Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-795(2კ-23) 14 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

კასატორები - რ.ა-ა (მოსარჩელე), მ.ა-ა, ნ.ხ-ე, მა.ა-ა (მესამე პირები)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ.ა-ამ 2021 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №03-2433/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი შშმ პირი. სარეგისტრაციო ნომერზე დარეგისტრირებული ჰყავს შვილი, რძალი და შვილიშვილი. მოსარჩელის ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, ამჟამად ცხოვრობს ქირით. მოსარჩელემ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსო განაცხადი. წინასწარი შეფასებით მის ოჯახს მიენიჭა 5.0 ქულა, თუმცა უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე სააგენტოსათვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო. მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ ბინები მიიღეს 5.0 ქულაზე დაბალი ქულების მქონე დევნილთა ოჯახებმა, რის გამოც მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ მ.ა-ა, ნ.ხ-ე და მა.ა-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით რ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 ივნისის №03-2433/ო ბრძანება და მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - რ.ა-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ასევე - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი წარადგინა შვილთან - მ.ა-ასთან, რძალთან - ნ.ხ-ესთან (არადევნილი) და შვილიშვილთან - მა.ა-ასთან ერთად. განაცხადის წინასწარი შეფასებით, რ.ა-ას ოჯახს მიენიჭა 5.0 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსურ პირობებში (ცხოვრობს ნაქირავებში) - 1.5 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის გამო (რ.ა-ა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი) - 2.00 ქულა; ომის მონაწილის, ომის ვეტერანის სტატუსის გამო - 1.50 ქულა;

მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე - ზუგდიდში, ...ის ქ. №30-ში, ბინა №...-ში, 2021 წლის 14 აპრილს განხორციელებული მონიტორინგისას რ.ა-ამ განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2008 წლიდან ქირით. 2007-2008 წლებში ცხოვრობდა სოფელ ...ში. მისივე განმარტებით, მასთან ერთად მითითებულ მისამართზე ცხოვრობს შვილი, რძალი და შვილიშვილი, თუმცა გადამოწმების დროს, მოსარჩელის გარდა, მისამართზე არავინ იმყოფებოდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბინის მესაკუთრეა ც.ჭ-ა. მოსარჩელის რძლის - ნ.ხ-ის მშობლები ცხოვრობენ თავიანთ საკუთრებაში, სოფელ ...ში. მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილი და რძალი იმჟამად სწორედ სოფელ ...ში იმყოფებოდნენ;

2021 წლის 21 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელის რძლის - ნ.ხ-ის ძმის მეუღლე - მ.რ-ა, რომლის განმარტებით, მისი მული მეუღლესთან და შვილთან ერთად მითითებულ მისამართზე ხშირად მოდიოდა და ცხოვრობდა, თუმცა მონიტორინგის დროს იმყოფებოდა ზუგდიდში, რ.ა-ას ბინაში, სადაც ქირით ცხოვრობენ. იმავე დღეს ზუგდიდში, ...ის ქ. №30-ში, ბინა №...-ში, განხორციელდა ღამის ვიზიტი (21:45 საათზე), რა დროსაც მისამართზე არ იმყოფებოდა მოსარჩელის ოჯახი. მოსარჩელესთან, მისი ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, შედგა სატელეფონო საუბარი. მოსარჩელემ განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა სოფელ ...ში, ა-ეების ოჯახში. მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელმა მისამართის დაზუსტება მოითხოვეს მისი გადამოწმების მიზნით, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იცრუა და შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფება გალის რაიონში, სოფელ ...ში;

2021 წლის 28 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში (...ში), მოსარჩელის გადამოწმების მიზნით, განხორციელდა დამატებითი ვიზიტი მის ყოფილ მისამართზე. მეზობლების განმარტებით, რ.ა-ა რამდენიმე წლის წინ გადავიდა ზუგდიდში და მას შემდეგ არ უნახავთ. 2021 წლის 28 მაისს, მონიტორინგის ჯგუფი, დამატებითი მოკვლევის მიზნით, კვლავ გამოცხადდა მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე - ზუგდიდში, ...ის ქ. №30-ში, ბინა №...-ში. მისამართზე კვლავ არავინ იმყოფებოდა. თანამშრომლები გაესაუბრნენ ზედა სართულის მეზობელს, რომელმაც განაცხადა, რომ მაცხოვრებლები თვეში ან ორ თვეში ერთხელ მოდიოდნენ. 10 დღის წინ იყვნენ სარემონტო სამუშაოების გამო. გაესაუბრნენ ასევე კარის მეზობლებს - ფ-ების ოჯახს. მათ განმარტეს, რომ აღნიშნული ბინის მაცხოვრებლები იშვიათად მოდიოდნენ აღნიშნულ მისამართზე და არ იცნობდნენ;

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 28 ივნისის №03-2433/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №34), რ.ა-ას ოჯახს უარი ეთქვა ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების გამო.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საცხოვრებელი სახლის მიღების პროცედურას. დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებისა და „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით №7 დანართის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დამუშავებულ მასალას კი წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მითითებული ნორმის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/ თანამშრომლები საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს, მასზე თანდართული დოკუმენტაციას, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებულ კითხვარს, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობას აფასებს კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/ თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად, ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.

მითითებული ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №6) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა (№34 სხდომის ოქმით), რომ მოსარჩელისათვის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე, საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების გამო, თუმცა საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტულად არ მიუთითა და არ დაასაბუთა რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ განმცხადებელმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საცხოვრებელთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როცა 2021 წლის 14 აპრილს განხორციელებული მონიტორინგის დროს, მონიტორინგის თანამშრომლებს ზუგდიდში, ...ის ქ. №30-ში, ბინა №...-ში დახვდათ რ.ა-ა. ოჯახის სხვა წევრების მითითებულ მისამართზე არყოფნა კი, ვერ ჩაითვლება მათი სხვა (ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოუკვლეველ) მისამართზე ცხოვრებად, მით უფრო, რომ ოჯახის სხვა წევრების განსხვავებული საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია არც დამატებითი მონიტორინგის დროს არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია აღნიშნული გარემოება და მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე დაადგინა აღნიშნული გარემოება, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლომ დავა გადაწყვიტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ.ა-ამ, მ.ა-ამ, ნ.ხ-ემ და მა.ა-ამ, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით რ.ა-ას, მ.ა-ას, ნ.ხ-ის, მა.ა-ას, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებული იყო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მისდგომოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განესაზღვრა დევნილი ოჯახის განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა კვლევის საჭიროება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორები - რ.ა-ა, მ.ა-ა, ნ.ხ-ე და მა.ა-ა აღნიშნავენ, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ საცხოვრებელთან დაკავშირებით სააგენტოსათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო. საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტითა და სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ინფორმაცია არსებითად მცდარია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლენა ექნება ოჯახის მიერ დაგროვილი ქულების ან/და მისაღები ფართის ოდენობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. კასატორების მითითებით, რ.ა-ა ხშირად გადაადგილდებოდა მოსაზღვრე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თხილის პლანტაციის მოსავლელად, რომელიც მათთვის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ვერ დახვდა ის მონიტორინგის თანამშრომლებს საცხოვრებელ ადგილზე. მათივე მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ რ.ა-ასა და მისი ოჯახის ზუგდიდში ცხოვრების ფაქტს. კერძოდ, სასამართლოს მიერ შეფასების მიღმა დარჩა ასევე საქმეში დაცული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ქვითრებიც.

კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არასრულწლოვანთა მონაწილეობა მაშინ, როდესაც სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მათ არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

კასატორის (მოპასუხის) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითებით, მოსარჩელემ მონიტორინგისას განაცხადა, რომ 2008 წლიდან ცხოვრობს ზუგდიდში, ...ის ქ. №30-ში, ბინა №...-ში, ქირით. 2007-2008 წლებში ცხოვრობდა სოფელ ...ში. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ...ის ქუჩაზე მდებარე ბინის მესაკუთრეა ც.ჭ-ა. მოსარჩელის რძლის - ნ.ხ-ის მშობლები ცხოვრობენ თავიანთ საკუთრებაში, სოფელ ...ში. აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე არაერთხელ განხორციელდა მონიტორინგი, მათ შორის, ღამითაც, თუმცა მისამართზე სააგენტოს თანამშრომლებს არავინ ხვდებოდათ. სატელეფონო საუბრისას კი მოსარჩელე აცხადებდა, რომ სტუმრად იმყოფებოდა. მეზობლების განმარტებით, ბინაში მაცხოვრებლები თვეში ან ორ თვეში ერთხელ მოდიოდნენ, თუმცა 10 დღის წინ იყვნენ და რემონტი ჰქონდათ. გასაუბრება მოხდა ასევე კარის მეზობელთან - ფ-ების ოჯახთან. მათ განმარტეს, რომ აღნიშნული ბინის მაცხოვრებლები იშვიათად მოდიოდნენ მითითებულ მისამართზე და არ იცნობდნენ.

კასატორის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ცხოვრობს გალის რაიონში, სოფელ ...ში ოჯახთან ერთად. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ მოხდა მისთვის შესაბამის კრიტერიუმში ქულის ჩამოკლება, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ქულა არ ჩამოაკლო კომისიამ, რათა მას შესაძლებლობა მისცემოდა მისი საკითხი კიდევ ერთხელ განხილულიყო კომისიაზე. ქულის ჩამოკლების შემთხვევაში კი, არასაკმარის ქულათა ოდენობის გამო, კომისია საკითხს მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ვეღარ განიხილავდა. როგორც 2021 წლის 28 მაისის გასაუბრების ოქმიდან ირკვევა, მოსარჩელის მოთხოვნა კომისიამ კიდევ ერთხელ უკვე ზუგდიდში საცხოვრებელი ფართების განაწილების დროს განიხილა, მაგრამ მისი მისამართზე არყოფნის გამო ვერც ამჯერად შეძლო სააგენტომ საკითხის სრულყოფილად შესწავლა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობა, რადგან მოსარჩელე, როგორც სატელეფონო საუბრისას განმარტა, იმყოფებოდა გალში.

კასატორი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენს იმ ტიპის მტკიცებულებას, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მივიჩნიოთ რ.ა-ას მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს ქმედება კანონიერია და არ არსებობს დავის ადმინისტრაციულ ორგანოში ხელახლა განხილვის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისისა და იმავე წლის 10 აგვისტოს განჩინებებით რ.ა-ას, მ.ა-ას, ნ.ხ-ის, მა.ა-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ რ.ა-ას, მ.ა-ას, ნ.ხ-ისა და მა.ა-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რ.ა-ას დევნილი ოჯახისთვის, მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ომის ვეტერანის ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში; ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დევნილი ოჯახები; საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი დევნილი პირების ოჯახები, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი არადევნილი პირების დევნილი ოჯახები; იმ ვეტერანების დევნილი ოჯახები, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მიენიჭათ მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I,II ან III ჯგუფი).

დასახელებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების და ბრძანებით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ №7 დანართის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამავე მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს, მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებულ კითხვარს, ასევე, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობას აფასებს კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად, ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №6) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის არსებითად მცდარად მიჩნევა დაკავშირებულია ისეთი სახის გარემოების დადგენასთან, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ სტატუსსა და დევნილის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნული გარემოების დადგენა განეკუთვნება ფაქტის საკითხს. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ზოგადად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”), ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ საქმეზე №26(კ-23) 01.05.2023წ.).

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მოსარჩელე - რ.ა-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ასევე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა. მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადი შეავსო შვილთან - მ.ა-ასთან, რძალთან - ნ.ხ-ესთან (არადევნილი) და შვილიშვილთან - მა.ა-ასთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივ მისამართად მიუთითა ზუგდიდი, ...ის ქუჩა №30, ბინა №... აღნიშნულ მისამართზე 2021 წლის 14 აპრილს განხორციელებული მონიტორინგის დროს მონიტორინგის თანამშრომლებს მისამართზე დახვდათ რ.ა-ა, რომლის განმარტებით, მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2008 წლიდან ქირით. 2007-2008 წლებში ცხოვრობდა სოფელ ...ში. მოსარჩელის განმარტებით, მასთან ერთად მითითებულ მისამართზე ცხოვრობს შვილი, რძალი და შვილიშვილი, თუმცა გადამოწმების დროს მოსარჩელის გარდა მისამართზე არავინ იმყოფებოდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ ბინის მესაკუთრეა ც.ჭ-ა. მოსარჩელის რძლის - ნ.ხ-ის მშობლები კი ცხოვრობენ თავიანთ საკუთრებაში, სოფელ ...ში. მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილი და რძალი იმჟამად სოფელ ...ში იმყოფებოდნენ. დადგენილია ასევე, რომ 2021 წლის 21 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, სადაც იმყოფებოდა მოსარჩელის რძლის - ნ.ხ-ის ძმის მეუღლე - მ.რ-ა. მისი განმარტებით, მოსარჩელის რძალი, მეუღლე და შვილი მითითებულ მისამართზე ხშირად მოდიოდნენ და ცხოვრობდნენ, თუმცა მონიტორინგის დროს იმყოფებოდნენ ზუგდიდში, რ.ა-ას ბინაში, სადაც ქირით ცხოვრობდნენ. დადგენილია ასევე, რომ განმცხადებლის გადამოწმების მიზნით, 2021 წლის 28 მაისს დამატებითი ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელის ყოფილ მისამართზე - ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში (...ში). მეზობლების განმარტებით, რ.ა-ა რამდენიმე წლის წინ გადავიდა ზუგდიდში და მას შემდეგ არ უნახავთ. 2021 წლის 28 მაისს მონიტორინგის ჯგუფი, დამატებითი მოკვლევის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოცხადდა მოსარჩელის მიერ აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, ...ის ქ. №30, ბინა №...), სადაც კვლავ არავინ იმყოფებოდა. გასაუბრება მოხდა ზედა სართულის მეზობელთან, რომელმაც განუცხადა სააგენტოს თანამშრომლებს, რომ აქ მაცხოვრებლები თვეში ან ორ თვეში ერთხელ მოდიოდნენ. 10 დღის წინ იყვნენ სარემონტო სამუშაოების გამო. გაესაუბრნენ ასევე კარის მეზობელს - ფ-ების ოჯახს. მათ განმარტეს, რომ აღნიშნული ბინის მაცხოვრებლები იშვიათად მოდიოდნენ მითითებულ მისამართზე და არ იცნობდნენ.

ასევე დადგენილია, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 1 ივნისს მიღებული №34 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ.ა-ას განცხადება არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 28 ივნისს მიიღო №03-2433/ო ბრძანება მოსარჩელე რ.ა-ას ოჯახის ქალაქ ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდების გამო.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქალაქ ზუგდიდში საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის ვეტერანი დევნილი ოჯახები, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა.

საკასაციო პალატა, საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს, როგორც დევნილს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის და არა ქულათა არასაკმარისობის გამო. ამ სახის ინფორმაციად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის წარდგენა, რის დასადასტურებლად დაასახელა მონიტორინგის ჯგუფის მოკვლევის მასალები, თუმცა კონკრეტულად არ მიუთითა და არ დაასაბუთა, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ განმცხადებელმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საცხოვრებელთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც 2021 წლის 14 აპრილს განხორციელებული მონიტორინგის დროს, მონიტორინგის თანამშრომლებს განაცხადში მითითებულ მისამართზე დახვდათ რ.ა-ა. ოჯახის სხვა წევრების მითითებულ მისამართზე არყოფნა კი ვერ ჩაითვლება მათი სხვა მისამართზე ცხოვრებად, მით უფრო, რომ ოჯახის სხვა წევრების განსხვავებული საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია არც დამატებითი მონიტორინგის დროს არ გამოვლენილა.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამასთანავე, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა განსახლების საკითხების რეგულირების მიზანს ემსახურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. აღნიშნული „წესი“, პირთა განსაკუთრებულ წრესთან მიმართებაში ადგენს სოციალური დაცვის გარანტიებს და დეტალურად განსაზღვრავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსახორციელებელ ქმედებათა ერთობლიობას, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ამასთანავე, „წესი“ იმ შემთხვევაში გამორიცხავს დევნილი ოჯახების განაცხადების განხილვის შესაძლებლობას, როდესაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ოჯახები ერთხელ უკვე უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით („წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოსაგან არც ერთჯერადი ფულადი დახმარებით და არც მუდმივი საცხოვრებელი ფართით, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სუბიექტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის კანონიერებას არ ადასტურებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. სათანადო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე, უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რ.ა-ას ოჯახმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საცხოვრებელთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ მარეგულირებელი აქტით ინფორმაცია ითვლება მცდარად, თუ ის გავლენას იქონიებს ქულების ანდა გადასაცემი ფართის ოდენობაზე. სხვა შემთხვევაში ინფორმაცია ვერ ჩაითვლება არსებითად მცდარად. აღნიშნულ ფაქტს კი, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ არსებობს რ.ა-ას ოჯახის, როგორც ვეტერანი დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. ამასთანავე, „..სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას..“ (სუს 19.10.2017წ. Nბს-329-327(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს: სახეზეა თუ არა შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა. ამასთან, „..გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის..“(სუს 2020 წლის 17 სექტემბრის Nბს-1198(კ-19) განჩინება) .

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დავის გადაწყვეტა არ პასუხობს ზემოაღნიშნულ პრინციპებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო წესით სრულად შესაძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №03-2433/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი რ.ა-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო რ.ა-ას, მ.ა-ას, ნ.ხ-ისა და მა.ა-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რ.ა-ას, მ.ა-ას, ნ.ხ-ისა და მა.ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. რ.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ივნისის №03-2433/ო ბრძანება;

6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ.ა-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე