Facebook Twitter

ბს-92(კ-23) 02 ნოემბერი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...ამ“ 15.12.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიმართ. 23.02.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლო აღმასრულებლის ან შპს „...ას“ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ინპექტირების ორ ხაზზე აკრედიტაციაზე შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადების, ინსპექტირების ორი ხაზით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრის შეფასების პროცედურების წარმართვის მოპასუხისთვის დავალება, ასევე აკრედიტაციის ცენტრის 16.11.2020წ. წერილის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2021წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2022წ. გადაწყვეტილებით, შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა შპს „...ას“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2022წ. გადაწყვეტილებით, შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 16.11.2020წ. №... აქტი და აკრედიტაციის ცენტრს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე შპს „...ას“ განაცხადთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში შპს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებულია აკრედიტაციის წესები და პროცედურები (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). საკ 1.1:2020 - „აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი თავად წარმართავს აკრედიტაციის პროცესს და პასუხისმგებელია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე და არ ახორციელებს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებების ქვეკონტრაქტორზე (სხვა პირისთვის) გადაცემას, შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი წარმოადგენს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ (უფლებამოსილ) ორგანოს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის (აპელანტის) მიერ სადავო აკრედიტაციის ცენტრის 16.11.2020წ. №... წერილით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.11.2020წ. №04/7282 წერილზე და განცხადების ავტორს (შპს „...ას“) უარი ეთქვა აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.11.2020წ. №04/7282 წერილი ითვალისწინებს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითებას ხელშეკრულებასა და მოქმედ კანონმდებლობაზე, ხოლო ცალსახა პოზიცია სამინისტროს შპს „...ას“ მიერ აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე წარმოდგენილი არ არის. საგულისხმოა, რომ აკრედიტაციის ცენტრს კონკრეტული პოზიციის/განმარტების წარდგენის თაობაზე სამინისტროსთვის დამატებით არ მიუმართავს, შესაბამისად, სადავო აქტით ვერ დგინდება რა გარემოებებზე დაყრდნობით ეთქვა უარი შპს „...ას“ განაცხადის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ შპს „...ას“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დადებული 30.03.2018წ. ხელშეკრულება „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შექმნის და მოწყობის (ან/და არსებული ცენტრის გაფართოება ახალი ხაზების დამატების გზით) თაობაზე“ რაიმე სახის აკრძალვას ინსპექტირების ცენტრის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.11.2020წ. №04/7282 წერილი ასევე არ მიუთითებს აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე განცხადების მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, 30.03.2018წ. ხელშეკრულების საგანთან შეუსაბამობაზე, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სადავო საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა გადაწყვიტოს და დაასაბუთოს, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე შპს „...ას“ განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა. ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აკრედიტაციის ცენტრის 16.11.2020წ. №... აქტი და მოპასუხეს დაევალა აკრედიტაციის სფეროს გაფართოების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ზემოაღნიშნული ქმედების დავალებულების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ტექნიკური ინსპექტირების სფეროში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს. აკრედიტაციის ცენტრი, როგორც აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, პტი ცენტრების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სწორედ მის მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე წარმართავს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საკ 1.1:2020-ის პირველი მუხლის მეორე პუნქტის იმგვარად განმარტება, რომ გამოირიცხოს სამინისტროს ჩართულობა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან. აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაცემა ქვეკონტრაქტორისათვის არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი ეხება საზღვრებს მიღმა აკრედიტაციის მინიჭებას. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ახალი ფილიალის შექმნისა და ხაზების დამატებაზე 30.03.2018წ. ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მსჯელობა სამინისტროს პოზიციის გვერდის ავლით 30.03.2018წ. ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ხაზის სხვა ლოკაციაზე გატანის შესაძლებლობაზე. ხელშეკრულება გაფორმდა კონკრეტული ლოკაციების მითითებით და ამ ლოკაციის ცვლილება ხელშეკრულების მხარესთან (სამინისტროსთან) შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. მოსარჩელეს აკრედიტაციის ცენტრში არ წარუდგენია სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება, ძველ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე შეთანხმება ან/და სამინისტროს წერილობითი პოზიცია ფილიალის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხაზის სხვა ლოკაციაზე გადატანის დასაშვებობაზე მითითებას 30.03.2018წ. ხელშეკრულება არ შეიცავს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია პირდაპირ კავშირშია ინსპექტირების ცენტრის ადგილმდებარეობასთან და შესაბამისი აღჭურვილობის შეფასებასთან. მოსარჩელის იმ გარემოებაზე მითითება, რომ მიუხედავად მის მიერ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ინსპექტირების ცენტრის შენობის 3 წლის ვადით სარგებლობაში არსებობისა, აკრედიტაცია გაიცა 4 წლის ვადით, არ გულისხმობს აკრედიტაციის ცენტრის თანხმობას ინსპექტირების ცენტრის სხვა ლოკაციაზე გადატანასთან დაკავშირებით.

კასატორმა აღნიშნა, რომ აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“ დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებზე. აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ფასდება ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის (European Accreditation) მიერ და დადებითი შეფასების შემთხვევაში ქვეყანას უნარჩუნდება ევროკავშირის საერთაშორისო აღიარება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით ცვლილება შევიდა აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში და დადგინდა აკრედიტაციის დამატებითი პირობები (დანართი №1). აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე აკრედიტაციის ცენტრი ინპექტირების ცენტრის აკრედიტაციაზე იმ პირთა განცხადებას ვერ მისცემდა მსვლელობას, რომლებსაც არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. დებულების №1 დანართით დაწესდა ინსპექტირების ცენტრების სპეციფიკური რეგულაციები, რომლის ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობები წარმოიშვა სამინისტროსა და სხვადასხვა ინსპექტირების ცენტრებს შორის, რაც აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცესის წარმართვის ერთგვარი წინაპირობაა. ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო. სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს აკრედიტაციის ცენტრი თვითნებურად ვერ შეცვლის, აღნიშნული პირობების შეცვლის უფლება თავად სამინისტროს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის 03.02.2021წ. ბრძანებით დებულებიდან №1 დანართი ამოღებული იქნა, თავის დროზე აღნიშნული დანართის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები და ვალდებულებები დღემდე ძალაშია, შესაბამისად, სამინისტრო განაგრძობს აღებული ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-12 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობას. მოსარჩელემ სფეროს გაფართოების შესახებ განცხადება წარმოადგინა ისე, რომ სფეროს გაფართოებასთან დაკავშირებით სამინისტროსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება არ წარმოუდგენია.

კასატორმა აღნიშნა, რომ აკრედიტაციის ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.11.2020წ. წერილით ეცნობა, რომ შპს „...ას“ განცხადებასთან დაკავშირებით ცენტრს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „პ...ს“ (უფლებამონაცვლე სს „გ...ო“) შორის 29.06.2018წ. გაფორმებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება სამინისტროს აღნიშნული წერილის მიღების შემდგომ აკრედიტაციის ცენტრის მიერ სამინისტროსთვის განმეორებით მიმართვის ვალდებულებაზე. აკრედიტაციის ცენტრის დებულებისა და სამინისტროსა შპს „პ...ს“ (უფლებამონაცვლე სს „გ...ო“) შორის 29.06.2018წ. გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესახებ განცხადებას მსვლელობას ვერ მისცემდა. მოსარჩელის განცხადება არ აკმაყოფილებდა „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, არ პასუხობდა საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამის აკრედიტაციის სქემას და აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის განცხადებას არ ერთვოდა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება და სხვ.. აღნიშნული პტი რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მოქმედია 2018 წლიდან 10 წლის განმავლობაში.

კასატორმა მიუთითა 2017-2018 წლებში დაწყებულ რეფორმასა და ამ რეფორმის წარმატებით განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის განხორციელება დაიწყო საუკეთესო ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად, რისთვისაც საკონსულტაციო მომსახურება გაწია ინსპექტირების სფეროში აღიარებულმა საკონსულტაციო კომპანიამ (SGS). აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები მოიცავდა ასევე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობასთან, მათ ტერიტორიულ განაწილებასთან, აღსრულების სტრატეგიასთან, ტექნიკური ინპექტირების აუდიტის სისტემასთან, პერიოდულობასთან და დაწესებული მომსახურების საფასურთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სოციალური საკითხების გათვალისწინებით გაცემულ რეკომენდაციებს. რეფორმის გატარების მიზნით სამინისტროს მიერ ღონისძიებები წარიმართა ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ეხებოდა უკვე არსებულ ინსპექტირების ცენტრებს, შედეგად სამინისტროს მიერ ხელშეკრულება გაფორმდა 16 კომპანიასთან (მათ შორის მოსარჩელესთან). რეფორმის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ახალი ინსპექტირების ცენტრების მშენებლობას/განვითარებას და ამ მიზნით სამინისტროს მიერ საჯაროდ გამოცხადდა მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე. მოწვევა გამოცხადდა 3 ლოტად. თითოეულ ლოტში განისაზღვრა ინსპექტირების ხაზების რაოდენობა. ლოტებში ინსპექტირების ცენტრების გადანაწილება ითვალისწინებდა პრინციპს იმის შესახებ, რომ ინსპექტირების ცენტრებს შორის მანძილი უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 40კმ ან ავტომობილით 1 საათის სავალი გზა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ლოტებში ტესტირების ხაზების გადანაწილების მხრივ თანაბარი პირობების დაცვა. სამინისტროს მიერ SGS-ის მეთოდოლოგიისა და გათვლების საფუძველზე განხორციელდა რეფორმისთვის საჭირო ტექნიკური ინსპექტირების ხაზების მინიმალური რაოდენობის გაანგარიშება. კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „პ...სი“, რომელთანაც სამინისტრომ დადო ხელშეკრულება და აკრედიტაციის სამუშაოების შედეგად ამ უკანასკნელს მიენიჭა აკრედიტაცია. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი - მოსახლეობისთვის ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, გამართული ინფრასტრუქტურა და სათანადო კომპეტენციის მქონე პერსონალით პტი ცენტრების აღჭურვა და სხვ. მიღწეული იქნა. საქართველოში ამჟამად ოპერირებს 42 აკრედიტებული პტი ცენტრი 70-ზე მეტ ლოკაციაზე. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ზემოაღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე, ასევე არ უმსჯელია ამ რეფორმის განხორციელებისთვის ჩატარებული ღია კონკურსის მთავარი პირობების ყველა მხარის მიერ სავალდებულოდ შესრულების აუცილებლობაზე.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და შესაბამის პტი ცენტრებს შორის, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებისა და ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების გამო აკრედიტაციის ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს აკრედიტაცია მხოლოდ დადგენილი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრზე, მათ შორის გასცეს აკრედიტაცია - სფეროს გაფართოებაზე (ლოკაციის ან ტესტირების ხაზის ტიპის ცვლილებისას, ან/და ტესტირების ხაზის დამატების მოთხოვნისას), რადგან მსგავსი მოთხოვნა ექცევა მიმდინარე რეფორმის ჩარჩოში და საჭიროებს სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას განცხადებასთან დაკავშირებით, მეტიც, სფეროს გაფართოება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად - პირველადი აკრედიტაციის მსგავსია და მის შესაბამისად წარიმართება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აკრედიტაციის ცენტრი შეიქმნა აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, აკრედიტაციის ცენტრი შეიმუშავებს აკრედიტაციის წესებს და პროცედურებს (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ 1.1 მუხ., მე-2 მუხ., „მ“ ქვ.პ., მე-3 მუხ. მე-4 პ. „გ“ ქვ.პ.). აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცდა „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“, რომლითაც დადგინდა აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის აკრედიტაციასთან დაკავშირებული განცხადების მიღების, დამუშავების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ზოგადი წესის თანახმად, მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო კონტროლით ახორციელებს საჯარო საქმიანობას („საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი მიკუთვნებული საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის შესაძლებლობასა და უფლებამოსილებას. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეოებებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ გამოსვლა (3.1 მუხ.). აკრედიტაციის მინიჭების, ასევე აკრედიტაციის სფეროს გაფართოების საკითხების განხილვა შეადგენს არა სამინისტროს, არამედ მისი სსიპ-ის უფლებამოსილებას, ხოლო სსიპ-ისა და სამინისტროს უფლებამოსილებები ერთმნიშვნელოვნად გამიჯნულია. მართალია, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირია, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო საქმიანობას და საკუთარი სახელით იძენს უფლება-მოვალეობებს. სსიპ სამინისტროსაგან განცალკევებული ორგანიზაციაა. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ აკრედიტაციის ცენტრმა აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განცხადება სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით უნდა განიხილოს, არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის მართლზომიერებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველს არ ქმნის. აკრედიტაციის ცენტრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსადმი დაქვემდებარება არ გამორიცხავს აკრედიტაციის ცენტრის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, სზაკ-ით დადგენილი პრინციპების დაცვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებას.

საქმეში დაცული მასალების თანახმად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...ას“ შორის 30.03.2018წ. გაფორმდა ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შექმნისა და მოწმობის შესახებ. ინსპექტირების ცენტრის ადგილმდებარეობად მიეთითა ქ. თბილისი, ...ის გამზ. №1 (ორი ტესტირების ხაზი) და ქ. თბილისი, ...ის ქ. №6 (სამი ტესტირების ხაზი). 09.10.2020წ. აკრედიტაციის ცენტრის განკარგულებით, ინსპექტირების ორგანოს შპს „...ას“ აკრედიტაციის სფერო, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №1-ში მდებარე ფილიალის ორი LV ხაზის გაუქმების გამო, შემცირდა, შესაბამისად, გაიცა ახალი აკრედიტაციის მოწმობა და 12.10.2020წ. მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება აკრედიტაციაზე. 15.10.2020წ. შპს „...ამ“ განცხადებით მიმართა აკრედიტაციის ცენტრს და დამატებით სფეროში აკრედიტაცია მოითხოვა ახალ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №11ბ (ორი LV ხაზი). ამდენად, დგინდება, რომ 15.10.2020წ. განცხადებით შპს „...ამ“ მოითხოვა არა 30.03.2018წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების ცენტრის ადგილმდებარეობის ცვლილება, არამედ დამატებითი სფეროს აკრედიტაცია. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება ხორციელდება დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტებული შშო განცხადებით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს, შეფასება ხორციელდება პირველადი აკრედიტაციის მსგავსად (საკ 1.1:2020 – „აკრედიტაციის საერთო წესების და პროცედურების“ 16.3 მუხ.), შესაბამისად, კასატორის მითითება ხელშეკრულებით შეთანხმებული ლოკაციის გადატანის დაუშვებლობაზე, არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას, ვინაიდან მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა არა 30.03.2018წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის ცვლილება, არამედ ახალ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქ. №11ბ) დამატებით სფეროში აკრედიტაცია, ამასთან, ინსპექტირების ცენტრის ლოკაციის ცვლილების თაობაზე მოთხოვნის შესაძლებლობას გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ 09.10.2020წ. განკარგულებით, შპს „...ას“ აკრედიტაციის სფერო, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №1-ში მდებარე ფილიალის ორი LV ხაზის გაუქმების გამო, შემცირდა. აკრედიტაციის შემცირება გულისხმობს აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ გაუქმებას (2.1 მუხ. „ყ“ ქვ.პ.), შესაბამისად განმცხადებელი ვერ მოითხოვდა ინსპექტირების ცენტრის ადგილმდებარეობის ცვლილებას ისეთი მისამართით, რაზეც აკრედიტაცია აღარ გააჩნდა მისი გაუქმების გამო. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 30.03.2018წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლოკაციის ცვლილება ხელშეკრულების მხარესთან (სამინისტროსთან) შეთანხმებით უნდა განხორციელდეს, არ უნდა იქნეს გაზიარებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ დებულებაში 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით შეტანილი დამატებების შედეგად დებულებას დაემატა 21 მუხლი და დანართი №1, რომლითაც დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. ამ დანართით განისაზღვრა, რომ ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამავე დებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული დანართი ასევე აწესრიგებდა ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავდა აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენდა შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.02.2021წ. №1-1/27 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, კერძოდ, ამოღებულ იქნა დებულების 21 მუხლი და დებულების №1 დანართი. შპს „...ამ“ აკრედიტაციის ცენტრში დამატებითი სფეროს აკრედიტაციის მოთხოვნით განცხადება წარადგინა 15.10.2020წ.. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკრედიტაციის ცენტრმა პოზიციის დაფიქსირების მიზნით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სამინისტროს 04.11.2020წ. წერილის მიხედვით, აკრედიტაციის ცენტრმა შპს „...ამ“ განცხადების განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „პ...სს“ (უფლებამონაცვლე სს „გ...ო“) შორის „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის/მოწყობის, აკრედიტაციის მიღებისა და ოპერირების თაობაზე“ 29.06.2018წ. გაფორმებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სადავო 16.11.2020წ. წერილში, მოპასუხემ მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.11.2020წ. წერილის შინაარსზე, ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულის გამო აკრედიტაციის ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს შპს „...ას“ 15.10.2020წ. განცხადება აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე. განსახილველ საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ განმცხადებელს აკრედიტაციის ცენტრში არ წარუდგენია სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება ან ძველ ხელშეკრულებაში ცვლილებაზე შეთანხმება, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამხდარა მოსარჩელის 15.10.2020წ. განცხადების განუხილველობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან, აკრედიტაციის სქემასთან და აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისობას. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და განაცხადის განხილვაზე დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს დადგენილ ვადაში (5.2 მუხ.). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც ფორმალური, ისე აქტის მატერიალური კანონიერების კრიტერიუმს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის გასაჩივრებული აქტი ეფუძნება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 04.11.2020წ. წერილს, რომელიც შეიცავს ზოგადი ხასიათის მითითებას 29.06.2018წ. ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების სავალდებულობაზე. მოპასუხეს სადავო აქტით არ მიუთითებია განცხადების განუხილველობის კონკრეტულ საფუძვლებზე, 16.11.2020წ. წერილი არ შეიცავს დასაბუთებულ უარს, შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრის მიერ უგულებელყოფილი იქნა „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

კასატორი აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადების განხილვისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების სავალდებულობის დასადასტურებლად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით დადგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული - „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით“ აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცდა „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“, შესაბამისად აღნიშნული წესი განსაზღვრავს საფასურს, მისი გაანგარიშების წესს და არ ადგენს აკრედიტაციასთან დაკავშირებული განცხადების მიღების, დამუშავების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილებას, მითითებული წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი - „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა და პერსონალი (1.1 მუხ.). საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული წესიც სწორედ ამ მოთხოვნებთან მიმართებით ითვალისწინებს დამატებითი პირობების დადგენის შესაძლებლობას. კასატორი არ მიუთითებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობაზე, ინსპექტირების ცენტრის შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის ან/და პერსონალის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ წესებთან შეუსაბამობაზე. ამასთანავე, მოპასუხის გასაჩივრებულ აქტში მითითებული არ არის აკრედიტაციის ცენტრის დებულებით დადგენილი რაიმე კონკრეტული მოთხოვნების განმცხადებლის მიერ შეუსრულებლობაზე. საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული წესის ზოგადი ნორმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანიჭებს დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილებას, არ გულისხმობს აკრედიტაციის მინიჭებაზე (სფეროს გაფართოებაზე) ყველა განცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების უპირობო საჭიროებას, ასეთი საჭიროების დასაბუთების გარეშე.

სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის 16.11.2020წ. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, აკრედიტაციის ცენტრის მიერ შპს „...ას“ 15.10.2020წ. განცხადების განუხილველობის საფუძვლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „პ...სს“ (უფლებამონაცვლე - სს „გ...ო“) შორის 29.06.2018წ. დადებულ ხელშეკრულებაზე მიეთითა, თუმცა განცხადების განხილვაზე უარი არ შეიცავს მითითებას ამ ხელშეკრულების კონკრეტულ დებულებებზე და ამ დებულებების საფუძველზე შპს „...ას“ 15.10.2020წ. განცხადების განხილვის შეუძლებლობაზე. განცხადების განხილვაზე უარი იმდენად ზოგადი ხასიათისაა, რომ მისი მართლზომიერების შეფასება შეუძლებელია. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა სადავო წერილი განხილვაზე უარის კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს, წერილი არ შეიცავს აგრეთვე რაიმე მითითებას „წესებითა და პროცედურებით“ გათვალისწინებული სქემებისა და პროცედურებისადმი შპს „...ას“ განცხადების შეუსაბამობაზე, მითითებული არაა კონკრეტული საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლით, გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაზე. საკასაციო საჩივრის ვრცელი ნაწილის ეთმობა მსჯელობას ტექნიკური ინსპექტირების სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე, ამ რეფორმის მნიშვნელობაზე, საკონსულტაციო კომპანიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებზე, თუმცა კასატორი არ უთითებს აღნიშნული რეფორმის გამო შპს „...ას“ განცხადების დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებებზე, ამ განცხადებისა და ტექნიკური ინსპექტირების სფეროში გაწეული რეკომენდაციების კონკრეტულ ურთიერთშეუსაბამობებზე. აღნიშნულზე არც გასაჩივრებულ აქტში არ არის მითითებული. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია რეფორმის ფარგლებში საჭირო ტექნიკური ინსპექტირების ხაზების მინიმალური რაოდენობის გაანგარიშებაზე, თუმცა კასატორი არ ასაბუთებს აღნიშნული გარემოება რატომ გამორიცხავს დამატებით სფეროში აკრედიტაციის შესაძლებლობას. განცხადების განხილვაზე უარის მართლზომიერებას ასევე არ ადასტურებს იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2017-2018 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწყობილ ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოის მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ითა და „აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით“ დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2022წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (საიდენტიფიკაციო კოდი 200169325) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.01.2023წ. №00013 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე