№13441-13 16 აპრილი, 2013 წელი
ჩ-ი გ., 13441-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
ადვოკატ – ი. ჭ-ას
მსჯავრდებულ _ გ. ჩ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენით გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ჩ-ს მიესაჯა ჯარიმა – 2000 ლარი და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით გ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 17 წლით, ხოლო 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით გ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ჩ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოხდილი 11 თვისა და 4 დღის გათვალისწინებით, ამ მუხლით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 12 წლითა და 9 თვით, ხოლო 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ჩ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 18 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივლისიდან.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ 2010 წლის 16 ივლისის ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულია მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. ამის შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენი, რადგან არაერთგზისობას აღარ აქვს ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ. ჩ-ი ითხოვს განაჩენების გადასინჯვას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჩ-ისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებითა და 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ უნდა შეიცვალოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენი, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე