Facebook Twitter

ბს-188 (კ-23) 02 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ს-მა 03.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 21.04.2021წ. N03-1214/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.10.2022წ. გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი "დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე" სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 21.04.2021წ. N03-1214/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ს-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. ს-მა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის, ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) – 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი) – 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით) – 3 ქულა, მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე – 1.5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ს. ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ქირის გარეშე ცხოვრების გამო. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 21.04.2021წ. გამოსცა №03- 1214/ო ბრძანება მოსარჩელე ს. ს-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. პალატამ აღნიშნა, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. დღეის მდგომარეობით დევნილი ოჯახი მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, საჭიროებიდან გამომდინარე, მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს არა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში, არამედ იმას ჰქონდა თუ არა დევნილ ოჯახს საკუთრებაში უძრავი ქონება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი არსებითად ცვლის სიტუაციას, არსებითად გამოარჩევს მოსარჩელის ოჯახს იმ დევნილი ოჯახებისგან, რომელთაც არასდროს ჰქონიათ საკუთრება, ცხოვრობენ ქირით, განსხავებულია მათი სოციალურ-კონომიკური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები. კასატორის მითითებით მოსარჩელის მეუღლე ფლობდა არაერთ საკუთრებას, რომელიც 2016 წლამდეა გასხვისებული, ასევე თავად მოსარჩელის სახელზე ფიქსირდებოდა საკუთრებები, რომელიც ასევე 2016 წლამდეა გასხვისებული. კერძოდ, მოსარჩელის მეუღლის ა. ბ-ის სახელზე ფიქსირდებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ...ის N12-ში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს გადაეცათ მემკვიდრეობით, ხოლო 2016წ. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გასხვისდა ნ. ხ-ზე, რომელიც მოსარჩელის მეუღლის დეიდაშვილია. მითითებულ მისამართზე მისვლისას მონიტორინგის სამსახურს კარი დაკეტილი დახვდა, კარზე მითითებული იყო ს. ს-ის ტელეფონის ნომერი. ა. ბ-ის სახელზე ფიქსირდებოდა 1036 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 223.60 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებით მდებარე ქ. თბილისში, ...ა 1, ... დასახლებაში, ასევე უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ...ი "ა" მ/რ, კორპ. 70-ში, რომელიც 2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ა. ბ-ემ და 2012წ. ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ნ. რ-აზე. მოსარჩელის ს. ს-ის საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, 1-ლი მ/რ, კორპ. 1, ბინა 21, რომელიც ს. ს-მა შეიძინა 2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და 2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა თ. მ-ე-ფ-ეზე. ასევე მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა უძრავ ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის N10, ბინა N31, რომელიც შეიძინა 2010წ. და 2012წ. გაასხვისა ლ. მ-ზე. კასატორი თვლის რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს.

კასატორი აღნიშნავს, რომ 21.01.2021წ. მონიოტორინგი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ...ის N1, ჩიხი 5. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნულ მისამართზე 2018 წლიდან ცხოვრობს მეგობრის - ნ. ჭ-ის საკუთრებაში. 2012 წლიდან 2018 წლამდე ცხოვრობდა გ. ბ-ის საკუთრებაში, რომელიც არის მოსარჩელის მაზლი. მოსარჩელის მშობლები ცხოვრობენ თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ...ში. მეუღლე ა. ბ-ე 2013წ. გარდაიცვალა. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკიხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად, კომისიამ 02.04.2021წ. (N19 სხდომის ოქმი) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და არ დააკმაყოფილა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით განსახლების გადაუდებელი საჭიროების არასრებობის, კერძოდ ქირის გარეშე ცხოვრების გამო.

კასატორი მიუთითებს "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა. მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ფლობდა არაერთ უძრავ ქონებას, რომელიც სხვადასხვა წლებშია გასხვისებული. სააგენტო წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნიოთ ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. კასატორმა სზაკ-ის 601 და 53-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე ს. ს-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას სარეგისტრაციო ნომერზე აღრიცხული ჰყავს შვილები მ. და ვ. ბ-ეები, რომლებსაც ასევე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი აქვთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ს. ს-ს, უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ქირის გარეშე ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 21.04.2021წ. N03-1214/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ს. ს-ს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქირის გარეშე და მისი ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 7 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ქირით ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბინა, სადაც ს. ს-ი შვილებთან ერთად ცხოვრობს არის ნ. ჭ-ის საკუთრება, რომელთანაც მოსარჩელის ნათესაური კავშირი საქმის მასალებით არ დასტურდება.

ამასთან, წინააღმდეგობრივია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სადავო აქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი (ქირის გარეშე ცხოვრების გამო) საკასაციო საჩივრის საფუძველთან, საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებდა სასწარაფო განსახლებას მოსარჩელის და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა უძრავი ქონების გამო. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არის ქვრივი და სადავო საკითხის განხილვის დროს მას და მის შვილებს საკუთრებაში არ გააჩნდათ უძრავი ქონება, გარდა ს. ს-ის საკუთრებაში არსებული 3 კვ.მ. სარდაფისა, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის დამაბრკოლებელ გარემოებას არ ქმნის, რამეთუ სარდაფი ვერ შეფასდება ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად. ამასთან, ს. ს-ის ოჯახისათვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამდენად, ს. ს-ის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი