Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-287(კ-23) 3 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - მ. ს-ა (მოსარჩელე), გორის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მესამე პირები - დ. ტ-ი, გ. უ-ე, ნ. ჯ-ი-უ-ე, ვ. კ-ე, მ. კ-ე, ლ. კ-ე, ნ. კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ს-ამ 2020 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მ. ს-ას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, გორის მუნიციპალიტეტის სახელზე ... საკადასტრო კოდის მქონე 160 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების და გორის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 25 აგვისტოს №... ბრძანების, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა 160 კვ.მ მიწის ფართობი, ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ტ-ი, გ. უ-ე, ნ. ჯ-ი-უ-ე.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განსახილველ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ., მ., ნ. და ლ. კ-ეები.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სასარჩელო წარმოება - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, შეწყდა დაუშვებლობის გამო; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს საკითხის ხელახლა განხილვისას დაევალა ვ., მ., ლ. და ნ. კ-ეების, მ. ს-ასა და დ. ტ-ის საკუთრებებს შორის მოქცეული საერთო სარგებლობის გზის ზუსტი ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესწავლა, ასევე მ. ს-ას საკუთრების ფარგლების და საზღვრების დადგენა, მხარეთა, აგრეთვე მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების (მოსარგებლეების), გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთების სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონებების კონფიგურაციის, საერთო სარგებლობის გზისა და კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საზღვრების პარამეტრების გამოკვლევა, ასევე ტექნიკური პასპორტის, მიწათსარგებლობის გეგმისა და ფაქტობრივი მდგომარეობის სრულყოფილი გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საერთო სარგებლობის ზუსტი ადგილმდებარეობისა და კოორდინატების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სასარჩელო მოთხოვნა - გორის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 25 აგვისტოს №... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, კერძოდ, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდის მქონე 703 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო მ. ს-ას, გ. უ-ეის და ნ. ჯ-ი-უ-ეის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის საფუძვლებად მითითებულია 2013 წლის 19 დეკემბრის №AA2013053558-03 საარქივო ცნობა (გორის არქივი) და უძრავი ნივთის 2016 წლის 17 მაისის ჩუქების ხელშეკრულება). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის 10 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა დ. ტ-იმა, რომელმაც ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, მცდარი საკადასტრო მონაცემების შესწორება მოითხოვა. 2019 წლის 23 ივლისს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები (ფართობი 545 კვ.მ), ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, მომზადდა შესაბამისი ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა. დასახელებული გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრეს მ. ს-ამ და დ. ტ-იმა. გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2020 წლის 14 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 23 ივლისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება. დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სარეგისტრაციო სამსახურმა ბათილად ცნო რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილება (საკადასტრო კოდი ...). შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა ასევე 2020 წლის 13 ივლისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ჩატარებულიყო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. 2020 წლის 29 ივლისის ადგილზე დათვალიერების №8 ოქმის თანახმად, დაინტერესებული პირის მითითებით, აიგეგმა ... საკადასტრო კოდით (მესაკუთრე დ. ტ-ი) რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა, აიზომა სადავო ტერიტორია, აგრეთვე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ მითითებული საზღვრები და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი საზღვარი, რომელიც ემთხვეოდა ამ უკანასკნელის ფაქტობრივ მდებარეობას. ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, მომზადდა შესაბამისი სიტუაციური ნახაზი. შესაბამისად, 2020 წლის 6 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ „ადგილზე დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ მ. ს-ას მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე საზღვარი არ არის ფიქსირებული და თავად მიუთითა, რომელიც ძირითადად ემთხვევა 2019 წლის 23 ივლისის რეგისტრაციამდე არსებულ მდგომარეობას. ადგილზე დათვალიერების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დ. ტ-ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან სხვა მისასვლელი გზა (საფეხმავლო და სამანქანო), გარდა სადავო ტერიტორიისა, არ გააჩნია“. ამდენად, რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი გახდა 628 კვ.მ, ასევე მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

რაც შეეხება 2020 წლის 3 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებას, კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 27 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 160 კვ.მ უძრავ ნივთზე. აღნიშნულ მომართვას დანართის სახით დართული ჰქონდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები და გორის მუნიციპალიტეტის მერის №... ბრძანება. 2020 წლის 28 აგვისტოს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში დარეგისტრირდა №... განცხადება, ხოლო 2020 წლის 3 სექტემბერს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 160 კვ.მ უძრავ ნივთი დარეგისტრირდა გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (რეგისტრაციის საფუძველი: ბრძანება №...-ს, დამოწმების თარიღი: 25.08.2020, გორის მუნიციპალიტეტის მერია), ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი, ასევე მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორისთვის არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოტივაცია საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალების ნაწილში. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც ძალაში დარჩა ძირითადი სარეგისტრაციო წარმოება ... საკადასტრო კოდთან დაკავშირებით. სააგენტოსთვის ასევე გაუგებარია უძრავი ქონების რა ნაწილში უნდა განხორციელდეს საკადასტრო მონაცემების შესწავლა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მხარეს სრულად არ დაუკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, გასაჩივრების ვადის დაუცველობაზე მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ვინაიდან ამ ნაწილში წარდგენილი არ ყოფილა სააპელაციო საჩივარი, პალატამ დასახელებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ვერ შეაფასა, რამდენად არსებობდა წარმოების შეწყვეტის საფუძვლები. სააპელაციო პალატამ ასევე არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. ს-ას მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 25 აგვისტოს №... ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავდა დასაბუთებას. ამდენად, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლის თანახმად, საუბნო გზის სტატუსით გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა 160 კვ.მ უძრავი ნივთი.

საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას 160 კვ.მ მიწის ნაკვეთის გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება („ა“ ქვეპუნქტი); წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს („ბ“ ქვეპუნქტი); არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები („გ“ ქვეპუნქტი). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად კი, ბათილია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სადავო აქტით, გორის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 25 აგვისტოს №... ბრძანების საფუძველზე, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 160 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, როგორც საუბნო გზა, დარეგისტრირდა სსიპ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. აღნიშნული აქტი მიღებულ იქნა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა, კერძოდ, ვ., მ., ლ. და ნ. კ-ეების, მ. ს-ასა და დ. ტ-ის საკუთრებებს შორის მოქცეული საერთო სარგებლობის გზის ზუსტი ადგილმდებარეობის და საზღვრების შესწავლა, ასევე მ. ს-ას საკუთრების ფარგლების და საზღვრების დადენა, მხარეთა, აგრეთვე მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდების, მესაკუთრეების, გეოგრაფიული მდებარეობის, მიწის ნაკვეთების სხვა მახასიათებლების, უძრავი ქონებების კონფიგურაციის, საერთო სარგებლობის გზისა და კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საზღვრების პარამეტრების გამოკვლევა-შეფასება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე გზის არსებობა, თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობის განსასაზღვრად საჭიროდ ჩათვალა ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა. სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას სააგენტოს მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების №8 ოქმის თანახმად, დაინტერესებული პირების მითითებით, აიგეგმა ... საკადასტრო კოდით (მესაკუთრე დ. ტ-ი) რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა, აიზომა სადავო ტერიტორია, აგრეთვე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ მითითებული საზღვრები და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი საზღვარი, აიზომა სამივე მიწის ნაკვეთი და სადავო მონაკვეთში არსებული ფიქსირებული საზღვრები. შედეგად, დადგინდა, რომ მ. ს-ას მიწის ნაკვეთის დასავლეთ საზღვარი გადიოდა მყარ სასაზღვრო ღობეზე, დ. ტ-ის თავის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მისასვლელი საფეხმავლო და სამანქანო გზა, გარდა სადავო ტერიტორიისა არ გააჩნდა; მ. ს-ას ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვარი არ იყო ფიქსირებული. მ. ს-ას მითითებით, მისი მიწის ნაკვეთის დასავლეთ საზღვარი გადიოდა კ-ეების ღობესთან. ამავე ოქმის თანახმად, მ. ს-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთით არსებული ფაქტობრივი ღობიდან დ. ტ-ის უძრავ ქონებამდე საზღვარი არ იყო ფიქსირებული და საზღვარი უშუალოდ დ. ტ-ის ჭიშკრის აღმოსავლეთ საზღვრიდან იქნა გავლებული, რომლის წერტილებიც აღებული იქნა უშუალოდ დასავლეთით არსებული ღობის გასწვრივ. აქედან გამომდინარე სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მონაკვეთში არსებული საერთო სარგებლობის გზის ადგილმდებარეობა, კოორდინატები და საზღვრები ზუსტად ემთხვეოდა 2019 წლის 21 ივნისს ადგილზე დათვალიერების შედეგად აზომილ მონაცემებს, რომელიც საფუძვლად დაედო 2019 წლის 23 ივლისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებას და რომელიც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სწორედ იმის გამო, რომ სრულყოფილად არ იყო ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ასევე მიმდინარე დავის განხილვისას გამოვლენილი გარემოებები, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გადიოდა გზა, თუმცა ჰქონდა ჭიშკარი, რომელიც ღია იყო. მხარეებმა ახსნა-განმარტებისას აღნიშნეს, რომ ჭიშკარი ნამდვილად იყო და ჩამოიხსნა პოლიციის მეშვეობით, მაგრამ მისი ბოძები ისევ ადგილზე დარჩა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ შედგენილ ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ოქმში ამ გარემოებების შესახებ არ არის მითითება, აგრეთვე არ ასახულა ხეივანი, რომელიც ადგილზე გასვლითი სხდომისა და წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით, დასავლეთით არსებული ფაქტობრივ ღობეს მიუყვება და ფარავს მთლიანად სადავო მონაკვეთს. სააგენტომ, მართალია, განმარტა, რომ გაითვალისწინა სისტემური რეგისტრაციის მონაცემები, გ. ჯ-ის (... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრე) ტექნიკური პასპორტი, მიწათსარგებლობის გეგმა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ადგილზე დათვალიერება და ისე მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის სახელზე საერთო სარგებლობის გზის რეგისტრაციის შესახებ, თუმცა ორივე შემთხვევაში სააგენტომ ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და უპირატესად დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების შედეგებს. იმ პირობებში კი, როდესაც ზემოაღნიშნული გარემოებები ოქმში მითითებული არაა, შეუძლებელია სადავო საკითხი სრულყოფილად გამოკვლეულად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები სარწმუნოდ დადგენილად იქნეს მიჩნეული. ამასთანავე, მოწმეთა და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით აღნიშნულ მონაკვეთზე არსებობდა საერთო სარგებლობის გზა, სადავოა სწორედ ამ გზის კოორდინატები, რომლითაც ამჟამად დ. ტ-ი და მ. ს-ა სარგებლობენ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას და მიიჩნევს, რომ გზის ზუსტი კონფიგურაციის და კოორდინატების დადგენა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მიადგეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს საკუთრება გადაეცა გ. ჯ-ისაგან, მის სახელზე გაცემულია ტექნიკური პასპორტი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, რომლის საფუძველია საკომლო წიგნის ჩანაწერი. მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 746.34 კვ.მ, ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირებულია 628.00 კვ.მ უძრავი ქონება. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №00019872 დასკვნას, ის მიღებულია სისტემური რეგისტრაციის მონაცემების გათვალისწინებით, თუმცა წარმოადგენს დაუზუსტებელ გრაფიკულ მონაცემებს, რის გამოც, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნის შეფასების ნაწილშიც.

დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, გამოიკვლიოს და დაადგინოს ვ., მ., ლ. და ნ. კ-ეების, მ. ს-ასა და დ. ტ-ის საკუთრებებს შორის მოქცეული საერთო სარგებლობის გზის ზუსტი ადგილმდებარეობა და საზღვრები, ასევე მ. ს-ას საკუთრების ფარგლები და საზღვრები, გამოიკვლიოს მხარეთა, აგრეთვე მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთების სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონებების კონფიგურაცია, საერთო სარგებლობის გზისა და კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საზღვრების პარამეტრები, და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საერთო სარგებლობის ზუსტი ადგილმდებარეობისა და კოორდინატების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 3 აპრილს №15563 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე