Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-943(კ-22) 14 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - ნა.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.მ-ემ 2020 წლის 20 ივლისს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 19 თებერვლის №..., 2020 წლის 21 თებერვლის №..., 2020 წლის 28 მაისის №..., 2020 წლის 30 მაისის №..., 2020 წლის 1 ივნისის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივნისის №..., 2020 წლის 12 ივნისის №... (რეგისტრაციის შესახებ) და 2020 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქ. №20ა-ში (ყოფილი ...ის ქუჩა) მდებარე ფართზე ნ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი და მათთან დაცული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის - 2006 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (რომელიც კანონიერ ძალაშია და არავის გაუუქმებია).

სარჩელის თანახმად, ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ფართში, 2006 წლის 14 ოქტომბერს ნოტარიულად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ.მ-ემ მ.ყ-საგან შეიძინა უძრავი ნივთი. ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურში და გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე გახდა ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ფართის პირველ სართულზე არსებული ..., 11 კვ.მ წილობრივი ფართის მესაკუთრე (ფართი №18), ასევე, №... საკადასტრო კოდის მქონე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (1975 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ნ.მ-ის წილობრივი საკუთრება გახდა 16.67 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი - მ.ყ-ს სახელზე გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით, მ.ყ-ს საკუთრება ზემოაღნიშნულ სამსართულიან შენობაში იყო 2883.3 კვ.მ, ხოლო ამავე შენობის სრული ფართი შეადგენდას 3198.11 კვ.მ-ს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ.ყ-ემ 2009 წლის 25 აპრილს ა.დ-სთან ასევე გააფორმა ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ა.დ-მ იყიდა ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე №16 ფართი (25/3198 წილობრივი მიწის ნაკვეთით, 15.44 კვ.მ). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ა.დ-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში №... სარეგისტრაციო კოდით. 2009 წლის 1 ივნისს №16 უძრავ ნივთზე, 25/3190 კვ.მ-ით რეგისტრირებულ უფლებაში, ა.დ-მ მოითხოვა ტექნიკური ხარვეზის გასწორება, რის საფუძველზეც 2009 წლის 26 ივნისს დ-ის სახელზე დარეგისტრირდა №18 ფართი. მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრში №16 ფართში 25/3198 კვ.მ წილობრივ საკუთრებაზე არ განხორციელებულა პირველადი რეგისტრაცია, გასწორდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ნოტარიუსის მიერ ჩაწერილია, რომ №16 ფართი შესწორდა №18-ით. ამდენად, 25 კვ.მ-ის მქონე №18 ფართი აღირიცხა ა. დ-ის სახელზე, რა დროსაც მან იცოდა, რომ ეს ფართი იყო ნ.მ-ის და გაფორმებული ჰქონდა საჯარო რეესტრში ამავე საკადასტრო კოდზე. ამის შემდეგ ა.დ-მ დაიკავა მოსარჩელის კუთვნილი ფართი, შეიტანა ფიცრები და ძველი სამშენებლო ნარჩენები, რს გამოც მოსარჩელემ და მისმა ოჯახმა აჭედა ფართის კარები და ა.დ-ე გამოაგდო შენობიდან. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ა. დ-ის მიერ ნა.მ-ზე გაყიდულ №18 ფართში არსებულ 25/3198 კვ.მ წილობრივი საკუთრება ...ის ქ. №20ა-ში (ყოფილი ...ის ქუჩა) მდებარე 1975 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, არ არსებობდა, არ არსებობდა ...ის ქ. №20ა-ში №18 ფართში 25 კვ.მ ფართი, 1975 კვ.მ მიწაზე კი არ არსებობდა 3198 კვ.მ ფართი და ყოველივე ეს მონაცემები ცხადყოფდა, რომ ნა.მ-ის მიერ შესყიდული ფართი რეალურად არ არსებობდა და ფართის რეგისტრაცია განხორციელდა არასწორად.

დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა რეგისტრაციების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადავო აქტების ბათილად ცნობა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაება ნა.მ-ი. აღნიშნული განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნა.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინების მე-3 ნაწილი, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნა.მ-ი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ.მ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ შეუფასებია საქმის მასალები, უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ყ-ესა და ა.დ-ს შორის 2009 წელს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს იმ უძრავ ქონებას, რომელიც მ.ყ-ემ 2006 წელს მიჰყიდა ნ.მ-ეს, ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლიდანვე არ არსებობდა ა.დ-ზე უძრავი ქონების რეგისტრაციის საფუძველი. ამრიგად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გარეშეც კი, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო დაედგინა ზედდება და უარი ეთქვა ა. დ-ისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სწორედ ამიტომ, კასატორმა მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადავო აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოეცა ახალი აქტი უძრავი ქონების ნ.მ-ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე.

კასატორი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოითხოვს წინმსწრები განჩინებების, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უძრავი ნივთების იდენტურობაზე ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ განჩინების, ფართების იდენტურობის დადგენაზე ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის განჩინების, ასევე მოსამართლის - ნ.კ-ის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებისა და სხვა წინმსწრები განჩინებების კანონიერების გადასინჯვას და ამ განჩინებების უკანონოდ ცნობას, შუამდგომლობების თავიდან განხილვას და დაკმაყოფილებას.

დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, კასატორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული სარეგისტრაციო წარმოების შედეგად მესამე პირის - ნა.მ-ის სასარგებლოდ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციების კანონიერების შემოწმება. კერძოდ, გასაჩივრებულია: 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 19 თებერვლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც, №... ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2018 წლის 12 აპრილის საჩხერის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქ. №20ა-ში, პირველ სართულზე №... საკადასტრო კოდის მქონე №18 (25 კვ.მ) ფართზე დარეგისტრირდა ნა.მ-ის საკუთრების უფლება; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც 2018 წლის 11 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემები (მესაკუთრე ნ.მ-ე) გამოცხადდა ძალადაკარგულად; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 28 მაისის №... და 2020 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, დაინტერესებულ პირს - ნ.მ-ეს ეცნობა, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებში ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებას; 4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 01 ივნისის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს - ნ.მ-ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის - ნა.მ-ის საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა მოთხოვნილი უფლების მის სახელზე რეგისტრაციას. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №... ) რეგისტრირებული იყო ასევე ნ.მ-ის საკუთრების უფლება, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე; 5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივნისის №..., 2020 წლის 1 ივლისის №... და 2020 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმოადგენენ ზემოთ მითითებული სადავო აქტების გასაჩივრების თაობაზე მიღებულ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებს, რომელთა კანონიერებაც პირდაპირაა დაკავშირებული სადავო რეგისტრაციის შესახებ/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერებაზე, ხოლო მათი ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობა, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 2020 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრმა იმსჯელა რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების (05.05.2020წ.) კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ამონაწერი ასახავდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. უშუალოდ იმერეთის რეგიონული ოფისის 2020 წლის 5 მაისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება კი, რომლითაც მომზადდა ერთიანი ამონაწერი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის შესახებ, განსახილველ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, №... გადაწყვეტილების შეუფასებლობის პირობებში, პალატას არ აქვს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მსჯელობის საფუძველი.

რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ.მ-ის როგორც სასარჩელო და სააპელაციო, ისე საკასაციო პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ ნ.მ-ის და ნა.მ-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შეძენილი უძრავი ნივთები არ არის იდენტური, რაც უკანონოს ხდის სადავო გადაწყვეტილებებს და ქმნის სადავო ქონების ნ.მ-ის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველს, მით უფრო მაშინ, როდესაც უძრავი ნივთების არაიდენტურობა დადასტურებულია საქმეში მხარის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის - აუდიტორ „ დ.რ-ის“ მიერ 2020 წლის 14 ივლისს შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2006 წლის 14 ოქტომბერს ნ.მ-ესა და მ.ყ-ეს შორის დადებულ №... ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ნივთის მონაცემები და 2009 წლის 25 აპრილს მ.ყ-ესა და ა.დ-ს შორის დადებულ №... ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული და შემდეგ ნა.მ-ზე გაყიდული უძრავი ნივთის მონაცემები არ არის იდენტური.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ ნაწილსა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში არსებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას, საზედამხედველო წარმოების წესებს. დასახელებული კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა. კერძოდ, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებენ. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2006 წლის 14 ოქტომბერს მ.ყ-ესა და ნ.მ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ.მ-ემ შეიძინა ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე, ...ზე, მშენებარე 27 კვ.მ №18 სავაჭრო ფართი, რაც 2006 წლის 17 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.მ-ის საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით; 2009 წლის 25 აპრილს ა.დ-მ მ.ყ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე მშენებარე №16 სავაჭრო ფართი - 25 კვ.მ, რომელიც მდებარეობს ...ზე. სადავო სავაჭრო ფართი 2009 წლის 29 მაისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა. დ-ის საკუთრებად დაუზუსტებელი მონაცემებით; მოგვიანებით გაირკვა, რომ №16 სავაჭრო ფართზე უკვე რეგისტრირებული იყო ე.ბ-ის საკუთრების უფლება, რის გამოც მ.ყ-ესა და ა.დ-ს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე გაკეთდა შენიშვნა და სავაჭრო ფართის ნომრად №16-ის ნაცვლად მიეთითა №18; 2009 წლის 22 აგვისტოს კი, ა.დ-მ აღნიშნული ფართი მიჰყიდა ნა.მ-ს, რომელმაც იგი საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში; მ.ყ-სა და ა. დ-ის 2009 წლის 22 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მხარეთა შორის 2009 წლის 24 აპრილს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა შესწორება, რომლითაც განიმარტა, რომ ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე ..ზე ა. დ-ისათვის მიყიდული სავაჭრო ფართის ნომერი არის არა №16 და №18, არამედ - №19.

სააპელაციო პალატამ, ზემოთ მოყვანილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ სადავო №18 არასაცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში ერთდროულად რეგისტრირებული იყო, როგორც ნ.მ-ის, ისე ნა.მ-ის საკუთრებად, ხოლო ფაქტობრივად აღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართს ა. დ-ისაგან შეძენის დღიდან ფლობდა და სარგებლობდა მხოლოდ ნა.მ-ი, რომელმაც გაარემონტა აღნიშნული სავაჭრო ფართი და მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება; ს.ფ. 38-50, ტ-5) აღსრულების წესით მოხდა მისი გამოსახლება სავაჭრო ობიექტიდან, რის შემდეგაც ფართი ნ.მ-ის მფლობელობაში იყო. მოცემულ საქმეზე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დამატებით გამოიკვლია ფართების იდენტურობის საკითხი და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა, მესამე პირების ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დადგინდა, რომ ნ.მ-ესა და ნა.მ-ს პრეტენზია აქვთ ერთსა და იმავე ფართზე, რომელიც აღნიშნულია ნომრით 18. ამ ფართზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება 2006 წლის 14 ოქტომბერს მ.ყ-ესა და ნ.მ-ეს შორის, 2009 წლის 25 აპრილს კი, მ.ყ-ესა და ა.დ-ს შორის, ხოლო 2009 წლის 22 აგვისტოს - ა.დ-სა და ნა.მ-ს შორის. მითითებული გადაწყვეტილებით პალატამ ასევე დაადგინა, რომ ნასყიდობის საგანი რომ ერთსა და იმავე ადგილზე (სივრცობრივი თვალსაზრისით) მდებარე ობიექტია, ამაზე არც მოსარჩელე ნ.მ-ე და არც მესამე პირები ა.დ-ე და ნა.მ-ი დავობენ. მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს (მოპასუხე აპელანტს) მიაჩნია, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრების ობიექტი (არასაცხოვრებელი ფართები) იდენტური არ შეიძლება იყოს, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის გადაფარვა (ზედდება) არ დადასტურდა.

საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნა.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და ნა.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის №... და 2017 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში №18 სავაჭრო ფართზე (ს/კ ...) ნ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ ნ.მ-ესა და ნა.მ-ს შორის სადავო ფართი, მიუხედავად თავდაპირველად რეგისტრირებული მონაცემების სხვაობისა, ფაქტობრივი მდგომარეობით არის იდენტური. ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე ქონება რეგისტრირებულია ნა.მ-ის საკუთრებად. აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრისა და 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში არსებობისას, რომელთა საფუძველზე და აღსრულების მიზნითაც არის მიღებული განსახილველ საქმეზე სადავო სარეგისტრაციო გადაწყვეტილებები, გამოირიცხება ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე ნ.მ-ის პრეტენზიების საფუძვლიანობა და, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს კარგავს წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებიც, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ ხელახლა მიმართონ სასამართლოს იგივე სასარჩელო მოთხოვნებით იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ნ.მ-ის ინტერესს როგორც აღნიშნული, ისე აქამდე წარმოებული დავების შემთხვევაში შეადგენს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეეტსრში აღრიცხვა, რაც არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შეუძლებელია. ამდენად, ამ მოცემულობით კასატორის შელახული საკუთრების უფლებების აღდგენის საშუალებას, შესაძლოა, წარმოადგენდეს არა ნა.მ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების ან/და ამავე ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა, არამედ შესაბამისი პირებისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები საოქმო განჩინებების, მათ შორის, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უძრავი ნივთების იდენტურობაზე ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ განჩინების, ფართების იდენტურობის დადგენაზე ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის განჩინების, ასევე მოსამართლის - ნ.კ-ის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებისა და სხვა წინმსწრები საოქმო განჩინებების კანონიერების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შესაძლოა იყოს სააპელაციო სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც ნ.მ-ის შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებული შუამდგომლობები დაყენებულია სააპელაციო სასამართლოშიც, რომელმაც ზეპირი განხილვის სხდომებზე იმსჯელა მათზე, გამოიკვლია ყოველმხრივ და მიიღო კანონიერი და დასაბუთებული საოქმო განჩინებები. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც სრულიად უსაფუძვლოა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საკასაციო პალატის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემა, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ფაქტი ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საკასაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე სამართლებრივად სრულყოფილად შეფასების საფუძველს, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი, ასევე წინმსწრები განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. ნ.მ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;

4. ნ.მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 30 სექტემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე