საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1261(2კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ც-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 25 მაისს ზ. ც-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 მარტის №385 ბრძანების ბათილად ცნობა, ...ის თანამდებობაზე აღდგენა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იძულებით განაცდური ხელფასის, 2021 წლიდან ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებისა და გასაცემი ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, ზ. ც-ეის სასარგებლოდ დაეკისრა გამოუყენებელი შვებულების - 116.65 ლარის ანაზღაურება; ზ. ც-ეის სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურისა და ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზ. ც-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზ. ც-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ზ. ც-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით გასაცემი თანხის (თანამდებობრივი სარგო თვეში 700 ლარის) ანაზღაურება 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე; დანარჩენ ნაწილში ზ. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზ. ც-ემ.
კასატორის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ზ. ც-ეის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერია, მას აუნაზღაურდა ერთი თვის თანამდებობრივი სარგო და სასამართლოების მიერ ზ. ც-ეისათვის საშვებულებო თანხის, ასევე საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისა და სხვა ხარჯების ანაზღაურება დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით ზ. ც-ეის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზ. ც-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ზ. ც-ეის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით გასაცემი თანხის (თანამდებობრივი სარგო თვეში 700 ლარის) ანაზღაურება 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე; დანარჩენ ნაწილში ზ. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ და ზ. ც-ემ. ზ. ც-ეის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 მარტის №385 ბრძანების უკანონოდ ცნობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ზ. ც-ეის სასარგებლოდ ხელფასის სახით გასაცემი თანხის (თანამდებობრივი სარგო თვეში 700 ლარის) 2021 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. ამავე შინაარსის დანაწესებს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ზიანის წყარო, პირის ინტერესს წარმოადგენს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და ზიანით მიყენებული მატერიალური დანაკლისის შევსება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „პირს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ენიჭება იმისდა მიუხედავად, სასამართლოსთვის მიმართვის ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ის ფაქტობრივად დასაქმებულია თუ არა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლებული პირი მოგვიანებით დამსაქმებლის ინიციატივით აღდგენილი ან დანიშნული იქნება სხვა თანამდებობაზე, აღნიშნული არ ართმევს პირს უფლებას, მოითხოვოს უკანონოდ გათავისუფლებით მისთვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, ისევე როგორც პირის სხვა სამსახურში (მათ შორის კერძო სექტორში) დასაქმება, ვერ გაათავისუფლებს სახელმწიფოს უკანონოდ გათავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებისგან...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: „საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 15 აგვისტოს ზ. ც-ე დაინიშნა ...ის თანამდებობაზე ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ...სა და ...ში, 12 თვის გამოსაცდელი ვადით.
2020 წლის 1 აპრილს ზ. ც-ესა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულების ვადა არ აღემატება შესაბამისი სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას. აგრეთვე ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს კონკრეტული ვადის მითითებით, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში შესაბამისი მერის უფლებამოსილების ფარგლებში". ზ. ც-ეის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 700 (შვიდას) ლარს.
2021 წლის 12 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ზ. ც-ეს გაუგზავნა შეტყობინება და აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ მასთან დადებულ ხელშეკრულებას შეწყვეტდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 15 მარტის №385 ბრძანებით ზ. ც-ესთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა და ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელესა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა შეზღუდული იყო დროის გარკვეული პერიოდით, თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, მერის უფლებამოსილების ვადით. შესაბამისად, საქმის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა როდის ამოეწურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ((25/09/2020 -22/06/2021წ. რედაქცია) 135-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილებათა ვადები, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მორიგ არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. მე-4 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ხელვაჩაურის მერის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა - 2021 წლის 21 ნოემბერს (საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს). საქმის მასალებით, კი დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულება შეუწყდა არა 2021 წლის 21 ნოემბრიდან არამედ, 2021 წლის 15 მარტიდან. შესაბამისად მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ამ ვადაზე ადრე ეწინააღმდეგება კანონს, რაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, განაცდური არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ითვლება უკანონოდ გათავისუფლებულად. განაცდურის ცნებაში მოიაზრება იძულებითი მოცდენისას დამსაქმებლის ბრალით მიუღებელი შემოსავალი, რომელიც დასაქმებულს ეკუთვნის უკანონოდ გათავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის განმავლობაში. თავის მხრივ, გათავისუფლების უკანონობა უნდა დადასტურდეს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, დამსაქმებლისათვის განაცდურის დაკისრების წინაპირობას მხოლოდ მოხელის სამუშაოზე აღდგენა არ წარმოადგენს. აუცილებელია მეორე წინაპირობაც - მოხელის გათავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება. „..თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს..“ (სუსგ 23.07.2020წ. Nბს-38(კ-20) გადაწყვეტილება).
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან, შესაბამის სამსახურში მოღვაწეობა ემსახურება, როგორც მის პროფესიულ განვითარებასა და დამსაქმებელი დაწესებულების საქმიანობაში მონაწილეობას, ასევე მის მიერ გაწეული შრომისთვის განსაზღვრული ანაზღაურების მიღებას, რაც შედეგობრივად დაკავშირებულია ფიზიკური პირისთვის ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან. ამდენად, პირის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემთხვევაში, მისი უფლებების რეალური რესტიტუციისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის იმ ანაზღაურების მიცემა, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ თანხა უნდა გაიცეს მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, ზუსტად იგივე ოდენობით, რასაც იგი მიიღებდა, უკანონოდ ვადაზე ადრე სამსახურიდან რომ არ გაეთავისუფლებინათ და მისცემოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე