საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-704(კ-23) 13 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ.შ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილება
მესამე პირი - კ.ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.შ-ამ 2018 წლის 01 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ.ო-ის 2018 წლის 15 მაისის გამოსახლების/გამოყვანის შესახებ №... შეტყობინებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 24 აგვისტოს №MIA 8 18 0001/392 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.შ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.შ-ას მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინებით ლ.შ-ას საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი; კერძოდ, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შესახებ მტკიცებულების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენა (სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ მხარე საკასაციო საჩივარში არ შუამდგომლობდა).
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით, სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე სამჯერ გაეგზავნა ლ.შ-ას, რაც არ ჩაბარდა, თუმცა აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საჯაროდ გავრცელდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე www.ecd.court.ge. საჯარო შეტყობინება განხორციელდა 2023 წლის 25 სექტემბერს, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვალა შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს, 2023 წლის 02 ოქტომბერს, ამასთანავე მომდევნო დღიდან დაიწყო ლ.შ-ას საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის განკუთვნილი ვადის დინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.შ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინება ლ.შ-ას სამჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., მე-5 კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა №... (სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება ჩაიბარა აღნიშნულ მისამართზე). ხსენებული გზავნილები კასატორს არ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არ იმყოფებოდა, ხოლო საკონტაქტო მობილური ტელეფონი - მიუწვდომელი იყო. აღნიშნულის შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დადგინდა ამავე სასამართლოს 2023 წლის 05 ივლისის განჩინების საჯაროდ გამოქვეყნების საკითხი, ხოლო 2023 წლის 25 სექტემბერს განხორციელდა საჯარო შეტყობინება (ს.ფ 291). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 02 ოქტომბერს და ამოიწურა 2023 წლის 12 ოქტომბერს 24 საათზე (ხუთშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა