Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-1032 (ს-23) 16 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე; გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ეის საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებაზე.

2022 წლის 26 დეკემბერს ნ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2022 წლის 21 ნოემბრის №1114 და ქალაქ თბილისის მერიის სსსიპ თბილისის არქტექტურის სამსახურის 2009 წლის 19 თებერვლის №242 ბრძანებების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით სარჩელზე დადგენილი იქნა ხარვეზები. მოსარჩელე მხარეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხე მხარის დაზუსტება. იმავე განჩინებით მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

2023 წლის 25 იანვარს ნ. მ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2022 წლის 21 ნოემბრის №1114 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ იგი არის ასაკით პენსიონერი, მის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ასაკის მიხედვით დანიშნული პენსია, რაც მედიკამენტებსა და საკვებშიც არ ჰყოფნის. მას აქვს ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელის თქმით, მას არ გააჩნია არავითარი დამატებითი შემოსავლის წყარო და მისი ქონებრივი მდგომარეობა არ იძლევა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. მ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2023 წლის 14 თებერვალს ნ. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მიუთითა, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის „მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით გაგრძელდა ნ. მ-ეის სარჩელზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. მოსარჩელეს განემარტა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

2023 წლის 9 მარტს ნ. მ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელშიც მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. მ-ეს უარის ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

ამასთან, ნ. მ-ემ კერძო საჩივარში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით ნ. მ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. მ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და გადაუვადდა სასამართლო ხარჯების გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინება; ნ. მ-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, ამავე განჩინებით ნ. მ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ეის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ. მ-ე საჩივრით სადავოდ ხდის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განჩინებას.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. მ-ეს უარი ეთქვა მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინება ნ. მ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. მ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ნ. მ-ეს განემარტა, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. შესაბამისად, ნ. მ-ეის მიერ წარმოდგენილია საჩივარი განჩინებაზე, რომლის დამატებითი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის შესახებაც მხარეს ასევე განემარტა გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ეის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ეის საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი