საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-394(კ-23) 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი/მ ა...).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ი/მ ა...ის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა ი/მ ა...ისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2019 წლის 5 ივნისიდან 2020 წლის 1 იანვრამდე 1994,1 ლარის გადახდის დაკისრება, ხოლო 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე - 6760 ლარის გადახდის დაკისრება, 960 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და N3 შენობა-ნაგებობის ნაწილში. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ი/მ ა...ისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2019 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 22 აპრილამდე 8761.86 ლარის გადახდის დაკისრება, N4 შენობა-ნაგებობის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი; ი/მ ა...ს 2019 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 264,3 (ორას სამოცდაოთხი ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (N3 შენობა-ნაგებობის) არამართლზომიერი სარგებლობისათვის. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველ ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, 36-ე მუხლის 13 პუნქტზე. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ.: იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 155-ე, 159-ე, 163-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი თავის შინაარსით წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც არ გააჩნია მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა თავად ფაქტის მიმართ არის კეთილსინდისიერი. საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით და მხარეთა ახსნა- განმარტებებით სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა... სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით - N3 შენობა-ნაგებობით (აუზის განაშენიანების ფართი - 26 კვ.მ) ნამდვილად არამართლზომიერად სარგებლობდა და იყენებდა მას სამეწარმეო საქმიანობისთვის. აღნიშნული გარემოება თავად ა...მ დაადასტურა - განმარტა, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, აუზში (N3 შენობა - ნაგებობა) არსებული წყალი საჭირო იყო საამქროს საქმიანობისათვის და იჯარის შემადგენელ ნაწილად მიაჩნდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2020 წლის 18 მარტის აქტით და ფოტომასალით დასტურდება ა...ის მიერ 960 კვ.მ მიწის ნაკვეთით, ასევე მასზე განთავსებული N4 შენობა-ნაგებობით (განაშენიანების ფართი - 315 კვ.მ) სარგებლობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ 2021 წლის 28 აპრილის N47402 წერილზე, რომლის თანახმად, 2021 წლის 22 აპრილს განხორციელებული მოკვლევის შედეგად, დადგინდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N3 შენობა-ნაგებობის არამართლზომიერად გამოყენება ი/მ ა...ის მხრიდან, ხოლო N4 შენობა-ნაგებობას შინაური ცხოველების სადგომად იყენებდნენ დაუდგენელი პირები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალა მოთხოვნის ამ ნაწილში არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც უდავოდ დადგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებული ფართის ა...ის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად ფლობას, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა, შესაბამისი ფართის სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი მფლობელობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ თბილისში, ...ს ქუჩა N33-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ი/მ ა... აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით (960 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N4 შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართი - 315 კვ.მ) და N3 შენობა-ნაგებობა (აუზი, განაშენიანების ფართით 26 კვ.მ)) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ეს გარემოება დასტურდება 2020 წლის 18 მარტის აქტით და ფოტომასალით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5003740420 დასკვნის თანახმად, თბილისში, ...ს ქუჩა N33-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 39569 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან, 141 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება, 2019 წლის 5 ივნისიდან დეკემბრის ჩათვლთ საორიენტაციოდ შეადგენს 41 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან - 42 ლარს; 195 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება, 2019 წლის 5 ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 58 ლარს, ხოლო 2020 წლიდან - 61 ლარს; 624 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება, 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 181 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან - 188 ლარს; N3 შენობა-ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 9 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან - 9 ლარს; N4 შენობა-ნაგებობის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 376 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან - 392 ლარს. მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი (2020 წლის 18 ივნისის N7/31531, 2020 წლის 20 ივლისის N7/38549 წერილები) და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტომ ისეთი სახის მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლებითაც სარჩელს ამყარებდა, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც შესაგებელი და არც მტკიცებულება, რომლითაც გააქარწყლებდა სააგენტოს პოზიციას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია მხოლოდ N3 შენობა-ნაგებობის არამართლზომიერი მფლობელობისთვის თანხის დაკისრების ნაწილში. რეალურად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი/მ ა...ის მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით - 960 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მასზე განთავსებული N4 შენობა-ნაგებობით (განაშენიანების ფართი 315 კვ.მ) და N3 შენობა-ნაგებობით (აუზი განაშენიანების ფართი 26 კვ.მ) სარგებლობის ფაქტი. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ზეპირი განმარტება და უგულებელყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ი/მ ა... სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით (960 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N4 შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართი 315 კვ.მ) და N3 შენობა-ნაგებობა (აუზი, განაშენიანების ფართით 26 კვ.მ)).
კასატორი აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. შესაბამისად, მტკიცების, გაქარწყლების, ნებისმიერი შეცილების თუ განხორციელებული ქმედების დასაბუთების მაღალი სტანდარტი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოზეა გადატანილი. ამდენად, თუ ადმინისტრაციული ორგანო დავის მონაწილე „ძლიერი მხარეა“ და მას მაღალი სტანდარტი უწესდება, ლოგიკურია, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებებიც მაღალი სტანდარტისაა, როგორც კანონსშესაბამისობის, ისე სანდოობის კუთხით. იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება, რომლის უშუალო ფუნქციაა ქონების მართვა/განკარგვა და რომლის ყოველდღიური საქმიანობა ასეთი ქმედებების ადმინისტრირებაა, ბუნებრივია, ჩაითვლება უტყუარად დადასტურებულად და აქვს მაღალი მტკიცებულების ძალა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. შესაბამისად, საქმეზე მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი განჩინება და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისში, ...ს ქუჩა N33-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი - ..., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 39569.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3 (აუზი), N4 (რკინა-ბეტონის ნაგებობა), N5, N6, N7 (ნანგრევი), N8 (ნანგრევი) 2012 წლის 22 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
2020 წლის 18 მარტის ადგილზე დათვალიერების აქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ თბილისში, სოფელ ...ში, მანქანის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებდა ფიზიკური პირი ა....
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 ივნისის N7/31531 წერილით ა...ს გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და დაევალა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2019 წლის 5 ივნისიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 ივლისის N7/38549 წერილით ა...ს გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და დაევალა, შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის უზრუნველყოფა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 14 აპრილის N7/39991 წერილის თანახმად, 2021 წლის 8 აპრილს განხორციელებული მოკვლევის დღეს, თბილისში, ...ს ქუჩა N33-ში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ ...) დაკეტილი იყო.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის N47402 წერილის თანახმად, 2021 წლის 22 აპრილს განხორციელებული მოკვლევით დადგინდა, რომ ი/მ „ა...“ არამართლზომიერად იყენებდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ N3 შენობა-ნაგებობას. ამასთან, დაუდგენელი პირები N4 შენობა-ნაგებობას იყენებდნენ შინაური ცხოველების სადგომად. ამავე წერილის თანახმად, ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე განთავსებული კამერების მესაკუთრეს წარმოდგენდა ი/მ „ა...“.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივლისის N5003740420 ექსპერტის დასკვნის თანახმად, თბილისში, ...ს ქუჩა N33-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 39569 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 141 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 5 ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით (141 კვ.მ) საორიენტაციოდ შეადგენდა 41 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან დღემდე - საორიენტაციოდ შეადგენს 42 ლარს; 195 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება, 2019 წლის 5 ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 58 ლარს, ხოლო 2020 წლიდან შეადგენს 61 ლარს; 624 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება, 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 181 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან შეადგენს 188 ლარს; N3 შენობა-ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 9 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან შეადგენს 9 ლარს; N4 შენობა-ნაგებობის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 376 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან შეადგენს 392 ლარს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მასალებით (ფოტოსურათები, მხარეთა ახსნა-განმარტებები) უდავოდ დასტურდება ა...ის მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით - N3 შენობა-ნაგებობით (აუზის განაშენიანების ფართი - 26 კვ.მ) არამართლზომიერად სარგებლობა და აღნიშნული შენობა-ნაგებობის გამოყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის. თავად ა...მ დაადასტურა, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, N3 შენობა-ნაგებობაში (აუზში) არსებული წყალი საჭირო იყო საამქროს საქმიანობისათვის და იჯარის შემადგენელ ნაწილად მიაჩნდა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (N3 შენობა-ნაგებობის) არამართლზომიერი სარგებლობის გამო, ი/მ ა...ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე. ამავდროულად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა, არამართლზომიერ სარგებლობაში რეალურად არსებული ფართის (N3 შენობა-ნაგებობის) და შესაბამისი ფართით სარგებლობისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ივნისიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა და 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდის დაცვით (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 ივლისის N5003740420 ექსპერტის დასკვნის თანახმად, თბილისში, ...ს ქუჩა N33-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 39569 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N3 შენობა-ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 9 ლარს, ხოლო 2020 წლის იანვრიდან შეადგენს 9 ლარს).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება ა...ის მიერ 960 კვ.მ მიწის ნაკვეთით, ასევე მასზე განთავსებული N4 შენობა-ნაგებობით (განაშენიანების ფართი - 315 კვ.მ) სარგებლობის ფაქტი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ფოტომასალაზე მითითება არ წარმოადგენს 960 კვ.მ მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული N4 შენობა-ნაგებობით სარგებლობის ფაქტის უტყუარად დადასტურების საშუალებას. საყურადღებოა, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2021 წლის 28 აპრილის N47402 წერილის მიხედვით, 2021 წლის 22 აპრილს განხორციელებული მოკვლევით დადგინდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N3 შენობა-ნაგებობის არამართლზომიერად გამოყენება ი/მ ა...ის მხრიდან, ხოლო N4 შენობა-ნაგებობას შინაური ცხოველების სადგომად იყენებდნენ დაუდგენელი პირები. საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მითითებული ფართის ა...ის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით არამართლზომიერად ფლობა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოთხოვნა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული N4 შენობა-ნაგებობის არამართლზომიერი სარგებლობის გამო, ი/მ ა...ისათვის 2019 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 22 აპრილამდე 8761.86 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე