საქმე №ბს-757(კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე., ვ. და მ. უ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 9 მარტს ე., ვ. და მ. უ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეები არიან ერთი ოჯახის წევრები, კერძოდ მამა (ე. უ-ე) და შვილები (ვ. და მ.). ე. უ-ე დაიბადა და სრულწლოვანების მიღწევამდე ცხოვრობდა საქართველოში, ხულოს რაიონის სოფ. ...ში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდგომ, სწავლობდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, სადაც დაოჯახდა და 1997 წელს მიიღო ყაზახეთის მოქალაქეობა. ყაზახეთში ე. უ-ეს შეეძინა შვილები - ვ. და მ.. 2006 წელს ე. უ-ე ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებლად ჩამოვიდა საქართველოში. მოსარჩელეს მიღებული აქვს არაერთი დროებითი ბინადრობის ნებართვა. ე. უ-ე ამჟამად დასაქმებულია შპს „რ...ში“, ვ. სწავლობს უნივერსიტეტ „ს...ში“, ხოლო მ. მე-12 კლასის მოსწავლეა. 24.01.2022 წელს მოსარჩელეებმა მიმართეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სააგენტოს 22.02.2022წ. გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათ მოთხოვნაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით. კონტრდაზვერვის სამსახურის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეების საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ დასკვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მათთვის გაურკვეველია, თუ რატომ ჩაითვალა მათი საქმიანობა ქვეყნის ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად. მოსარჩელეებმა ვერ მიიღეს განმარტება, თუ რა დარღვევების გამო ეთქვათ უარი საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 თებერვლის №1000778902, 2022 წლის 23 თებერვლის №1000778884, 2022 წლის 24 თებერვლის №1000779361 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთათვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ., ე. და მ. უ-ეეებმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით ე. უ-ეის, ვ. უ-ეის და მ. უ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ე. უ-ეის (დაბადებული ... წლის ...ს), ვ. უ-ეისა (დაბადებული ... წლის ...ს) და მ. უ-ეის (დაბადებული ... წლის ...ს) მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი იქნა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაცია. წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულების არსებობასთან ერთად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შემდგომ კი საერთო სასამართლოების მიერ შეფასებას საჭიროებს უცხოელის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა ხომ არ შეუქმნის საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი დისკრეციის ფარგლებში გამოსცემს დასკვნას, სახელმწიფოს ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გათვალისწინებით რამდენად მიზანშეწონილია უცხოელის მიმართ გაიცეს საქართველოში ცხოვრების ნებართვა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უპირველესად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, ე. უ-ეის, ვ. უ-ეის, მ. უ-ეის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის შესაფასებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 23 თებერვლის SSG 5 22 00028842 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. უ-ეისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება; ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 10 თებერვლის SSG 3 22 00020910 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ე. უ-ეისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 16 თებერვლის SSG 3 22 00024574 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ვ. უ-ეისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ე. უ-ეის, ვ. უ-ეის და მ. უ-ეის ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 10, 16, 23 თებერვლის ზემოთ მითითებული წერილებით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა, მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ე. უ-ეის, ვ. უ-ეის და მ. უ-ეის განცხადების განხილვისას სწორად გამოიყენა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე., ვ., მ. უ-ეეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული დასკვნების მიხედვით, მოსარჩელეთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს და მათი საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. კასატორების განმარტებით, ზემოაღნიშნული დასაბუთება მოკლებულია სინამდვილეს, რადგან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას არ გააჩნია უნივერსალური განმარტება. პირის საქმიანობის საზოგადოებრივი (საჯარო) წესრიგის დარღვევად მიჩნევისთვის, უნდა დადგინდეს ამ პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების კონკრეტული ფაქტების ერთობლიობის არსებობა. კასატორების მოსაზრებით, სასამართლო არ მიუთითებს, თუ რამდენად საფრთხის შემცველი იყო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სახელმწიფოსათვის და საკმარისი იყო თუ არა ასეთი ქმედებების არსებობა, რომელთა გაზიარებით მოსარჩელეები არ იმსახურებდნენ მუდმივი ცხოვრების უფლების მინიჭებას. საქმე ეხება ერთი ოჯახის წევრებს, მამასა და ორ შვილს, რომელთა შორის, განცხადების წარდგენის დროისათვის ერთი იყო სტუდენტი, ხოლო მეორე - არასრულწლოვანი, საჯარო სკოლის მოსწავლე.
კასატორები საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ სამივე 10 წელზე მეტია ცხოვრობს საქართველოში. ამ დროის განმავლობაში მათზე ხუთჯერ არის გაცემული საქართველოში დროებითი ცხოვრების ბინადრობის ნებართვა. უფრო მეტიც, მამა - ე. უ-ე დაიბადა და საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, სამივეს გააჩნდათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებებით გაურკვეველი საფუძვლით აქვთ შეჩერებული.
ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ შეუსწავლია უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია და სამართლებრივად არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები. შესაბამისად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე., ვ. და მ. უ-ეების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე., ვ. და მ. უ-ეეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მ., ე. და ვ. უ-ეეებისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 თებერვლის №1000778902, 2022 წლის 23 თებერვლის №1000778884, 2022 წლის 24 თებერვლის №1000779361 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეებისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
დადგენილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის 8 ივლისის №1000224161 გადაწყვეტილებით, მ. უ-ეეს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2010 წლის 8 ივლისიდან 2011 წლის 30 აპრილამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 8 აგვისტოს №1000250806 გადაწყვეტილებით, მ. უ-ეეს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2011 წლის 8 აგვისტოდან 2012 წლის 8 აგვისტომდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №1000294198 გადაწყვეტილებით, მ. უ-ეეს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 2 სექტემბრის №1000355518 გადაწყვეტილებით, მ. უ-ეეს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 26 აპრილამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 22 ივნისის №1000472993 გადაწყვეტილებით, მ. უ-ეეს მიეცა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 17 მაისამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №1000550277 გადაწყვეტილებით, საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით, მ. უ-ეეს ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2022 წლის 18 აპრილამდე.
განსახილველ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 24 იანვარს, მ. უ-ეემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
დადგენილია, რომ მ. უ-ეისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა მოთხოვნით, ეცნობებინა, არსებობდა თუ არა აღნიშნული პირის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 23 თებერვლის SSG 5 22 00028842 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მ. უ-ეისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 23 თებერვლის №1000778884 გადაწყვეტილებით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტების საფუძველზე, მ. უ-ეეს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 26 აპრილის №1000244185 გადაწყვეტილებით, ე. უ-ეს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 5 წლის ვადით.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 16 მაისის №1000470075 გადაწყვეტილებით, ე. უ-ეს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 17 მაისამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის №1000548820 გადაწყვეტილებით, ე. უ-ეს გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 18 აპრილამდე.
დადგენილია, რომ 2022 წლის 2...ს, ე. უ-ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
დადგენილია, რომ ე. უ-ეისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა მოთხოვნით, ეცნობებინა, არსებობდა თუ არა აღნიშნული პირის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 10 თებერვლის SSG 3 22 00020910 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ე. უ-ეისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 თებერვლის №1000779361 გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ე. უ-ეს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის 8 ივლისის №1000224160 გადაწყვეტილებით, ვ. უ-ეეს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2010 წლის 8 ივლისიდან 2011 წლის 30 აპრილამდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 13 ივლისის №1000250811 გადაწყვეტილებით, ვ. უ-ეეს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2011 წლის 13 ივლისიდან 2012 წლის 13 ივლისამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის №1000294212 გადაწყვეტილებით, ვ. უ-ეეს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 2 სექტემბრის №1000355524 გადაწყვეტილებით, ვ. უ-ეეს გაუგრძელდა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 26 აპრილამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 24 ივნისის №1000472989 გადაწყვეტილებით, ოჯახის გაერთიანების მიზნით, ვ. უ-ეეს მიეცა ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 17 მაისამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 18 მაისის №1000550276 გადაწყვეტილებით, ოჯახის გაერთიანების მიზნით, ვ. უ-ეეს გაუგრძელდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 18 აპრილამდე.
2022 წლის 24 იანვარს, ვ. უ-ეემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა.
დადგენილია, რომ ვ. უ-ეისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა მოთხოვნით, ეცნობებინა, არსებობდა თუ არა აღნიშნული პირის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 16 თებერვლის SSG 3 2200024574 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ვ. უ-ეისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 თებერვლის №1000778902 გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ. უ-ეეს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შორის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, არსებობს განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირი, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა და კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის კონტექსტში მნიშვნელოვნად გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-94,95).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში. აღნიშნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან, ხოლო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად კი იგი ვალდებულია, რომ ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილი და რიგ შემთხვევებში ვალდებულია, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, ე., ვ. და მ. უ-ეებისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მათ უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი, რამდენადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად.
2023 წლის 21 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.02.2022 №1000778902, 23.02.2022წ. №1000778884, 24.02.2022წ. №1000779361 გადაწყვეტილებებით ვ., მ. და ე. უ-ეებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვათ საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ვ., მ. და ე. უ-ეებისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის საიდუმლო), რომელიც საფუძლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის გაცემას და მოსარჩელეებისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები, და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №10337/04, $39, 08 ივნისი 2006). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, 37-38).
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.02.2022 №1000778902, 23.02.2022წ. №1000778884, 24.02.2022წ. №1000779361 გადაწყვეტილებების კანონიერების შესამოწმებლად საკასაციო პალატამ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელეებისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის სახელმწიფო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ბუნების (სახელმწიფო საიდუმლოება) გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილებაში ასახოს მისი შინაარსი. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ქმნიდა მოსარჩელეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით მოსარჩელეების უფლებების შეზღუდვა გამომდინარეობს ლეგიტიმური მიზნიდან - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ., ვ., ე. უ-ეების საკასაციო საჩივარზე 04.07.2023წ .№9512 საგადასახადო დავალებით ა. მ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 900 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ე., ვ., მ. უ-ეეების საკასაციო საჩივარზე №9512 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 630 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე., ვ. და მ. უ-ეეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;
3. ა. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე., ვ., მ. უ-ეეების საკასაციო საჩივარზე 04.07.2023წ. №9512 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის 70 პროცენტი - 630 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა