საქმე №ბს-813(კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 25 ივნისს მ. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მისი ოჯახი 1981 წლიდან ფლობს და სარგებლობს მათი საცხოვრებელი ბინის მახლობლად, ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთით, სადაც მათ დაიწყეს სათავსო ნაგებობებისა და სახლის მშენებლობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2016 წლის 30 აგვისტოს №308489/12 განცხადებით მიმართა აღიარების კომისიას და მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთღების უფლების აღიარება, თუმცა კომისიამ მას უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-იმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კომისიამ ხელახლა იმსჯელა მის მოთხოვნაზე, თუმცა 2021 წლის 28 აპრილის №695 განკარგულებით კვლავ უარი უთხრა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ საკუთრების უფლების აღიარება უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №695 დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ... მ/ რ-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართი 2451 კვ.მ.) მ. კ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-იის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-იის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქოსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №695 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ქ. თბილისში, ...ის ... მ/რ-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართი 2451 კვ.მ.) მ. კ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №695 განკარგულების მიღების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ არ დასტურდებოდა მ. კ-იის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, 2005 წლის ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით), ასევე განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი 2006-2007 წლების ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის გარემოებათა გამოკვლევისას აღიარების კომისიას უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ფიზიკურ პირთა 2016 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სს „თ...ის“ ინფორმაცია, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2008 წლის 19 თებერვლის №კ-359/20 დასკვნა, განსახილველ შემთხვევაში კი, მ. კ-იის მიმართ ხელახლა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება, მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მითითებისა, კვლავაც ეფუძნებოდა მხოლოდ ორთოფოტოებს (2005, 2006, 2007 წლების) და კომისიას არ უმსჯელია კანონის ამოქმედებამდე უფლებაასაღიარებელ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის და შემდგომ, 2010 წელს მისი დანგრევისა და ახალი მშენებლობის დაწყების თაობაზე. ასევე არ შეფასებულა მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა შეექმნა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული, აღიარების კომისიის შესწავლის მიღმა დარჩენილი გარემოებების გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა უფლებაასაღიარებელი ტერიტორიით, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უსაფუძვლოდ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მ. კ-იის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და იკვეთებოდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ, კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამახველ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რეალურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა. კერძოდ, დადგინდეს მიწის ნაკვეთის კონკრეტული საზღვრები, მასზე შენობის არსებობა-არარსებობა და შემოწმდეს მისი განვითარებულობა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის 2005 წლის ორთოფოტოსა და განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი 2006-2007 წლების ორთოფოტოებით დგინდებოდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული მიწის ნაკვეთის აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ.
კასატორი მიიჩნევს, რომ მის მიერ შეფასებულ იქნა ყველა არსებული მტკიცებულება და მათი გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის განმარტება ელექტროენერგიის მრიცხველის განთავსებასა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით იყო ურთიერთგამომრიცხავი. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მრიცხველი განთავსდა და ელექტრო ენერგია შეყვანილ იქნა იმ საცხოვრებელ სახლში, რომელშიც ახლა ცხოვრობდა და სიმძლავრეებიც ამის მიხედვით იქნა განსაზღვრული, თუმცა, მოსარჩელის ამავე განმარტებით, მას ელექტროენერგია ჰქონდა ფარგულშიც, რომელიც 2003 წელს დაანგრია. კომისია მიიჩნევს, რომ თუკი მრიცხველი განთავსდა 2006 წლის 18 სექტემბერს, გაუგებარი იყო თუ როგორ განხორციელდა 2003 წელს დანგრეულ შენობაში ელექტრო ენერგიის მონტაჟი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, 2006 წელს უკვე სრული სახით არსებობდა ბეტონის შენობა, რომელსაც მეორე წელს მიამატა ხის ნაგებობა, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, იგი იმავე გაბარიტებით უნდა გამოჩენილიყო 2010 წლის ორთოფოტოზე, როგორც ჩანდა 2014 წლის ორთოფოტოზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საკუთრების უფლების აღიარება უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №695 დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ... მ/ რ-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართი 2451 კვ.მ.) მ. კ-იის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ხოლო, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს მ. კ-იმა №308489/12 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, დასახლება ...ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 2577.00 კვ.მ, დაზუსტების შემდგომ 2451 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, თუმცა კომისიის 2018 წლის 4 დეკემბრის №1971 განკარგულებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული განკარგულება მოსარჩელემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 მაისის განჩინებებით.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღიარების კომისიაში ჩატარებული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ 2005 წლის ორთოფოტოთი (აეროფოტოგადაღებით), ასევე განმცხადებლის მიერ დამატებით წარმოდგენილი 2006-2007 წლების ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) დგინდებოდა, რომ საკუთრების უფლება ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საქმეში წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №695 განკარგულებით, მ. კ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი ...ის 2 მ/რ-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 2451 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინებაზე აქცენტი სწორედ იმაზე იყო გაკეთებული, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით უნდა დაედგინა თუ როდის ააშენა მ. კ-იმა სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა, აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით აღიარების კომისიას უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ფიზიკურ პირთა 2016 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, სს „თ...ის“ ინფორმაცია, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2008 წლის 19 თებერვლის №კ-359/20 დასკვნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულ განჩინებაში გაკეთებული კონკრეტული მითითებებისა, აღიარების კომისიამ მ. კ-ის განმეორებით უთხრა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე და აღნიშნული განკარგულება კომისიამ კვლავ დააფუძნა ორთოფოტოებს, მოწმეთა ჩვენების შეფასებისა და კანონის ამოქმედებამდე უფლებაასაღიარებელ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის, ხოლო 2019 წელს მისი დანგრევისა და ახალი მშენებლობის დაწყების თაობაზე მსჯელობის გარეშე. აღნიშნული კი ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების რეალურ და ეფექტურ აღსრულებად.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, საქმის მასალებში არსებულ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2008 წლის 19 თებერვლის №კ-359/20 დასკვნაზე, რომლის თანახმად მისამართზე: ქ.თბილისი, ..., ...ის გზატკეცილი ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული მრავალწლოვანი ნარგავების ასაკი განისაზღვრა დაახლოებით 7-დან 10 წლამდე. ასევე, ლ. ჩ-ის, ლ. ც-ის, ვ. ზ-ის 2016 წლის 25 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ მ. კ-იი 1998 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №4-ის მიმდებარედ. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მრიცხველის 2006 წლის 6 სექტემბრის №423545 სამუშაო განაწესზე, რომლითაც თანახმად, ახალ აბონენტზე აღრიცხვის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო მისამართზე: ...ს მიმდ. სოფ. ..., ნაკვეთი №...; ობიექტის დასახელება: მოქ. ზ. კ-ის საცხოვრებელი სახლი. ხოლო, 2006 წლის სექტემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად კი, ზ. კ-ი ფიქსირდებოდა როგორც №... აბონენტი, მისამართზე სოფელი ..., სახლი - ..., მრიცხველის დადგმულ იქნა 2006 წლის სექტემბრის თვეში, ამავე პერიოდიდან დაიწყო აბონენტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2008 წელს ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მ. კ-ის (განმცხადებელი) საკუთრების უფლების აღიარების მიზნით მოსთხოვა ახალი საექსპერტო დასკვნის წარდგენა და უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., ...ის გზატკეცილი, ...ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, 1662 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) შენობა-ნაგებობის არარსებობის საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი არ განუცხადებია.
ზემოაღნიშნულ გარმეოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან, სადავო ტერიტორიის წლების მანძილზე ფლობისა და სარგებლობის, ასევე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი, შესაბამისად იკვეთებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მ. კ-იის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების არსებობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა