საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-368(კ-23) 3 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ზ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები (ასკ-ის 16.1 მუხლით) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, გ. ლ-ი
მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - გ. ნ-ა, გ. ს-ი, გ. მ-ე, ი. ა-ე, შ. დ-ი, ავტოფარეხების მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „№...“.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ზ. დ-მა 2019 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლის №..., „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №..., „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ...ისა და ...ის ქუჩებს შორის მდებარე საერთო ეზოში არსებულ №26 ავტოფარეხზე ზ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, განსახილველ საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ ავტოფარეხების მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „№...“, ხოლო იმავე კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და გ. ლ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, განსახილველ საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ გ. ნ-ა, გ. ს-ი, გ. მ-ე, ი. ა-ე და შ. დ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება ზ. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მან მოითხოვა ...ისა და ...ის ქუჩებს შორის მდებარე საერთო ეზოში არსებულ №26 ავტოფარეხზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და მოსარჩელეს დაევალა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი თანხმობის კრების ოქმის წარდგენა. ზ. დ-მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და მიუთითა, რომ რეგისტრატორს უნდა მოეთხოვა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ კრების ოქმი, არამედ ავტოფარეხების მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ კრების ოქმი, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკუთრების უფლების მოწმობა გასცა ამ უკანასკნელის წევრებზე. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ აღიარების კომისიას მიმართა 50 პირმა, რომლებიც იყვნენ მიწისქვეშა ავტოფარეხების მესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...-ის“ წევრები. აღნიშნული ამხანაგობა კი არის კოოპერატივ „კ...-ის“ სამართალმემკვიდრე, რაც დასტურდება ამავე ამხანაგობის დაფუძნების კრების ოქმით. კასატორის მოსაზრებით, სწორედ აღნიშნულ პირებს ეღიარათ საკუთრების უფლება და არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ წევრებს. საბოლოოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა განმცხადებლის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სარეგისტრაციო დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. სწორედ ამიტომ, კასატორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის საერთო ეზოში მდებარე №26 ავტოფარეხის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- ზ. დ-მა 2019 წლის 4 თებერვალს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის საერთო ეზოში მდებარე №26 ავტოფარეხზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა;
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებას. ამასთან, 2015 წლის 28 დეკემბერს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, №26 ავტოსადგომი გადაეცა თ. დ-ს, ხოლო მოცემულ განაცხადზე დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა ზ. დ-ი, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი რეესტრში წარდგენილი არ იყო. ამდენად, დაინტერესებულ პირს მოეთხოვა უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმის და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ასევე, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქალაქ თბილისის საკრებულოდან №... საკუთრების უფლების მოწმობის იურიდიული საფუძვლების თაობაზე;
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის მიზნით, ზ. დ-ის წარმომადგენელმა - თ. კ-იმ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მინდობილობა. №... განაცხადზე ასევე წარდგენილ იქნა თ. დ-ის წერილი, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა №26 ავტოფარეხის ზ. დ-ის საკუთრებაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით და თ. კ-ის განცხადება, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრს უნდა მოეთხოვა არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „№...-ის“, არამედ ავტოფარეხების მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ კრების ოქმი. დაინტერესებულმა პირმა ასევე წარადგინა აღიარების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები და №... საკუთრების მოწმობის ასლი.
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 მარტს მიღებულ იქნა №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც არის 2019 წლის 8 თებერვლის №... გადაწყვეტილების იდენტური. მხარეს დამატებით ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი №... განაცხადით №26 ავტოფარეხი საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ზ. დ-ს და არა - თ. დ-ს, წარსადგენი იყო მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-იანი კრების ოქმის გაუქმების დამადასტურებელი ბმა-ს კრების ოქმი, რომლითაც ავტოსადგომი №26 გადაეცემოდა თ. დ-ს;
- დადგენილია, რომ 2019 წლის 4 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 13 და 26 მარტს, 8 და 10 აპრილს ზ. დ-მა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია-განცხადებები, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 მარტის, 1 აპრილის და 12 აპრილის წერილობითი შეტყობინებებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი. საბოლოოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ზ. დ-ის განცხადებაზე;
- საქმეში დაცულია ბმა „№...-ის“ 2010 წლის 28 აპრილის №2010-3 კრების ოქმი, რომლის თანახმად, ამხანაგობის მიერ ერთხმად გადაწყდა, მიემართათ აღიარების კომისიისთვის და მოეთხოვათ ამხანაგობის წევრების სარგებლობაში არსებულ ქალაქ თბილისში ...ისა და ...ის მიმდებარედ საერთო ეზოში არსებულ ავტოფარეხების ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება. სწორედ აღნიშნული ამხანაგობის წარმომადგენელმა - ი. ყ-მა განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და 2006 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (...ისა და ...ის ქუჩებს შორის მიმდებარე საერთო ეზო, რომელზეც განთავსებულია ავტოფარეხები), განმცხადებელთა (50 ფიზიკური პირი, მათ შორის, ზ. დ-ი) საერთო საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ამავე კომისიის 2010 წლის 7 მაისის №198 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბმა „№...-ის“ და სხვათა წარმომადგენლის - ი. ყ-ის განცხადება და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდგომ, მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია - სასყიდლიანი და საკუთრების უფლება ეღიარა ბმა „...-ის“ წევრებს. 2010 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ გაიცა №... საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის თანახმად, ამხანაგობა „№...-ის“ წევრებს საკუთრებაში გადაეცათ ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის საერთო ეზოში მდებარე 1920 კვ.მ ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დასახელებული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის მიმდებარე საერთო ეზო (დაზუსტებული ფართობი 1920 კვ.მ), ასევე შენობა-ნაგებობები (№1-დან №67-ის ჩათვლით, ს/კ №...) 2011 წლის 24 იანვარს დარეგისტრირდა ამხანაგობა „№...-ის“ საკუთრებად. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ გ. ნ-ა, გ. ს-ი, გ. მ-ე, ზ. დ-ი, თ. დ-ი, ი. ა-ე, შ. დ-ი და ამხანაგობა „№...“;
- საქმის მასალების მიხედვით, ზ. დ-ის სახელზე ერთ-ერთი ავტოფარეხის რეგისტრაციის საფუძველს სწორედ ბმა „№...-ის“ 2011 წლის 19 თებერვლის №2011-45 კრების ოქმი წარმოადგენს, რომლითაც დადასტურდა მისი, როგორც ბმა „№...-ის“ წევრის, ავტოფარეხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი;
- საქმეში წარმოდგენილია ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 ივნისის №55-01191761074 მიმართვა, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა №... საკუთრების უფლების მოწმობის სამართლებრივი საფუძვლები. ამავე მიმართვის საფუძველზე დასტურდება, რომ „№...-ის“ დასახელების მქონე სხვა სუბიექტს, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „№...-ისა“, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით არ მიუმართავს;
- 2019 წლის 8 აპრილს ზ. დ-ის წარმომადგენელმა - თ. კ-იმ ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2019 წლის 10 აპრილს, 19 აპრილს, 22 აპრილს და 24 აპრილს დამატებითი განცხადებებით (საჩივრებით) მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, თუმცა მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისა თუ უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელებისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, მართალია, არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, ასევე, რეგისტრაციამდე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეადაროს მასთან დაცულ მონაცემებს და თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ცალსახად დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „№...-ის“ მიერ მისთვის სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის ფაქტი, რის შესახებაც შესაბამისი კრების ოქმის წარდგენის ვალდებულება მას განსაზღვრული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით და რომლის წარუდგენლობის გამოც შეწყდა საქმის წარმოება. რაც შეეხება სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით ზ. დ-ის მიერ ავტოფარეხების მესაკუთრეთა ამხანაგობა „...“-ის 2019 წლის 29 ივნისის №2 კრების ოქმის წარდგენას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ოქმის საფუძველზე ავტოფარეხის რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან იგი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არასრულყოფილ და არასაკმარის დოკუმენტად იყო მიჩნეული, ამასთანავე მოთხოვნილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „№...-ის“ 100%-იანი კრების ოქმი, რომლის საკუთრებაშიც ირიცხება სადავო ავტოფარეხი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დღემდე ყველა ავტოფარეხი განკარგულია ბმა „№...-ის“ კრების ოქმების საფუძველზე, მათ შორის, ზ. დ-ის სახელზე ერთ-ერთი ავტოფარეხის რეგისტრაციის საფუძველს სწორედ ბმა „№...-ის“ 2011 წლის 19 თებერვლის №2011-45 კრების ოქმი წარმოადგენდა. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ „№...-ის“ დასახელების მქონე სხვა სუბიექტს, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „№...“-ისა, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით არ მიუმართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 7 მაისის №198 საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი გადაეცათ ამხანაგობა „№...-ის“ წევრებს (და არა ავტოფარეხების მფლობელებს), ძალაშია და გაუქმებული არ არის.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის საერთო ეზოში მდებარე №26 ავტოფარეხზე ზ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. თ. კ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კასატორის - ზ. დ-ის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 21 აპრილს №1176 გადახდის ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე