ბს-29 (კ-23) 02 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ჭ-ემ 25.12.2020წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 26.11.2020წ. N02/11541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და პ. ჭ-ეის სახელზე ბინის, მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს ქ. კორპ. ..., ბინა 24, პრივატიზაციის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.03.2021წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2021წ. გადაწყვეტილებით პ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2020წ. N02/11541 გადაწყვეტილება, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა პ. ჭ-ეის სახელზე უძრავი ქონების (მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს ქ. კორპ. ..., ბინა 24) პრივატიზაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 26.11.2020წ. N02/11541 გადაწყვეტილებით პ. ჭ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის - მდებარე: ქ. რუსთავი, ...ს ქ. კორპ. ..., ბინა 24, პრივატიზაციაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ჩატარებული მოკვლევის შედეგად უახლესი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მისამართზე: ქ. რუსთავი, ...ს ქ. კორპ. ..., ბინა 24, გაცემული იყო სხვა პირზე. კერძოდ, ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ 28.07.2020წ. გაცემული N167 საარქივო ცნობის თანახმად, ქ. რუსთავის საბინაო მეურნეობის სამმართველოს მასალების მიხედვით, 23.05.1974წ. მოქალაქე გ. ხ-ის სახელზე გაიცა ოროთახიანი საცხოვრებელ ბინაში შესახლების ორდერი. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ ზემოხსენებულ მისამართზე არ არსებობდა პ. ჭ-ეის კანონიერი სარგებლობის უფლება. სააპელაციო პალატამ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებულ "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" პირველ მუხლზე, 2.1 მუხლის "ე" ქვეპუნქტსა და 4.3 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციისთვის პირმა შესაბამისი დოკუმენტისა და მოთხოვნილ უძრავ ქონებაში რეალურად ცხოვრების ფაქტზე დაყრდნობით უნდა დაადასტუროს, რომ იგი წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს. სააპელაციო პალატის მითითებით მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე პ. ჭ-ე და მისი ოჯახი 1991 წლიდან უწყვეტად ცხოვრობს სადავო ბინაში.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილების 2.1. მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტსა და ამავე დადგენილების 4.3. მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის ჩანაწერზე, რომლითაც კანონიერი სარგებლობის უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიეთითა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნაკი და სხვა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ნორმის ჩანაწერის იმ ღია სივრცეზე, რომელიც ამ ნორმის მიმღები ორგანოს მიერ იქნა დატოვებული და რომელიც ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასების არეალში იქნა მოქცეული. კერძოდ, მითითება ,,და სხვა’’, თავის მხრივ აფართოებს და ამავე დროს არ აკონკრეტებს იმ ჩამონათვალს, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს უფლების დამდგენ დოკუმენტად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ამ პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს დადგენილების 4.5. მუხლის შინაარსი, რომლითაც განმცხადებელს უფლება მიეცა განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, ხსენებული ნორმების ერთობლივი შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი უნდა გამოეკვლია არა მხოლოდ ერთ დოკუმენტზე (საბინაო ორდერზე) პოზიციონირებით, არამედ ყურადღება უნდა გაემახვილებინა განმცხადებლის მიერ შეთავაზებულ მტკიცებულებებზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში დაცულია საბინაო საექსპლუატაციო უბნის უფროსის 08.11.1992წ. N356 ცნობა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ პ. ჭ-ე ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, ...ს N...-ში. ამავე ბინაში მასთან ერთად ცხოვრობენ შვილები: ლ. ჭ-ე, თ. ჭ-ე, ხ. ჭ-ე. გ. ხ-ი (დაბ. ...წ.) - ბინის მფლობელი ამოწერილია დეპეშის საფუძველზე. 1993 წელს მოსარჩელე პ. ჭ-ეის სახელზე გაცემულია სახლთმართველობის ქვითრები ...ს ქუჩა N...-ში მდებარე ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი 01.01.1993წ. N2386 პირადი ბარათით დგინდება, რომ ქალაქ რუსთავში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე ბინის დამგირავებელს წარმოადგენს გ. ხ-ი, რომელიც ამოწერილია დეპეშის საფუძველზე 08.12.1992წ., ამავე ბარათის თანახმად, აღნიშნულ ბინაში მუდმივი ცხოვრების უფლებით ცხოვრობს პ. ჭ-ე, ლ. ჭ-ე, თ. ჭ-ე და ხ. ჭ-ე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პ. ჭ-ეის მიერ წარდგენილი 1994 წლის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გაფორმებულ იქნა მ. კ-ესა (როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს N1 საბინაო საექსპლუატაციო უბნის წარმომადგენელი) და პ. ჭ-ეს შორის დგინდება, რომ ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ, პირად საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი ბინა (მდებარე: ქალაქი რუსთავი, ...ს N...). მითითებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ პ. ჭ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი და მითითებულია 1974 წელს გაცემული N1059 ორდერი. ამდენად, პალატის მოსაზრებით ზემოხსენებული დოკუმენტების ერთობლიობა ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსარჩელე პ. ჭ-ე მიჩნეულ იქნეს საცხოვრებელი სახლის კანონიერ მოსარგებლედ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე დაცულია საჯარო და კერძო ინტერესის ბალანსი, ვინაიდან მოხდა შეპირისპირებულ ინტერესთა შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის ანალიზისა და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასებისა და განმარტებების გარეშე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა სამართლებრივი ნორმები. კასატორი თვლის, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილების საფუძველზე და იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული დადგენილების მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე ( 2.1 მუხ. "ე" ქვ.პ.). კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში უფლების დამდგენ "სხვა" დოკუმენტად ვერ განიხილება პ. ჭ-ეის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება და გ. ხ-ის მიერ დეპეშის საფუძველზე უძრავი ქონების ამოწერის საკითხი. კასატორი აღნიშნავს, რომ მფლობელობით უძრავი ქონების რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო სამართალწარმოებით, რაც სცილდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2020წ. N02/11541 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხ. 1). ამავე „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, რომლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 14.07.2020წ. პ. ჭ-ეის წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. რუსთავში, ...ს ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პ. ჭ-ეის სახელზე პრივატიზება. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 26.11.2020წ. N02/11541 სადავო გადაწყვეტილებით პ. ჭ-ეს უარი ეთქვა ბინის პრივატიზაციაზე სადავო ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ითვალისწინებს არაპრივატიზებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის განცხადებისათვის დასართავი და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). აღნიშნულ ნორმაში, მართალია, მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს და ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაეყრდნოს უძრავი ქონების კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტსაც. ზემოაღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უფლება აქვს განცხადებას დაურთოს ასევე სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით რუსთავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების ქალაქ ბინათსამმართველოს მიერ 23.05.1974წ. გაცემულ იქნა N1059 ორდერი გ. ხ-ის სახელზე, ქალაქ რუსთავში, ...ს პროსპექტი (დღევანდელი ...ს ქუჩა) სახლი N..., ბინა N24-ზე. სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანოს უარს საცხოვრებელი ბინის პ. ჭ-ეის სახელზე პრივატიზაციის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ საბინაო საექსპლოატაციო უბნის უფროსის მიერ ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ 08.11.1992წ. N356 ცნობაზე, 01.01.1993წ. N2386 პირად ბარათზე, 1994წ. ხელშეკრულებაზე, ასევე ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 27.07.2020წ. ცხოვრების ფაქტის დადგენის შესახებ აქტზე და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება სადავო ბინიდან გ. ხ-ის დეპეშის საფუძველზე ამოწერის და 1991 წლიდან პ. ჭ-ეის (მისი ოჯახის) მიერ სადავო ბინით სარგებლობის (ცხოვრების) ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული დოკუმენტების ერთობლიობა ქმნიდა პ. ჭ-ეის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის და ბინის პრივატიზების თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი