საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-121(კ-23) 26 სექტემბერი 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 12 ივნისს გ. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გ. მ-ი ოჯახთან ერთად 1988 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე ბინა №71-ში. იგი ამავე ბინაში რეგისტრირებულია 1990 წლიდან.
ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ...ისა და ...ის თანამშრომლების საერთო საცხოვრებელს. ვინაიდან გ. მ-ი მუშაობდა ...ში, როგორც თანამშრომელს, საცხოვრებლად გადაეცა საპრივატიზაციო ფართი 48,71 კვ.მ.
ქ. თბილისის სახელმწიფო ... გაერთიანების ადმინისტრაციის თხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით გაერთიანების ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში (იდენტურია №22-ის) მდებარე საცხოვრებელი სახლი ჩარიცხულ იქნა კომუნალურ ფონდში და გაიცა ორდერები.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად, 2019 წლის 8 აგვისტოს განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობას ბინის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რაზეც ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ იყო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, საიდანაც პასუხი არ მიუღიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №388 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში მდებარე ბინა №71 საცხოვრებელი ბინის - 48.73 კვ.მ., გ. მ-ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №388 ბრძანება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. მ-ისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში მდებარე ბინა №71-ის, 48.73 კვ.მ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველ, მე-3 და მე-4 მუხლებზე და აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, განმარტა, რომ კანონიერი მოსარგებლე ამ ნორმატიული აქტით დადგენილი მიზნებისათვის არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი სარგებლობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და რომელიც ფაქტობრივად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. ამ ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ და წარმოეშვას მის მიერ დაკავებული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება. არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადების განმხილველმა ორგანომ უნდა დაადგინოს სწორედ ამ ორი კომპონენტის არსებობა (შესაბამისი დოკუმენტი კანონიერი სარგებლობის შესახებ და სარგებლობის ფაქტი).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება საბინაო წიგნის დედნის არარსებობაზე და ყურადღება გაამახვილა გ. მ-ის ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ სანოტარო ფორმით დამოწმებული (10.08.2007წ. რეგისტრაციის №1-7228) საბინაო წიგნის ასლზე, რომლის მიხედვით, გ. მ-ი ...ის ქუჩა (ყოფილი ...ის ქუჩა) №22-ში, საერთო საცხოვრებლის მისამართზე ჩაეწერა მუდმივად მცხოვრებ პირად. აღნიშნული საბინაო წიგნის ორიგინალის ფოტოასლის სისწორეს მის დედანთან ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს ნოტარიუსი ლ. რ-ე, ხოლო დასახელებულ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების საწინააღმდეგო მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოსთვის მხარეს არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გ. მ-ი 1988 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე №71 ბინაში და სარგებლობს უძრავი ქონებით, რეგისტრირებულია აბონენტად და დღემდე იხდის კომუნალურ გადასახადებს; 1991 წლის 17 იანვრიდან რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე და მას მოდავე არ გააჩნია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №388 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ და მონაწილეობა მიიღოს ბინის პრივატიზების პროცესში, აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: პირს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი და ამავე დროს იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს საპრივატიზაციო ფართით. ამავე წესის თანახმად, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად მოიაზრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილება არ შეიცავს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს. შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს.
კასატორის განმარტებით, გ. მ-ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ვერ ხდება იდენტიფიცირება, თუ რა ოდენობის ფართი გადაეცა განმცხადებელს და ამასთან, ვერ დგინდება თავად კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით წარდგენილი საბინაო წიგნის ნამდვილობა. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, საპრივატიზებო ფართის მისამართის, კერძოდ, თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე №71 ბინის იდენტიფიცირების მიზნით, უნდა მოხდეს საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერება.
კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით გ. მ-იმა ისნის რაიონის გამგეობაში წარადგინა ერთადერთი დოკუმენტი, კერძოდ, საბინაო წიგნის ასლი, რომელშიც არ არის მითითებული გადაცემული ფართის ზუსტი ოდენობა. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადო წესით დადასტურებული, ვერ იქნა მოძიებული მისი დედანი და შეუძლებელია კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნამდვილობის დადგენა, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მხოლოდ საბინაო წიგნის ასლის საფუძველზე გადაეცა უძრავი ნივთი უსასყიდლოდ საკუთრებაში. შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის, როგორც კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევა, სრულად მოკლებულია საფუძვლიანობას.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათზე და სს „...ის“ მიერ გაცემულ წერილზე, აბონენტად რეგისტრაციის თაობაზე, რომლებიც კასატორის განმარტებით, ადასტურებენ მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის მიერ საპრივატიზებო ფართის ფაქტობრივ ფლობას, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისთვის.
კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებში ვერ იქნა წარდგენილი ავთენტური დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად საპრივატიზებო ფართის ზუსტ იდენტიფიცირებას. შესაბამისად, გ. მ-ის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კანონიერად ეთქვა უარი ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე №71 ბინის პრივატიზებაზე.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ყურადღების მიღმა დატოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მითითებული გარემოებები, არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №388 ბრძანების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხ. 1). ამავე „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, რომლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 აგვისტოს გ. მ-ის წარმომადგენელმა - ნ. ს-ამ №19/01192201311-36 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №22-ში მდებარე №71 ბინის გ. მ-ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა: 1. მინდობილობა; 2. სანოტარო ფორმით დამოწმებული (10.08.2007წ. რეგისტრაციის №1-7228) საბინაო წიგნის ასლი; 3. გ. მ-ის პირადობის მოწმობა; 4. აზომვითი ნახაზი; 5. საინფორმაციო ბარათი; 6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996 წლის 30 აგვისტოს №13.24.831 დადგენილება; 7. სს „...ის“ 2019 წლის 1 აგვისტოს №0801/169/19 წერილი და 8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 25 მაისის AA2017017502-05 საარქივო ცნობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით გ. მ-ის წარმომადგენელს - ნ. ს-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა წარადგინა საბინაო წიგნის ასლი, რომლითაც ვერ დგინდებოდა რა ოდენობის ფართი გადაეცა მას ასევე ვერ დგინდებოდა საბინაო წიგნის ნამდვილობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მითითებული წესის მიზნებისათვის პირი მიჩნეულ იქნეს კანონიერ მოსარგებლედ, აუცილებელია ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: 1. პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, იგი კანონიერად უნდა სარგებლობდეს ფართით. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესით კანონიერი მოსარგებლისათვის მოთხოვნილი ფართის პრივატიზების პროცესში კანონიერი სარგებლობის უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია არსებობდეს ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრული მეორე წინაპირობაც - ფართით ფაქტობრივი სარგებლობა. შესაბამისად, საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მართლზომიერი სარგებლობის უფლების წარმოშობა, არამედ ამ უფლების რეალიზაციაც - ფართის ფაქტობრივი დაუფლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. მ-ი 1988 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე №71 ბინაში და სარგებლობს უძრავი ქონებით, რეგისტრირებულია აბონენტად და დღემდე იხდის კომუნალურ გადასახადებს. ასევე დადგენილია, რომ 1991 წლის 17 იანვრიდან რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის Nბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „...ზემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც გამყარებულია კანონით დადგენილი წესით დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, სადავო ბინაში ს. ი-ის იმ დროს არსებული „ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით მაშინ, როცა სადავო ფართზე არ არსებობს სხვის სახელზე გაცემული ბინის ორდერი და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ს. ი- ის მიერ ამ ფართის კანონიერი სარგებლობის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობს სხვა საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის Nბს-257-254(კ-12) განჩინებაზე, რომელშიც განიმარტა, რომ: „საბჭოური „ჩაწერის ინსტიტუტი“, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ პირი ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს“ (სუსგ Nბს-1001(2კ-21), 10.03.2022წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს კასატორის აპელირებას საბინაო წიგნის დედნის არარსებობის თაობაზე და ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. მ-იმა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა სანოტარო ფორმით დამოწმებული (10.08.2007წ. რეგისტრაციის №1-7228) საბინაო წიგნის ასლი, რომელსაც ნოტარიუსი ლ. რ-ე ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს ორიგინალის ფოტო ასლის სისწორეს მის დედანთან. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სადავო არ არის გ. მ-ის მიერ 1988 წლიდან ქ. თბილისში, ...ის ქ. №22-ში მდებარე №71 ბინის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება მოსარჩელისთვის გადაცემული ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და ისნის რაიონის გამგეობას მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. მ-ისთვის საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №22, ბინა №71, ფართობი, 48.73 კვ.მ., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე