ბს-210 (კ-23) 02 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ.თ.ო-იმ 26.07.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2021წ. N03-2425/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კ.თ.ო-ის და მისი ოჯახის ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
კ.თ.ო-იმ 04.10.2021წ. განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოსარჩელეთა წრე დააზუსტა, კერძოდ მოსარჩელეებად მიუთითა კ.თ.ო-ი და ც.ს-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.01.2022წ. გადაწყვეტილებით კ.თ.ო-ისა და ც.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2021წ. N03-2425/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელე კ.თ.ო-ისა და ც.ს-ას ოჯახთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე კ.თ.ო-ი და მისი დედა ც.ს-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და რეგისტრირებულები არიან ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ...ში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2021წ. №03-2425/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.06.2021წ. №34 გადაწყვეტილების საფუძველზე, კ.თ.ო-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის კანონიერება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დასაბუთებულია მონიტორინგის ჯგუფის მიერ 19.04.2021წ. და 13.10.2021წ. განხორციელებული ვიზიტების დროს არსებული მდგომარეობით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სადავო აქტის მიღების თარიღზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს ბრძანება მიღებულია 28.06.2021წ., ხოლო მეორე ვიზიტი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა 13.10.2021წ., მას შემდეგ რაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება კ.თ.ო-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც ვერ ასაბუთებს სააგენტოს პოზიციას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე. რაც შეეხება 19.04.2021წ. მონიტორინგის დროს მოპოვებულ ინფორმაციას, სააპელაციო პალატის მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მონიტორინგის დროს კ.თ.ო-ის დედა ც.ს-ა იმყოფებოდა თბილისში შვილთან, არ ქმნიდა აღნიშნული პირების ერთ ოჯახად არ ცხოვრების დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება იმის დასტურად, რომ მოსარჩელე და მისი დედა არ არიან ერთი ოჯახის წევრები, იგი დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილ მონიტორინგის ფორმას. პალატამ ასევვე ყურადღება გაამახვილა საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც.თ.ო-ის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ არის მოსარჩელე კ.თ.ო-ის ძმისშვილი, ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N6-ში ოჯახთან ერთად, სკოლა ზუგდიდში, სოფელ ...ში დაამთავრა და ცხოვრობდა ახლობლის სახლში ქირის გარეშე, ბიძასთან კ.თ.ო-ისთან, ბებია-ბაბუასთან, მშობლებთან და დებთან ერთად. 2011 წელს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. ...ში დარჩა ბიძა და ბებია. თბილისში გადმოსვლისას დროებით ცხოვრობდნენ ...ში, ასევე ...ის ქუჩაზე, ახლა ოჯახი ცხოვრობს ...ში, ...ის ქ. N6-ში. ბებია პერიოდულობით სტუმრობს მათ ოჯახს და რჩება 3-4 დღე.
სააპელაციო პალატამ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.07.2019წ. N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" მითითებით აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არაა საკმარისი ც.ს-ასა და კ.თ.ო-ის ოჯახის ერთად ცხოვრების დასადგენად, თუმცა დამატებითი კვლევის გარეშე საქმეში დაცული მტკიცებულებები ასევე არაა საკმარისი ც.ს-ასა და კ.თ.ო-ის ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტის დასადასტურებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არაერთი ვიზიტი განახორციელა მოსარჩელეთა ოჯახის შემადგენლობის და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. პირველი მონიტორინგის დროს, 19.04.2021წ. ადმინისტრაციულ ორგანოს თანამშორომლებს მისამართზე დახვდათ მხოლოდ კ.თ.ო-ი. მონიტორინგის ოქმში მითითებული ინფორმაციის მიხედვით ც.ს-ა იმყოფებოდა შვილთან თბილისში. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მეტი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 13.10.2021წ. დამატებითი ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელის მისამართზე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი .... ვიზიტი განხორციელდა საღამოს 20:31 საათზე, მისამართზე არავინ იმყოფებოდა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი ტელეფონით დაუკავშირდა მოსარჩელეს მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. კ.თ.ო-ის განმარტებით იგი იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, საარჩევნო შტაბში, ხოლო დედამისი ც.ს-ა იმყოფებოდა თბილისში თავის შვილიშვილებთან. კ.თ.ო-მა აღნიშნა, რომ არ იცოდა თბილისის მისამართი, რადგან დაახლოებით სამი თვეა მისი ძმისშვილები გადასულები არიან სხვა მისამართზე, მანამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის ქ.N25-ში. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელე დედამისის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მონიტორინგის სამმართველოს აწვდიდა ურთერთგამომრიცხავ ინფორმაციას, 19.04.2021წ. მონიტორინგის ოქმიდან ირკვევა, რომ მისი ძმა ცხოვრობს ...ის ქუჩაზე და ც.ს-ა იმყოფება მასთან, ხოლო 13.10.2021წ. გასაუბრების ოქმის მიხედვით კ.თ.ო-ის ძმის ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, ...ზე. კ.თ.ო-იმ ვერ მიუთითა სააგენტოს დედის ზუსტი ადგილსამყოფელი. კასატორი თვლის, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ოჯახის ხელოვნური გაერთიანების საფუძვლით. კასატორი თვლის, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სზაკ-ის 53.5 და 96.2 მუხლის დარღვევა. სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამ გარემოებათა შეფასების საფუძველზე გამოსცა ბრძანება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.07.2019წ. N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე" და აღნიშნა, რომ დასახელებული წესის N7 დანართის შესაბამისად, 3-4 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 50-დან 60კვ.მ-დე ოროთახიანი), ხოლო 1-2 წევრიანი დევნილი ოჯახისათვის მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 30-დან 40 კვ.მ.-დე (ერთოთახიანი). საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის 6.13 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე განაცხადში დედის შეყვანით ცდილობს უფრო მეტი ფართის მიღებას ვიდრე მას ეკუთვნის (ერთი ოათახი).
კასატორი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის 4.1 მუხლის "ლ" ქვეპუნქტსა და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებად უნდა ჩაითვალონ ის პირები, რომლებიც ერთ ფართში ცხოვრობენ და ერთად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კ.თ.ო-ი ცხოვრობს მარტო, სოფელ ...ში, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ც.ს-ას საცხოვრებლად ვერ მიიჩნევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალების მიხედვით კ.თ.ო-ი და ც.ს-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ამასთან, კ.თ.ო-ი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.06.2021წ. №34 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა კ.თ.ო-ის, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 28.06.2021წ. №03-2425/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 01.06.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №34) კ.თ.ო-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელე კ.თ.ო-ის მიერ შევსებულ იქნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი, რომელშიც განმცხადებლის ოჯახის წევრად მითითებულია დედა - ც.ს-ა, ხოლო ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: ზუგდიდი, სოფელი .... 19.04.2021წ. მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე. მონიტორინგის თანამშრომლებს მითითებულ მისამართზე დახვდათ მხოლოდ კ.თ.ო-ი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისამართზე ცხოვრობენ 1998 წლიდან ქირის გარეშე, უძრავი ქონება ეკუთვნის ვ.შ-ას. კ.თ.ო-ი არის ომის ვეტერანი, მამა გარდაცვლილია, ხოლო განაცხადს აკეთებს დედასთან, ც.ს-ასთან ერთად. მონიტორინგის დროს ც.ს-ა იმყოფებოდა თბილისში კ.თ.ო-ის ძმასთან. 13.10.2021წ. მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ზუგდიდი, სოფ. ...) განხორციელდა დამატებითი მონიტორგი, თუმცა მისამართზე მისულ მონიტორინგის თანამშრომლებს სახლში არავინ დახვდა. ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის მასალებს, რაც დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარის საფუძვლად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამატებითი მონიტორინგი განხორციელდა კ.თ.ო-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის კ.თ.ო-ის და ც.ს-ას ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის უპირობოდ გაზიარების საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლის შემდეგ, გამოიკვლიოს კონკრეტულ მისამართზე მოსარჩელეების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი