Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-770(კს-23) 9 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი(მოსარჩელე): ბმა „...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები - შპს ,,ს...ი’’; შპს ,,მ...ე’’, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ვ...“; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ვა...’’; ნ. ბ-ა, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა, ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი, ი. ვ-ე, დ. მ-ი

დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბმა „...-მა“ 2019 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის №270 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბმა ,,...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბმა „...“-ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2023 წლის 23 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ნ. ბ-ას, ხ. მ-ის, მ. ც-ის, ნ. ჩ-ის, ე. ა-ას, რ. ე-ისა, ხ. ბ-ისა და დ. მ-ის განცხადებები, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 მარტს წარდგენილ იქნა ხ. ბ-ის, რ. ე-ის, მ. ც-ის, ხ. მ-ის, ლ. წ-ის, ნ. ჩ-ისა და ე. ა-ას განცხადებები, რომლებმაც მოითხოვეს განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხოლო 2023 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ი. ვ-ის განცხადება, რომლითაც მოითხოვა განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განჩინებით, დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ნ. ჩ-ის, ე. ა-ას მ. ა-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბის თაობაზე დაკმაყოფილდე; ადმინისტრაციულ საქმეში 3ბ/55-21 დ. მ-ი, ნ. ბ-ა, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა ჩაბმული იქნენ მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით. ნ. ჩ-ისა და ე. ა-ას შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე- 16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხ. მ-ის, მ. ც-ის, რ. ე-ის, ხ. ბ-ის, ლ. წ-ისა და ი. ვ-ის შუამდგომლობა მესამე პირად ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი და ი. ვ-ე ადმინისტრაციულ N 3ბ/55-21 საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „...-ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და მესამე პირების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩართვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მესამე პირებს უკანონოდ ეთქვათ უარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმაზე, ვინაიდან მათი ავტოფარეხები მდებარეობს ,,...“ გათვალისწინებულ 15 მ. ფარგლებში. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მათი ავტოფარეხებიდან 15 მ. მანძილის დარღვევით დაუშვებლაია, ხოლო ამგვარი მშენებლობის განხორციელების თაობაზე მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული თანხმობა უკანონო. ამდენად, განსახილველი დავა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ უფლებებს და კანონიერ ინტერეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ბმა „...-ის“ კერძო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „...-ის“კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ, მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტის არსებობა უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის.

სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად(სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (სუსგ 16.01.2020წ. Nბს-1170(კს-18)). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია, ჩართოს საქმის განხილვაში მესამე პირები მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში აუცილებელი ფორმით ჩაბმულ მესამე პირებს უფლება აქვთ წარადგინონ დამოუკიდებელი სარჩელი, დამოუკიდებლად გაასაჩივრონ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და სხვა. საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლოა მხარეს შეეზღუდოს ხსენებული მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებები ან უსაფუძვლოდ მიენიჭოს იგი. ამდენად, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს.

მოცემულ შემთხვევაში, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა, ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი და ი. ვ-ე შუამდგომლობენ განსახილველ დავაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. ამდენად, მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს მათი პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა, სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მათი მესამე პირებად ჩაბმის საფუძველი, ასეთ შემთხვევაში კი, დაინტერესებულმა პირებმა მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთონ (სუსგ 12.02.2015წ. Nბს-145-138(კ-13)).

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მასზედ რომ განსახილველ დავის საგანს წარმოადგენს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის №270 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო შუამდგომლობის ავტორები მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 პირველი და მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმას ასაბუთებენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ უკანონო მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს განსახილველი საქმის დავის საგანს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ უფლებებს, კერძოდ, საკუთრების უფლებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სუბიექტის სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მესამე პირად მოწვევისათვის აუცილებელია მისაწვევი პირი იყოს სასამართლოში განსახილველი მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილე და გადაწყვეტილება გავლენას ახდენდეს მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე. დავაში მონაწილეობის ხარისხს განსაზღვრავს ის, რომ ასეთ პირთან მიმართებაში სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა უნდა იყოს შესაძლებელი. მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორთა მითითება, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ამ სუბიექტებთან მიმართებით.

რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი მოწვევა ხორციელდება სასამართლო შეხედულების მიხედვით, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დავის საგნიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება კონკრეტული პირის სამართლებრივი ინტერესი, სასამართლომ იმავე პროცესის ეკონომიურობისა და საქმის ყოველმხრივი განხილვის მიზნებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და უზრუნველყოს მე-3 პირის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მისაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივესთან, ან კი მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წაგებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან, შელახული სამართლებრივი ინტერესი საკუთარი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ავტორთა განცხადებები და ნ. ბ-ა, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა, ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი, ი. ვ-ე და დ. მ-ი ჩაბმულ იქნენ ადმინისტრაციულ საქმეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ორივე მოწვევის მესამე პირების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს მათივე სამართლებრივი ინტერესის დაცვის საჭიროება. აღნიშნულთან მიმართებით, პალატა დამატებით მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებას საქმეზე Nბს-992(კს-21), სადაც განიმარტა, რომ რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირების კონკრეტული სტატუსით ჩაბმის უმთავრესი მიზანი აღნიშნულ პირთა ინტერესების დაცვაა. მართალია, პროცესში მესამე პირის ჩართულობა ხელს უწყობს სამართალწარმოებაში მხარეთა აქტიურ მონაწილეობას, აგრეთვე, სასამართლოს მიერ დავის მართებულ გადაწყვეტას, თუმცა მესამე პირის ჩაბმის საჭიროების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება არა სამართალწარმოების რომელიმე მხარის უშუალო დაინტერესება პროცესში მესამე პირის მონაწილეობასთან მიმართებით, არამედ ის, თუ რამდენად არსებობს სწორედ აღნიშნული მესამე პირის მხრიდან კონკრეტულ დავასთან მიმართებით დაცვის ღირსი რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესები

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩამბულ იქნა განცხადება/შუამდგომლობის წარმდგენი ყველა პირი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს აღნიშნული პირების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული პირები არ არიან ამ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები, რომლის მიმართაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. გარდა აღნიშნულისა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ჩ-ის, ე. ა-ას, ხ. მ-ის, მ. ც-ის, რ. ე-ის, ხ. ბ-ის, ლ. წ-ის და ი. ვ-ის მიერ არ გასაჩივრებულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულს აქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებები მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მათი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე და იგი გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დავის საგნის გათვალისწინებით, არ არსებობდა ნ. ჩ-ის, ე. ა-ას, ხ. მ-ის, მ. ც-ის, რ. ე-ის, ხ. ბ-ის, ლ. წ-ის და ი. ვ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმის საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ბმა „...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე