Facebook Twitter

ას-238-652-06 17 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

დავის საგანი: ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტისა და აღრიცხვიანობის შემოწმების აქტებზე დამრიცხავი კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ბ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «საქართველოს ე-იის» მიმართ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტისა და აღრიცხვიანობის შემოწმების აქტებზე დამრიცხავი კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხის მიერ 2004წ. 1 აგვისტოს შედგენილი ¹01503 აქტით შპს «ბ-ას» ელექტრომეურნეობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევა. დასახელებული აქტის საფუძველზე შესაბამისმა კომისიამ დატაცებული ელექტროენერგიის დაარიცხა საწარმოს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის პირობებში მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვის გათვალისწინებით. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული აქტი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 34-ე პუნქტის, 240-ე მუხლის, სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების 3-7 პუნქტების დარღვევით. ასევე, ¹01503 აქტის საფუძველზე აღრიცხვიანობის შემოწმების აქტებზე დამრიცხავი კომისიის გადაწყვეტილებით შპს «ბ-ას» 13657,25 ლარი არასწორად დაერიცხა, რა დროსაც დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის, სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების 5-6 პუნქტებისა და სს «საქართველოს ე-იის» 2004წ. 20 აპრილის ¹25 ბრძანებით დადგენილი წესები. მოსარჩელის მითითებით, სადავო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მოპასუხეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, უნდა მიემართა სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რის ნაცვლად, მხარემ ისარგებლა იმერეთის ბაზარზე თავისი მონოპოლიით, საზოგადოებას შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და, საწარმოს გაჩერების თავიდან ასაცილებლად, აიძულა შეედგინა სადავო დავალიანების დაფარვის ორწლიანი გრაფიკი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2004წ. 30 ნოემბრის ¹20 წერილით მოსარჩელემ დავალიანება აღიარა. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება სადავო აქტის უკანონობის შესახებ, ვინაიდან იგი შედგენილია სს «საქართველოს ე-იის» 2004წ. 20 აპრილის ¹25 ბრძანებისა და სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების 5-6 პუნქტების დაცვით. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმათა გამოყენებას, აღნიშნული მოპასუხემ არ გაიზიარა, რადგან მხარისათვის ადმინისტრაციული სახდელი არ დაუკისრებიათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ბ-ას» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს «საქართველოს ე-იის» 2004წ. 1 აგვისტოს ¹01503 აქტი და აღრიცხვიანობის შემოწმების აქტებზე დამრიცხავი კომისიის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს «საქართველოს ე-იამ» გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004წ. 1 აგვისტოს შემოწმდა შპს «ბ-ას» ელექტროენერგიის აღრიცხვის მეურნეობა და ელექტროენერგიის აღმრიცხველ ხელსაწყოებზე აღმოჩნდა დარღვევა, რაზეც სს «საქართველოს ე-იის» აღრიცხვიანობის შემოწმების კომისიის მიერ შედგა ¹01503 აქტი, ხოლო ამავე წლის 29 ოქტომბერს კომისიამ შპს «ბ-ას» დაარიცხა დატაცებული 161888 კვტ სთ 13657,25 ლარის ღირებულების ელექტროენერგია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მიუთითა, რომ სს «საქართველოს ე-ია» შეიქმნა რა «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების ფორმით, წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და შპს «ბ-ასთან» მას აკავშირებს ყიდვა-გაყიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამდენად, სადავო ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი არ შეიძლება გაიგივდეს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ოქმთან. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტზე მიღებული 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, გამოვლინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, რის გამოც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის კომპეტენცია, ამავე კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე აბზაცის მიხედვით, გააჩნია მხოლოდ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტს და არა თავად აპელანტ საზოგადოებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილება «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-19 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, თუმცა აღნიშნული აქტით ირკვევა, რომ «სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის წესი» გათვალისწინებულია მხოლოდ სს « თ-ის» რეგიონალური ცენტრების მუშაობის სფეროსათვის, ხოლო სს «საქართველოს ე-იის» შიდა განაწესს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების, ასევე დატაცებული ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა და პროცედურების შესახებ არეგულირებს ამავე სააქციო საზოგადოების 2004წ. 20 აპრილის ¹25 ბრძანება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ბრძანების პირველ, მესამე და მეოთხე პუნტებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ სადავო აქტზე ე-იის საკონტროლო ბეჭედი დასმული არ არის, რის გამოც იგი ელექტროენერგიის შევსებისა და დარიცხვისათვის საჭირო იურიდიულ დოკუმენტად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მოთხოვნა სადავო აქტისა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება სს «საქართველოს ე-იამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე აბზაცი, რომელიც ეხება კომუნიკაციების, და არა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების საქმიანობას. ამასთან, იგნორირებულ იქნა ამავე მუხლის 50-ე პუნქტი, რომელიც 961 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილებას ანიჭებს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი აირის სექტორის სათანადო ლიცენზიატს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. სადავო უფლებამოსილებას კასატორს ანიჭებს სემეკის 2005წ. 30 მარტის ¹3 დადგენილება. მხარის განმარტებით, 2005წ. 22 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ¹1126 ცვლილების შემდეგ სათანადო ლიცენზიის მქონე სს «საქართველოს ე-იას» დაევალა სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, თუმცა შპს «ბ-ას» დარღვევა გამოვლინდა 2004წ. 1 აგვისტოს, ზემოხსენებული ცვლილების შეტანამდე, რის გამოც კასატორმა განახორციელა აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტისა და ჯარიმისაგან განსხვავდება, კერძოდ, ამ დროს სადავო თანხა ერიცხება არა სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ საზოგადოებას. მოცემულ შემთხვევაში უნდა შემდგარიყო აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ შპს «ბ-ას» მიერ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი სწორად დაადგინა, თუმცა მას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 და 2003წ. 15 აგვისტოს ¹14 დადგენილებები, როდესაც მიუთითა, რომ ¹15 დადგენილება გათვალისწინებულია მხოლოდ « თ-ის» სააბონენტო სექტორის მომხმარებლებისათვის, ვინაიდან ¹14 დადგენილების მე-14 მუხლი ადგენს სს «საქართველოს ე-იის» მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის დაზიანების ან არარსებობისას ზემოხსენებული ¹15 დადგენილების გამოყენებას. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მსჯელობა სადავო აქტის ფორმის დაუცველობის შესახებ, რადგან ამავე დადგენილების მე-3-4 მუხლები აბონენტის აღრიცხვის კვანძის შემოწმების დროს ითვალისწინებს რეგისტრირებული სტამბური წესით დანომრილი აქტის ბლანკისა და არა საკონტროლო ბეჭდის არსებობას. საკონტროლო ბეჭდის გამოყენება განსაზღვრულია ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორის 2004წ. 20 აპრილის ¹25 ბრძანებით, რომელიც კანონქვემდებარე აქტს არ წარმოადგენს და გამოცემულია ნორმატიული აქტების განუხრელად შესრულებისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უპირატესი ძალა სემეკის დადგენილებებს უნდა მიენიჭოს და სასამართლოს აღნიშნული ბრძანება არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2004წ. 1 აგვისტოს შემოწმდა შპს «ბ-ას» ელექტროენერგიის აღრიცხვის მეურნეობა და ელექტროენერგიის აღმრიცხველ ხელსაწყოებზე აღმოჩნდა დარღვევა, რაზეც სს «საქართველოს ე-იის» აღრიცხვიანობის შემოწმების კომისიის მიერ შედგა ¹01503 აქტი, ხოლო ამავე წლის 29 ოქტომბერს კომისიამ შპს «ბ-ას» დაარიცხა დატაცებული 161888 კვტსთ-ის ღირებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტზე დამრიცხავი კომისიის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, გამოვლენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა და ამავე კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე აბზაცზე მითითებით, დაასკვნა, რომ სათბობ-ენერგეტიკის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლება გააჩნია მხოლოდ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტს და არა სს «საქართველოს ე-იას».

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დავას და ბათილად ცნო ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია სს «საქართველოს ე-იის» 2005წ. 20 აპრილის ¹25 ბრძანებით დამტკიცებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანების შემოწმებისა და დატაცებული ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის წესი, რომლითაც აქტზე ენერგოკომპანიის ბეჭდის არსებობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს აქტის კანონიერად ცნობისათვის. სასამართლომ სწორედ ე-იის ბეჭდის არარსებობის გამო მიიჩნია სადავო აქტი უკანონოდ და ბათილად. სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო აქტში მითითებული დარღვევის არსებობა და ელექტროენერგიის დატაცება. ამასთან, სს «საქართველოს ე-იის» შინაგანაწესი წარმოადგენს მოცემული ორგანიზაციის საქმიანობის წესს და ამ წესის დარღვევა მესამე პირებისათვის რაიმე შედეგებს არ იწვევს. აღნიშნული წესების დარღვევით აქტის შედგენა არ გამორიცხავს ელექტროენერგიის დატაცების შემთხვევაში დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის ძალითაც შპს «ბ-ას» გადახდილი აქვს სადავო აქტში მითითებული თანხის ნაწილი, რაც სასამართლოს არ შეუფასებია.

ასევე არასწორია სასამართლოს მითითება, რომ სემეკის 2001წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილება «სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის წესი გათვალისწინებულია მხოლოდ სს « თ-ის» რეგიონალური ცენტრების მუშაობის სფეროსათვის და კასატორს მის საფუძველზე აქტის შედგენის უფლება არ ჰქონდა. სასამართლოს ეს დასკვნა დაუსაბუთებელია, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში მითითებულ სემეკის 2003წ. 15 აგვისტოს ¹14 დადგენილებით მხარისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე. აღნიშნული დადგენილების მე-14 მუხლი ადგენს, რომ სს «საქართველოს ე-იის» მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის დაზიანების ან არარსებობისას გამოიყენება ზემოხსენებული ¹15 დადგენილება.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე აბზაცი, რომელიც ეხება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას და მოცემულ დავას არ უკავშირდება.

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, ვინაიდან საქმის გარემოებები კანონის მოთხოვნათა დაცვით არ არის დადგენილი და გამორკვეული.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ყოველმხრივ და სრულად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამასთან უნდა შეაფასოს დატაცებული ელექტროენერგია დარიცხულია თუ არა დარღვევის დროს მოქმედი აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის წესების შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «საქართველოს ე-იის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 1 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.