ბს-1459(კ-22) 02 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ბ-ემ 11.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 28.04.2021წ. განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №... მიმდებარედ მიწის ნაკვეთზე მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა კომისიის 28.04.2021წ. განკარგულების ბათილად ცნობა და გ.ბ-ის 02.07.2019წ. განცხადების არსებითი განხილვის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2021წ. გადაწყვეტილებით, გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.04.2021წ. №597 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა გ.ბ-ის 02.07.2019წ. N229762 განცხადების არსებითი განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2022წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თავდაპირველად აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ არ დასტურდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ასევე ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი კვეთდა სხვა ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახლა წარდგენილ განცხადებას მოსარჩელემ დაურთო ექსპერტიზის დასკვნები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელმეორედ წარდგენილ განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს შეეძლო განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება. ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ შპს „...ის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტზე მითითებით. ამ დოკუმენტის თანახმად, 1996 წელს მსოფლიო ბანკის დაკვეთით შესრულებულ აეროგადაღების (მარშრუტი 10, სურათი 1196) სურათზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა. განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის დოკუმენტები, რომლებიც შპს „...ის“ საექსპერტო დასკვნას დაედო საფუძვლად. ამდენად, აღიარების კომისიას გ.ბ-ის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა განეხილა არსებითად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გ.ბ-ის ხელახლა წარდგენილ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, კომისიის 03.10.2017წ. განკარგულებით გ.ბ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მოთხოვნილი ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ხელახლა განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს განმცხადებლისთვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები. განმცხადებლის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ემყარება მხოლოდ ობიექტის ვიზუალურ დათვალიერებას, 2005-2014 წლების ორთოფოტოებს და შპს „...ის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას. ორთოფოტოების (აეროფოტოგადაღების) საფუძველზე დადგინდა, რომ 2005-2010 წლების მდგომარეობით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი შენობები არსებული სახით განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება ასაღიარებელი ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დასადასტურებლად. ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო გ.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 03.10.2017წ. გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, შესაბამისად, სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე არსებობდა გ.ბ-ის განცხადების განუხილველად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სზაკ-ის 102-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ორგანოში ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ განცხადებაში მითითებული არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია შეფასდეს განცხადებაში ისეთ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე (მტკიცებულებებზე) მითითება, რომლებიც განმცხადებლის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას განაპირობებს. საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ კომისიის 03.10.2017წ. განკარგულებით, გ.ბ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი შენობა (აშენებული) არ არის განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთს, შესაბამისად, არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე გ.ბ-ის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი. კომისიამ დამატებით მიუთითა, რომ ასაღიარებელი ნაკვეთი კვეთს სხვა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განმცხადებელმა ხელახლა განცხადებით მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება და მიუთითა ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც წარდგენილი არ ყოფილა მანამდე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, კერძოდ, გ.ბ-ემ წარადგინა შპს „ ე...ის“ 11.10.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთზე მდებარე შენობის დამხმარე ნაგებობის, ნაკვეთის შემომზღუდავი ღობის, ნაკვეთის შესასვლელზე განლაგებული წლების მანძილზე კოროზირებული ლითონის კონსტურქციის ჭიშკარის და ნაკვეთში დარგული მრავალწლოვანი ნარგავების ვიზუალური შესწავლით მათი ხანდაზმულობა უდავოა, სპს „...ის“ 19.10.2020წ. წერილით, გ.ბ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე 1996წ. მსოფლიო ბანკის დაკვეთით შესრულებული აეროგადაღების (მარშუტი 10, სურათი 1196) სურათზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.11.2020წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.ბ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსიის მონაცემებისა და აეროგადაღების სურათების მონაცემების ურთიერთშედარებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №... მდებარე კორპუსის მიმდებარედ ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობიდან 2005წ. მონაცემებით ფიქსირდება №2 შენობა-ნაგებობა, ხოლო №1 შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილზე არსებული ხშირი მცენარეული საფარის გამო ვერ დგინდება მისი არსებობა. №1 შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილზე შენობა-ნაგებობის არსებობაზე მითითებულია ასევე სპს „...ის“ 19.10.2020წ. წერილში. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 03.10.2017წ. განკარგულების მიღებისას კომისიამ გ.ბ-ის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და სარგებლობის ფაქტი დაუდასტურებლად მიიჩნია სწორედ იმის გამო, რომ არ დგინდებოდა შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე განთავსება. ზემოთ მითითებული დოკუმენტებით (ექსპერტიზის დასკვნები, წერილი) დგინდება, რომ განმცხადებელმა განცხადების ხელახლა წარდგენისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე წარუდგინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ ნაკვეთზე შენობის განთავსებასთან დაკავშირებული ახალი მტკიცებულებები. მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებული განკარგულებით კომისიამ მიიჩნია, რომ გ.ბ-ის ხელახალ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებით კომისიას უკვე ჰქონდა მიღებული 03.10.2017წ. განკარგულება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიამ ისე მიიჩნია დადასტურებულად გარემოება იმის შესახებ, რომ კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა განთავსებული არ ყოფილა, რომ არსებითი განხილვის შედეგად შეფასების გარეშე დატოვა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნები, წერილი) შენობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტთან დაკავშირებით, ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა კომისიის მიერ გ.ბ-ის განცხადების არსებითად განხილვის საფუძვლები, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობდა სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების განუხილველად, განცხადებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი,
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი