ბს-1160 (კ-22) 02 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. და 25.07.2022წ. განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.მ-ემ 15.12.2021წ. სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.12.2021წ. Nგ-11.72213401 განკარგულების ბათილად ცნობა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მოსარჩელე მ.მ-ის სარგებლობაში არსებულ 949 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.04.2022წ. გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.12.2021წ. Nგ-11.72213401 განკარგულება, მოპასუხეს (უფლებამონაცვლე ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და მ.მ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. სხდომის ოქმით დაკმაყოფილდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამოპასუხედ ჩართვის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2022წ. განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და მ.მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.04.2022წ. გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში შევიდა ცვლილება და ნაცვლად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა, დანარჩენ ნაწილში საჩხერის რაიონული სასამართლოს 28.04.2022წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით 27.07.2021წ. მ.მ-ემ (პ/ნ ...) N... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 949 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 29.10.2021წ. N... წერილით გადაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, საკითხის კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.12.2021წ. Nგ-11.72213401 განკარგულებით უარი ეთქვა მ.მ-ეს (პ/ნ ...) ჭიათურაში, სოფელ ...ში მდებარე 949 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის განცხადებაზე დართული დოკუმენტებით და ადგილზე გადამოწმებით არ დადასტურდა მოქალაქე მ.მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის საკუთრების ფაქტი. პალატის მითითებით აღიარების კომისიისთვის საკითხის განსახილველად გადაგზავნის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს შეფასებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე ვინმეს საკუთრება რეგისტრირებული არ იყო და აღიარების კომისიას უნდა ემსჯელა უფლებადაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ კომისიამ მეზობელთა განმარტებებზე დაყრდნობით ვერ დაადგინა სადავო უძრავი ქონების მ.მ-ის მხრიდან ფლობის ფაქტი და ამავე მეზობლების განმარტებით მიიჩნია, რომ სადავო ქონება სხვისი, კერძოდ დ.ჯ-ის საკუთრება იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დ.ჯ-ის სახელზე გაცემული აქტი სადავო განკარგულების მიღების საფუძველი არ გამხდარა და მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების დროს იქნა მოპასუხის მიერ წარმდგენილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო განკარგულების მიღებით, მხოლოდ მეზობლების ზეპირი განმარტებების საფუძველზე ეჭვქვეშ დააყენა არა მხოლოდ სადავო უძრავ ქონებაზე მ.მ-ის ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტი, არამედ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის ფაქტიც.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფნის გარდა, მნიშვნელოვანია ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საქმის გარემოებების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ნივთზე ფაქტობრივი „ბატონობის“ ფაქტი, ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მეზობლების ზეპირ განმარტებებს. კომისიის წარმომადგენლებს ადგილზე დათვალიერებისას არ გამოუკითხავთ არათუ განცხადების წარმდგენი და არ მიუციათ მისთვის შესაძლებლობა, დაედასტურებინა უძრავ ქონების მფლობელობის ფაქტი, არამედ არ გამოუკითხავთ და ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაუბამთ არც ის მესამე პირი, რომლის უფლებაც სადავო უძრავ ქონებაზე მეზობელთა განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნიეს. სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 95-ე, 96.1 და 97-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კომისიას მ.მ-ის განცხადება არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით, რაც ადასტურებს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ ხასიათს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით მ.მ-ის განცხადების ხელახალი განხილვისას უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი უნდა გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის საქმის გარემოებების საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვალდებულ პირს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 17.12.2021წ. №1168-VIმს-Xმპ კანონის თანახმად (ამოქმედდა 2022 წლის 01 იანვრიდან), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება. ცვლილებების განხორციელების შემდეგ, კანონის მე-4 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2021წ. №798 ბრძანების პირველი მუხლის ჰ20 პუნქტის მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მოხვდა ჭიათურის მუნიციპალიტეტი მთლიანად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, ხელახლა უნდა განიხილოს მ.მ-ის განცხადება და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც დამყარებული იქნება საქმის გარემოებათა სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. და 25.07.2022წ. განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად მითითებული კომისიის 01.12.2021წ. ადგილზე დათვალიერების ოქმი არ არის მომზადებული სზაკ-ის მოთხოვნათა დაცვით. დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები რეალობას არ შეესაბამება. დ.ჯ-ის სახელზე 1998 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთის N1025 მიღება-ჩაბარების აქტისა და თანდართული ნახაზის მონაცემებით, დ.ჯ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის სულ სხვა (ლ-ების) უბანში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ასაღიარებელი მიწის ნაკვეთისგან არსებითად განსხვავდება კონფიგურაციით, ლოკაციით და ნაკვეთის შემადგენელი ნაწილების მონაცემებით (ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის საკარმიდამო და არ აქვს სახნავი). მ.მ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა დ.მ-ის სახელზე 1995 წ. მომზადებული N369 მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული ნახაზი, რომლის თანახმად მ.მ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მიწის რეფორმამდე წარმოადგენდა მ-ების საგვარეულო მიწის ნაკვეთს, N369 აქტში შევიდა რეფორმით დადგენილი ლიმიტირებული (0.75ჰა) ფართობის ნაკვეთები, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დარჩა მიღება-ჩაბარების აქტის მიღმა, თუმცა მ.მ-ეს არ შუეწყვეტია ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა, რაც საქმის სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ.ო-ის განმარტებით დასტურდება მ.მ-ის მიერ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი. კასატორის მითითებით სადავო აქტი გამოცემულია მოწმეთა ჩვენების მიცემის გარეშე. მოპასუხის მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისთვის კანონით დადგენილი ნორმები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და საქმეში დაცული მტკიცებულებები, შესაბამისად არ არსებობდა დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის საფუძველი.
კასატორი თვლის, რომ არასწორია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. კასატორი მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.01.2022წ. წერილზე, რომლითაც სააგენტომ მიმართა სხვადასხვა, მათ შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტებს ეთხოვათ სააგენტოსათვის მათ წარმოებაში არსებული განცხადებების და დოკუმენტაციის გადაგზავნა. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული წერილი ეხება 03.01.2022წ. მდგომარეობით ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის წარმოებაში არსებულ და არა დასრულებულ საქმეებს. განსახილველ საქმეზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და სადავო აქტი 06.12.2021წ. გამოსცა. კასატორის მითითებით საქართველოს 1.12.2019წ. N5501-Iს კანონი "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამოქმედდა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, შესაბამისად ამ კანონის მოქმედება შეეხება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ, აგრეთვე 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით არსებულ ურთიერთობებს, რომლებზეც ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ამ მომენტისათვის მიღებული არ არის. სადავო აქტის ბათილობის და აქტის გამოცემის დავალების შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ხდება ბათილი აქტის გამოცემის დროს მოქმედი მატერიალური კანონმდებლობით. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის 06.12.2021წ. მოქმედი რედაქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ანიჭებს სადავო საკითხის გადაწყვეტის კომპეტენციას. კასატორის მოსაზრებით სწორედ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს დავის სათანადო საპროცესო მხარეს, რომელსაც უნდა დაევალოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მ.მ-ემ 27.07.2021წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 949 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2021წ. წერილით კომპეტენციის ფარგლებში (თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების) საკითხის განსახილველად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა მ.მ-ის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული ინფორმაცია. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.12.2021წ. N7 სხდომის ოქმის მიხედვით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მ.მ-ისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 949 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მეზობელთა გამოკითხვით არ დადასტურდა მ.მ-ის მიერ სადავო ქონების ფლობის ფაქტი, მეტიც მეზობელთა განმარტებით მიწის ნაკვეთს და სახლს ფლობდა დ.ჯ-ე და მისი ოჯახი. N7 ოქმის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 06.12.2021წ. მიიღო მ.მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №გ-11.72213401 განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა მ.მ-ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 949 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მ.მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის საკუთრების ფაქტი არ დადასტურდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღიარების კომისია გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ ადგილზე დათვალიერების 01.12.2021წ. ოქმს, რომელიც თავის მხრივ მეზობლების ზეპირ განმარტებებს ეფუძნებოდა. დ.ჯ-ის სახელზე გაცემული N1025 მიღება-ჩაბარების აქტი პირველად სასამართლოში იქნა წარმოდგენილი და იგი სადავო განკარგულებას საფუძვლად არ დასდებია. ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიას არ დაუდგენა სადავო მიწის ნაკვეთზე დ.ჯ-ის უფლების არსებობა და მისი ფარგლები, არ გამოუკვლევია N1025 მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული მიწის ნაკვეთის და მ.მ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ურთიერთმდებარეობა, არ უმსჯელია განსახილველი საკითხის მიმართ სხვა პირთა, მათ შორის დ.ჯ-ის ინტერესების შემხებლობის თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკითხულა თავად განცხადების წარმდგენი მ.მ-ე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა განხორციელებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნორმატიულად დადგენილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების არაერთი წინაპირობა, რომელთა არსებობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია. მართალია საქმეში დაცულია გარკვეული მტკიცებულებები, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მ.მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არსებითად არ უმსჯელია, წარდგენილი მტიცებულებები არ შეუფასებია და საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია, სასამართლო მოკლებული იყო დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული აქტის კანონიერებას და ამ მიზნით ინკვიზიციის გარკვეული ფარგლებით სარგებლობს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს საკითხის გადაწყვეტაზე უფლების მქონე ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის სრულ გადაკისრებას, ადმინისტრაციული წარმოების სრულ ჩანაცვლებას.
ამასთანავე, კანონმდებლობაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით საკითხი აღარ არის კომისიის ქვემდებარე. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 17.12.2021წ. №1168-VIმს-Xმპ კანონის თანახმად (ამოქმედდა 01.01.2022 წლიდან) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება. ანალოგიურ დებულებას შეიცავს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონი, რომლის 4.4 მუხლის თანახმად, "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 23.9 მუხლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო სააგენტოს განსახილველად უგზავნის შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებულ განცხადებას, რომელზედაც ამ კანონის 41მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით ჩერდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილება, თუ აღნიშნულ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. განსახილველ შემთხვევაში მ.მ-ის განცხადებაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავო გახდა მხარეებს შორის, შესაბამისად, მ.მ-ის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამდენად, მ.მ-ის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოდ მართებულად მიეთითა სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. და 25.07.2022წ. განჩინებებზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2022წ. და 25.07.2022წ. განჩინებები;
3. მ.მ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.09.2022წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი