებლობის ობიექტად მიჩნევა იყო არამართლზომიერი.

ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მოპასუხეს არასწორი ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა და განსახილველ შემთხვევაში ი/მ ჯ.კ-ას მიერ შენობით სარგებლობისთვის დასაკისრებელი თანხა შეადგენდა 2435.92 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის ი/მ ჯ.კ-ასთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ თანხის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ ჯ.კ-ას (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (..., ..., ს/კ ..., შენობა ნაგებობა №2) არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის 2152 (ორიათას ას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. მოწინააღმდეგე მხარეს - ი/მ ჯ.კ-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ი/მ ჯ.კ-ასთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სარჩელით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ...) 2017 წლის 5 ივლისს აღირცხა სახელმწიფო საკუთრებად. მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად კი, ჯ.კ-ა წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის თანამშრომლის მიერ განხორციელდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (ს.კ. ...) ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც გაირკვა, რომ შენობა-ნაგებობის 1/2 ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდა მოქალაქე კ.ბ-ა, რომელსაც გაწეული ჰქონდა ხარჯები მითითებულ შენობაზე, თუმცა მას არ გააჩნდა უფლებადამდგენი დოკუმენტი. ამასთან, შენობა-ნაგებობაში ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც ახორციელებდა ჯ.კ-ა და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მის საკუთრებას. გარდა ამისა, საქმეში არსებულ 2018 წლის 5 მაისის ჯ.კ-ას გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმად, ჯ.კ-ას მამას ი.კ-ას, მეზობელმა კ.ბ-ამ დროებით სარგებლობაში დაუთმო ფართი, მდებარე ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. კ.ბ-ას მითითებულ ფართში გახსნილი ჰქონდა ..., ხოლო მამამისმა გახსნა .... მამის გარდაცვალების შემდეგ მან განაგრძო საქმიანობა, თუმცა ბოლო ორი წლის მანძილზე ...ოს აღარ უმუშავია.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში არსებული „ ...ას“ მიმართვაზე, რომელიც ადასტურებს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს.კ....) სს „ ..ას“ სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებული აბონენტია ჯ.კ-ა №.... ამასთან, აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, სადავო პერიოდში - 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ჯ.კ-ა მითითებულ ფართში მოიხმარდა ელექტროენერგიას.

განსახილველ შემთხვბევაში, ასევე დადგენილია, რომ ლევან სამსახარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 22 მაისის №003436718 დასკვნის თანახმად, 2017 წლის მდგომარეობით (2017 წლის 5 ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით), ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობისა და 423 კვ.მ მისასვლელი გზის ერთი თვის საიჯარო ქირის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 190 ლარს, საიდანაც მისასვლელი გზის ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებაა - 36 ლარი, ხოლო შენობის - 154 ლარი. ამავე დასკვნის თანახმად, 2018 წლის მდგომარეობით (2018 წლის იანვრიდან ამავე წლის ივნისის ჩათვლით), ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობისა და 423 კვ.მ მისასვლელი გზის ერთი თვის საიჯარო ქირის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 185 ლარს, საიდანაც მისასვლელი გზის ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებაა 35 ლარი, ხოლო შენობის - 150 ლარი. 2020 წლის 31 მარტის №002135220 დასკვნის თანახმად, 2018 წლის მდგომარეობით (2018 წლის ივლისიდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით), ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობისა და 423 კვ.მ მისასვლელი გზის ერთი თვის საიჯარო ქირის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 195 ლარს, საიდანაც მისასვლელი გზის ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებაა - 37 ლარი, ხოლო შენობის - 158 ლარი.

საქმის მასალებით, კერძოდ ორთოფოტოთი და მხარეთა-ახსნა განმარტებებით, დადგენილად არის მიჩნეული, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობასთან 423 კვ.მ მისასვლელი გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის ობიექტს, რომლის გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერ პირს შეუზღუდავად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ი/მ ჯ.კ-ას მიერ სადავო პერიოდში ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე შენობა-ნაგებობის არამართლზომიერად ფლობის და მისი სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში 200.17 კვ.მ შენობასთან 423 კვ.მ მისასვლელი გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის ობიექტს, რომლის გამოყენებაც შეუძლია ნებისმიერ პირს შეუზღუდავად, რაც გულიხმობს, რომ მოპასუხე მხარე სადავო გზით ვერ ისარგებლებდა ინდივიდუალურად, ხოლო საერთო სარგებლობის გზით სარგებლობისათვის მას გადასახადის გადახდა ვერ დაეკისრება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, მოპასუხისათვის 423 კვ.მ მისასვლელი გზით სარგებლობისათვის საფასურის დაკისრების შეუძლებლობისა და ექსპერტიზის დასკვნებით განსაზღვრული, სადავო ქონების ერთი თვის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ი/მ ჯ.კ-ასთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში 2152 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა