№ბს-998(გ-23) 25 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - ი. მ-
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ი. მ-ის მიმართ 2022 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინის მოქალაქის ი. მ-ისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის №MIA 8 22 03106216 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკრაინის მოქალაქის ო. მ-ის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე.
სარჩელის თანახმად, 2022 წლის 16 ოქტომბერს თურქეთიდან სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოდიოდა ი. მ-ი. მოსარჩელე არის უკრაინის მოქალაქე და არ სჭირდება ვიზა საქართველოში შემოსასვლელად. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მას უსაფუძვლოდ უთხრა უარი საქართველოში შემოსვლაზე. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა საქართველოში შემოსავლისათვის აუცილებელი დოკუმენტები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თან ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი და არაერთხელ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი მათი მეშვეობით, არც მის მეუღლეს შექმნია ოდესმე პრობლემა. ი. მ-ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რამდენიმე აპარტამენტი ქალაქ ბათუმში. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა კი სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ი. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით ი. მ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო - საგზაო კონტროლის განყოფილების (სარფის) მიერ ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც ი. მ-მა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს ფაქტის ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო - საგზაო კონტროლის განყოფილების (სარფი) სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, მოცემული დავის განსჯად სასამართლო არის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას. ასევე, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ი. მ-ის სარჩელის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 4 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ MIA 3 22 03106216 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) გამტარ პუნქტში კანონის შესაბამისად შედგა აქტი (გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ). სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი) შედის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ფაქტის ადგილის მიხედვით, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნულს კი წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №38. ამდენად, სასამართლო მოცემულ დავაზე განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიიჩნევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 4 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება ი. მ-ის მიმართ საქართველოში შემოსავლაზე ნებართვის გაცემის თაობაზე. მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. აქტი (2022 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება), რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი იქნა წარდგენილი, გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშავოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის ტერიტორიული განსჯადობა განსაზღვრა „ფაქტის ადგილის“ მიხედვით ისე, რომ არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას „ფაქტის ადგილის“ მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას მიანიჭებდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქართველოში დაშვება არ მოხდა სარფის სასაზღვრო პუნქტზე, არ ასაბუთებს დავის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსადმი კუთვნილებას, რადგან აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. საქალაქო სასამართლომ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე (261-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსჯადობის საერთო წესს განსაზღვრავს და იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ტერიტორიულად განსჯად სასამართლოდ ასახელებს სასამართლოს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოპასუხე იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რამდენადაც მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს და სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. ამდენად, ერთმნიშნიშვნელოვნად დგინდება, რომ ი. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსავლაზე უარის თქმის შესახებ, რომელზეც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (სარფი) მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო. ამავე დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია დასავლეთ საქართველოს სამმართველო, ხოლო თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (სარფი) („ე.ა“ ქვეპუნქტი). ამდენად, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მიხედვით, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო და მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები). შესაბამისად, პირველადი აქტის გასაჩივრების პირობებშიც მოპასუხეს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რადგანაც აღნიშნული აქტი გამოცემულია მისი სახელით, ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე