Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1038(კ-22) 13 ნოემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ს-უ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ს-უმ 2019 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „ს. ს-უს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის №1000684789 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე,მოპასუხისთვის ს. ს-უს 2019 წლის 16 სექტემბრის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების წარმოების განახლების დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის განცხადება განუხილველად დატოვა სათანადო დასაბუთების გარეშე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას დაევალა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით შეტანილი განცხადების დროისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით) თუმცა ვინაიდან, 2019 წლის 17 სექტემბერს მან ხელახლა გადმოკვეთა საზღვარი, საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმების (03/11/2010წ.) მე-2 მუხლის შესაბამისად, ხარვეზის დადგენის დღისთვის მას ჰქონდა საქართველოში ლეგალურად ყოფნისათვის დარჩენილი 45 კალენდარული დღე და შესაბამისად აღარ არსებობდა ხარვეზის დადგენის სამართლებრივი საფუძვლები.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2019 წლის 17 სექტემბრის ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია ოფიციალური წესით და არც სხვა რაიმე ფორმით ყოფილა მისთვის ცნობილი, რაც წინააღმდეგობაში მოდის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლით განმტკიცებულ პრინციპთან. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების რეალიზებისთვის კი, პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ს-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს ს. ს-უმ სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

ს. ს-უს განაცხადის განხილვის მიზნით დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის კანონით განსაზღვრული ინფორმაციის - საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნასამართლობის შესახებ ცნობის წარდგენა 2019 წლის 25 სექტემბრამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დროდ დაფიქსირებულია 09.17.2019 წელი. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება ს. ს-უმ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ს-უს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება; ს. ს-უს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის №1000684789 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ს. ს-უს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების ხელახლა განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოში წარედგინა საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ორგანოს მიერ დამოწმებული ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა (ნასამართლობის ცნობის) და საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

15 სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის შესაბამისად, როდესაც განმცხადებელი არ წარმოადგენს განცხადების განხილვისათვის საჭირო დოკუმენტს, ასეთ შემთხვევაში სააგენტო განცხადებაზე ადგენს ხარვეზს, რადგან შესაძლოა არსებობდეს ისეთი მტკიცებულება, რაზედაც სააგენტოს ინფორმაცია არ აქვს, ხოლო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შესაძლოა შეიცავდეს ტექნიკურ შეცდომას.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ს. ს-უმ სააგენტოს, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიმართა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე, ასევე, არ დასტურდება, მოსარჩელის მიერ, 2019 წლის 17 სექტემბერს საზღვრის გადმოკვეთის ფაქტი რაიმე მტკიცებულებით, გარდა მოსარჩელე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტებისა.

კასატორი არ ეთანხმება მსჯელობას, რომლის თანახმად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის 520-ე დადგენილება არ ითვალისწინებს განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობის ფართო ჩამონათვალს, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უნდა გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი და არ დატოვოს განცხადება განუხილველად, იმ პირობებში როდესაც, ბინადრობის მაძიებელი პირი არ წარადგენს განცხადების განხილვისთვის აუცილებელ დოკუმენტს, ვინაიდან, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკითხის განხილვისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ზემოაღნიშნულ დადგენილებასთან მიმართებით.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ს-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ს. ს-უ (დაბადებული ... წლის ... ...ს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

2019 წლის 16 სექტემბერს ს. ს-უმ, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №1000684789/7 გადაწყვეტილებით ს. ს-უს დაევალა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტების (სააგენტოსთვის მიმართვის დღისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის 40- დღიანი ვადის დამადასტურებელი დოკუმენტის და ნასამართლობის არარსებობის შესახებ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) სააგენტოში წარდგენა 2019 წლის 25 სექტემბრამდე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის №01/310484 წერილით დგინდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ატვირთვისა და ვებგვერდზე (www.sda.gov.ge) განთავსების დროდ დაფიქსირებულია 2019 წლის 17 სექტემბერი, 16:06:00 საათი (ს. ფ. 47).

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 17 სექტემბრის №1000684789/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ს. ს-უსთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 სექტემბრის №1000684789 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ს. ს-უს 2019 წლის 16 სექტემბრის განცხადება №1000684789, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, განუხილველად დარჩა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის SSG 6 19 00186031 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ს. ს-უს შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის IV თავი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს. მოცემული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში. აღნიშნული დადგენილების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-6 მუხლი ადგენს სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. ამ მუხლის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით); ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ამასთან, მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადება განიხილება ორ სტადიად, კერძოდ, განცხადების დასაშვებობისა და შემდეგ საფუძვლიანობის შემოწმების გზით. დასაშვებობის სტადიაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეამოწმოს ორი კრიტერიუმი: განცხადების წარდგენის ვადის დაცულობა და განცხადების წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა (წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა).

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემისას დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 40 დღიანი ვადის დაცვის სავალდებულოობის შესახებ და ამასთან ყურადღებას გაამახვილებს, რომ მითითებულ ნორმაში არსებულ საგამონაკლისო შემთხვევებში არ მოიაზრება სასწავლო ბინადრობის ნებართვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, უცხოელის მიერ ბინადრობის მოპოვების მიზნით წარდგენილ განაცხადს თან უნდა ერთოდეს განხილვისათვის საჭირო ყველა საბუთი, მათ შორის, საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით წარდგენილ განაცხადს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც ს. ს-უს დაევალა სააგენტოსთვის მიმართვის დღისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის 40-დღიანი ვადის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ნასამართლობის შესახებ ცნობის წარდგენა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები და ვადები მკაცრად არის რეგლამენტირებული ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. განსაზღვრულია, როგორც დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, წარდგენილი განცხადების შესწავლისა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი და ვადა. ამასთან, აღნიშნული ვადების განმსაზღვრელი ჩარჩო გამომდინარეობს თავად უცხოელის საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის დროში შეზღუდული მოქმედების, ვადიანობის ხასიათიდან. დაინტერესებული პირი არ არის შეზღუდული, შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნების პირობების დაკმაყოფილებისთანავე, მიმართოს სააგენტოს ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს უფრო გვიან, ვიდრე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვის თარიღის დადგომამდე 40 კალენდარული დღე. ამდენად, აღნიშნული ვადის ათვლის წერტილი არის არა გარკვეული მოქმედების, შემთხვევის დადგომა და მისი მომდევნო პერიოდი, არამედ უკვე არსებული მოვლენა, ფაქტი, დაინტერესებული პირისათვის უკვე ცნობილი თარიღი - მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვის მომენტი და, შესაბამისად, ამ თარიღამდე 40 კალენდარული დღე. ეს 40-დღიანი პერიოდი კი მოიცავს სააგენტოს მიერ სრულყოფილი სახით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების პერიოდს.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თავისებურება გამოიხატება იმგვარად, რომ სახეზეა კონკრეტულად განსაზღვრული თარიღის არსებობა, უცხოელისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვამდე მინიმუმ 40 დღე დღე. კანონმდებლობაში ამგვარი რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ათვლის წერტილი, იმპერატივი არის - საქართველოში კანონიერად ყოფნის ამოწურვამდე 40 დღე, რა დრომდეც განმცხადებელს ნებისმიერ დროს აქვს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება (სუსგ საქმეზე №ბს-704(კ-20)).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციის (ს.ფ 61) თანახმად, ს. ს-უ საქართველოში შემოვიდა 2019 წლის 20 აგვისტოს და საქართველოში ყოფნა შეეძლო 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, მიემართა არა უგვიანეს 2019 წლის 26 აგვისტოსი, ანუ 2019 წლის 4 ოქტომბრამდე 40 დღით ადრე, თუმცა დადგენილია, რომ მან სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განცხადებით დაგვიანებით, კერძოდ, 2019 წლის 16 სექტემბერს მიმართა.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ამყარებს იმ არგუმენტით, რომ 2019 წლის 17 სექტემბერს მან ხელმეორედ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და შესაბამისად, საქართველოს საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის „ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ“ შეთანხმების თანახმად, მას ხელახლა აეთვალა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა და ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის (17.09.2019 წ.) მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა შეადგენდა 45 კალენდარულ დღეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ სააგენტოსთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის მომენტისთვის, მას საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღე ან მეტი ჰქონდა დარჩენილი. ასევე არც სხვა მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ცნობის მართებულობას. აღნიშნული მტკიცებულებები მას არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარუდგენია, შესაბამისად, მხოლოდ ახსნა-განმარტება იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ მოსარჩელემ განაცხადი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა არ ქმნის ამ გარემოების დასადასტურებლად მიჩნევის საკმარის საფუძველს.

ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

რაც შეეხება მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების დამატებით საფუძველს - ნასამართლობის შესახებ ცნობის (ირანის ისლამური რესპუბლიკიდან) წარუდგენლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, თუკი უცხოელი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე; („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი) და შესაბამისად მითითებული ნასამართლობის შესახებ ცნობა წარმოადგენს განცხადების განხილვისათვის არსებითად საჭირო დოკუმენტს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზს აღმოფხვრიდა, მოსარჩელეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კონკრეტულ და მკაფიო მოთხოვნებს რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს უცხოელმა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით და რა ვადაში. ამდენად, იმ პირობებში, როცა ს. ს-უს 2019 წლის 16 სექტემბრის განცხადება არ აკმაყოფილებდა სასწავლო ბინადრობის ნებართვისთვის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს და საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ დაინტერესებულ პირს სააგენტოსთვის კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია სააგენტოს მიერ მოთხოვნილი, ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილი იყო, საქმეზე დადგენილი გარემოებების, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძვლების კუმულაციურად შეფასების შედეგად, მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

გარდა ამისა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ ხარვეზის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია კანონით გათვალისწინებული წესით. საქმეში დაცულია სამახსოვრო ბარათის ასლი, რომელიც შეიცავს განმცხადებლის ვალდებულებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაცია მხარეს უნდა მიეღო ინტერნეტგვერდის მეშვეობით, ბარათზე ასევე ფიქსირდება განმცხადებლის ხელმოწერა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 4 ნოემბრის №01/310484 წერილის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსდა 2019-09-17 წელს, 16:06:00 საათზე (ს.ფ. 47). „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ს. ს-უს ინფორმირებული იყო და ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა მის განცხადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელე ს. ს-უს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (300 ლარი) ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ს-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. მოსარჩელე ს. ს-უს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (სამასი ლარის) ანაზღაურება;

5. ს. ს-უს მიერ სააპელაციო საჩივარსა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 + 150 (250 - ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე