Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-183(კ-23) 3 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. კ-ი

მესამე პირი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. კ-მა 2021 წლის 16 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოპასუხის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება - მოსარჩელეს დაურიცხოს 3 წლის, კერძოდ, 2017 წლის მაისიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით კომუნალური სუბსიდია 1290 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მე-3 პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეს დაურიცხოს 3 წლის, კერძოდ, 2017 წლის მაისიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, კომუნალური სუბსიდია 1290 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, 209-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირების ქმედებებში ბრალის არსებობა, რაც შესაძლოა, ყოფილიყო მიზეზობრივ კავშირში, მოსარჩელის მიმართ ზიანის მიყენებაში. კასატორის მოსაზრებით, პირისათვის ზიანის ანაზღაურების დავალების სამართლებრივ საფუძველს კუმულაციურად რამდენიმე სამართლებრივი პირობის ობიექტურად არსებობა წარმოადგენს, კერძოდ, პირის მოქმედება, რამაც ზიანი გამოიწვია, უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო (კანონშეუსაბამო), პირს უნდა ჰქონდეს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზ -შედეგობრივი კავშირი. ასევე, ზიანი განპირობებული უნდა იყოს პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასათანადოდ შეაფასეს აღნიშნული გარემოებების არსებობა საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. განსახილველ შემთხვევაში კი, სააგენტოს ქმედებაში მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობდა, ვინაიდან, სააგენტოს მიერ განხორციელდა ის კონკრეტული ქმედება, რაც განხორციელდა სააგენტოს დირექტორის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემით.

კასატორის მითითებით, კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის №3/4970-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებას, რომლის სარეზოლუციო ნაწილით არ იყო განსაზღვრული რაიმე სახის ზიანი და მისი ოდენობა. სააგენტოს მხოლოდ დაევალა დ. კ-ის ოჯახის აღდგენა/რეგისტრაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 2014 წლის 6 დეკემბერს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამისად, ასევე დ. კ-ის ოჯახს აუნაზღაურდა ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) 2017 წლის მაისიდან 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე - 2020 წლის 29 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით 2280 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება კი განხორციელდა სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 სექტემბრის №04-418/ო ბრძანებით. ამრიგად, დასახელებულ გარემოებებზე მითითებით კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დ. კ-ისთვის კომუნალური სუბსიდიის - 1290 ლარის დარიცხვის მოპასუხისათვის დავალების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 26 დეკემბრის №48.35.993 განკარგულებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „კომუნალური სუბსიდირების“ ქვეპროგრამის (კოდი 06 02 01) განხორციელების წესზე“, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის“ მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული აბონენტის ნომერი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომსახურე კომპანიების ბაზაში ფიქსირდება, როგორც საყოფაცხოვრებო სექტორის აბონენტი/მომხმარებელი. დასახელებული „წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა თვეში არა უმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 200 000-ს, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა თვეში არა უმეტეს 20 ლარით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ სუბსიდია ირიცხება ხუთი თვის განმავლობაში, 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერში და დეკემბერში, სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სუბსიდია გაიცემა სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის დარიცხული გადასახადის (კომუნალური მოსაკრებლის) თანადაფინანსებისათვის. ანალოგიურ წესს ითვალისწინებს ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 26 დეკემბრის №18.1120.1557 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კომუნალური სუბსიდირების“ ქვეპროგრამის (კოდი 06 02 01) განხორციელების წესი.

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკონკრეტებულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, რომ კანონმდებლობით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი, თუკი კუმულაციურად არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი წინაპირობები: 1. საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. უმოქმედობა ატარებს უკანონო ხასიათს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას; 2. დამდგარია შედეგი პირისთვის ზიანის მიყენების სახით; 3. არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის; 4. სახეზეა სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 14 მაისს შევსებული დ. კ-ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 111610 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 19 ივლისს შევსებული დ. კ-ის ოჯახის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე მას გაუუქმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 5 სექტემბერს შევსებული დ. კ-ის ოჯახის დეკლარაცია და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 89480 სარეიტინგო ქულის მინიჭებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის №04/39290 გადაწყვეტილება; მოპასუხეებს დაევალათ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ. კ-ს აღუდგებოდა 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული 41440 სარეიტინგო ქულა და 2017 წლის მაისის თვიდან დაუანგარიშდებოდა მიუღებელი ფულადი სოციალური დახმარება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის. საკასაციო პალატის მითითებით, მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის მაისიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, მართალია, ჩაერიცხა სუბსიდია ნოემბრის, დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებში, ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით, თუმცა სუბსიდიის თანხა - 20 ლარი გათვალისწინებულია იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 200 000-ს. იმ პირობებში კი, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის ოჯახისთვის დადგენილია სარეიტინგო ქულა - 41440, მხარემ მოითხოვა აღნიშნულ თვეებში კანონის შესაბამისად განსაზღვრული მიუღებელი სუბსიდიის გაცემა (ყოველთვიური გასაცემი თანხას (106ლ.) გამოკლებული ყოველთვიური მიღებული სუბსიდია (20ლ.).

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლითაც იგი არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას და სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა არ მიიჩნია საჩივრის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელისთვის კომუნალური სუბსიდიის თანხა მიბმული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მისთვის მინიჭებულ სარეიტინგო ქულასთან, ხოლო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აღუდგა 2017 წლის მაისის გადამოწმებამდე მინიჭებული სარეიტინგო ქულა - 41440, შესაბამისად, არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მართებულია, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია დ. კ-ისთვის სარეიტინგო ქულის - 41440 აღდგენა. სწორედ ამიტომ, მართებულია სასამართლოთა მსჯელობა, რომ უნდა გაიცეს სუბსიდია აღნიშნული სარეიტინგო ქულისათვის დადგენილი შესაბამისი ოდენობით, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 26 დეკემბრის №48.35.993 და 2018 წლის 26 დეკემბრის №18.1120.1557 განკარგულებებით ყოველთვიურად შეადგენს 106 ლარს, ხოლო გაცემული ყოველთვიური სუბსიდიის (20 ლარი) გათვალისწინებით მიუღებელ პერიოდზე (2017 წლის მაისის თვიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, კერძოდ, 2017 წლის დეკემბერი, 2018 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, დეკემბერი; 2019 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, დეკემბერი; 2020 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) 15 თვის განმავლობაში გასაცემი კომუნალური სუბსიდია შეადგენს 1290 ლარს (15X86 ლარი).

ამრიგად, უდავოა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ვერ მიიღო კუთვნილი კომუნალური სუბსიდია. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რამაც მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მოცემული გარემოებები კი, მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სოციალური მოამსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე