საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-225(კ-23) 26 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ...“
მესამე პირი - ნ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 29 მაისს „თ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წელს სს „თ...ს“ წარმომადგენელმა სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ,,ს..."-ის 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე N...) და სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორ სს ,,თ...ს“ სასარგებლოდ მოვალე ნ. გ-ის დაეკისრა: მე-2 პუნქტით - 23176,2 აშშ დოლარის; მე-3 პუნქტით - 7547,34 ლარის; მე-4 პუნქტით - 2009 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო ყოველდღე 21,33 ლარის, ხოლო მე-10 პუნქტით - 100 ლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნ. გ-ისათვის მე-2 პუნქტით დაკისრებული თანხის (23176,2 აშშ დოლარის) დაფარვის მიზნით 15600 აშშ დოლარის ფარგლებში, აუქციონზე სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მოვალის მიერ დაგირავებული ავტომანქანა ,,...“, სახელმწიფო ნომრით ... და პირადი ნივთები - მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4; აღნიშნული გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით დაკმაყოფილდა სს ,,თ...ს“ მოთხოვნა საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ და მე-8 პუნქტის თანახმად, სს ,,თ...ს“ სარგებლობის უფლების გარეშე, სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსების პირობით და საკუთარი ხარჯებით, მფლობელობაში გადაეცა ნ. გ-ის დაგირავებული ზემოთ აღნიშნული ავტომანქანა და პირადი ნივთები. ამასთან, საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო დაგირავებულ ავტომობილს და პირად ნივთებს.
მოსარჩელის განმარტებით, კრედიტორის წარმომადგენელმა მოითხოვა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის მე-7, მე-6 და მე-9 პუნქტების აღსრულება, რაც ითვალისწინებდა დაგირავებული ნივთების დაყადაღებას და კრედიტორზე გადაცემას. აღსანიშნავია, რომ დაგირავებული ნივთებიდან ავტომანქანა უზრუნველყოფდა მხოლოდ გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის მე-2 პუნქტით დაკისრებული თანხის გადახდევინებას.
2009 წლის 15 ივლისს დაიწყო №... სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში 2009 წლის 27 ივლისს აღმასრულებელმა დააყადაღა ნივთები და ავტომანქანა. ავტომანქანის გადაცემისას კრედიტორმა აღმასრულებელს მიმართა განცხადებით, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელსა და აღსრულებასთან პრეტენზია არ გააჩნდა, რის გამოც სააღსრულებო წარმოება დასრულდა და საქმე გაიგზავნა არქივში.
მოსარჩელის განმარტებით, სს „თ...მა“ 2018 წლის 2 თებერვალს განცხადებით კვლავ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და სააღსრულებო ფურცლის მე-3 პუნქტის აღსრულების მიზნით მოითხოვა №... სააღსრულებო საქმის წარმოება. ასევე ეცნობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ 2009 წელს სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებზე და სხვა პუნქტების აღსრულებაზე კრედიტორს უარი არ განუცხადებია.
თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2018 წლის 22 თებერვალს განაახლა აღნიშნული საქმე და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განახორციელა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედება ... სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე. ასევე, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №... სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ №... სააღსრულებო საქმეში კრედიტორს - სს ,,თ...ს“ დაუბრუნდა მის მიერ ამავე წარმოების ფარგლებში წინასწარ გადახდილი საფასური.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის №... სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ...მა“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,თ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა №... სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის იძულებით აღსრულებისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელებას უზრუნველყოფს და არ არის უფლებამოსილი გასცდეს კრედიტორის მოთხოვნის ფარგლებს და აღასრულოს მოთხოვნა მისი ნების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში კი, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2009 წლის 15 ივლისს სს ,,თ...ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა შპს ,,ს...“-ის მიერ 2009 წლის 9 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე №...), 2009 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №...) და მოითხოვა მხოლოდ გადაწყვეტილების მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსრულება, რაც ბიუროს მიერ აღსრულებულ იქნა. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2009 წლის 27 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა სს ,,თ...ს“ წარმომადგენლის შპს ,,ტ...ს“ ნდობით აღჭურვილმა პირმა და მიუთითა, რომ 2009 წლის 9 ივლისის №... სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელსა და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნდათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მისივე განცხადების საფუძველზე დასრულდა, იმ საფუძვლით, რომ შესრულდა ვალდებულება, თუმცა, აქვე მიუთითა, რომ მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სააღსრულებო ბიურო ვალდებულებას ვერ მიიჩნევს შესრულებულად იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სააღსრულებო წარმოების დაწყება მხარეს არ მოუთხოვია, არ დაწყებულა და სააღსრულებო ბიუროს ამ ნაწილში რაიმე მოქმედებები არ განუხორციელებია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სს ,,თ...ს“ 2018 წლის 2 თებერვლის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანებით კი, უსაფუძვლოდ გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედება ... სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე და ამავე სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება.
ასევე სააპელაციო პალატამ ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმავე მუხლი „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს ,,ს..."-ის 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სს ,,თ...ს“ წარმომადგენელმა 2018 წლის 2 თებერვალს წარადგინა განცხადება სააღსრულებო ბიუროში. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება უსაფუძვლოდ შეწყდა სადავო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 30 აპრილს მიღებული №2058 ბრძანებით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება შპს ,,ს...-ის“ 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სადავო ბრძანების გამოცემისას დაეყრდნო იმ გარემოებებს, რომ კრედიტორმა 2007 წლის 15 ივლისს, თბილისის სააღსრულებო ბიუროში 09.07.2007 წლის №... სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას მოითხოვა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების შესრულება, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულებულ იქნა. ამასთან, კრედიტორმა - სს „თ...მა“ ბიუროში 2009 წლის 27 ივლისს წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელთან და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნია, რის შემდგომაც სააღსრულებო წარმოება დასრულდა და გადაეცა არქივს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანების თანახმად, ის გარემოება, რომ კრედიტორმა სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას მოითხოვა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის რამდენიმე პუნქტის აღსრულება, არ გამორიცხავს მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნების (მათ შორის, იმ მოთხოვნების, რომლებიც კრედიტორს არ მოუთხოვია აღსრულების ეროვნულ ბიუროში ფურცლის წარდგენისას) უშუალოდ კრედიტორთან შესრულების შესაძლებლობას. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ კრედიტორის მიერ 2018 წლის 2 თებერვალს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი განეახლებინა სააღსრულებო წარმოება და განეხორციელებინა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები.
კასატორის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სააღსრულებო წარმოება დაიწყოს მხოლოდ კრედიტორის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამდენად, წარმოების დაწყებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კრედიტორის ნებას იძულებით აღასრულოს თავისი მოთხოვნა. აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი გასცდეს კრედიტორის მოთხოვნის ფარგლებს და აღასრულოს მოთხოვნა მისი ნების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სადავოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედება ... სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
საკასაციო პალატა, აღმასრულებლის ქმედების კანონიერებისა და წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს აღმასრულებლის უფლება-მოვალეობაზე, რომელიც განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, რომლის შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება; მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში; აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსრულების აქტი, რომლის შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 25 ივნისს შპს ,,ს..."-ს საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა სს ,,თ...მა“, მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის თანხის გადახდევინების შესახებ. აღნიშნულ საქმეზე შპს ,,ს..."-ის მიერ 2009 წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (საქმე №...).
შპს ,,ს..."-ის 2009 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №...) საფუძველზე, ამავე არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 9 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მიეთითა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსასრულებელი პუნქტები, კერძოდ: ,,1. სს ,,თ...ს“ საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდეს; 2. დაეკისროს ნ. გ-ის სს ,,თ...ს“ სასარგებლოდ 23176,2 აშშ დოლარის გადახდა; 3. დაეკისროს ნ. გ-ის სს ,,თ...ს“ სასარგებლოდ 7547,34 ლარის გადახდა; 4. დაეკისროს ნ. გ-ის სს ,,თ...ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 86,86 აშშ დოლარის ოდენობით 2009 წლის 25 ივნისიდან ყოველ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5. დაეკისროს ნ. გ-ის სს ,,თ...ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 21,33 ლარის ოდენობით 2009 წლის 25 ივნისიდან ყოველ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით ნ. გ-ისათვის დაკისრებული ფულადი თანხების დაფარვის მიზნით, 15 600 აშშ დოლარის ფარგლებში, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ნ. გ-ის მიერ დაგირავებული: ავტომანქანა ,,...“ სახელმწიფო №..., გამოშვების წელი - ..., ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №..., ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №...; პირადი ნივთები - მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4; 7. დაკმაყოფილდეს სს ,,თ...ს“ მოთხოვნა საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ; 8. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სს ,,თ...ს“ სარგებლობის უფლების გარეშე, სპეციალურ ავტოსადგომზე განთავსების პირობით და საკუთარი ხარჯებით, მფლობელობაში გადაეცეს ნ. გ-ის მიერ დაგირავებული ავტომანქანა ,,...“, სახელმწიფო №..., გამოშვების წელი - ..., ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №..., ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №...; 9. საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყადაღა დაედოს ნ. გ-ის მფლობელობაში არსებულ ნივთებს: ა) ავტომანქანა ,,...“ სახელმწიფო №..., გამოშვების წელი - ..., ფერი - მუქი მწვანე, ტიპი - მსუბუქი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №..., ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №...; ბ) მისაღები ოთახის გარნიტური, საძინებელი 2ც., სამზარეულო, სამეული, კომპიუტერი პენტიუმ 4; 10. დაეკისროს ნ. გ-ის 100 ლარის გადახდა სს ,,თ...ს“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საარბიტრაჟო მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
2009 წლის 27 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა სს ,,თ...ს“ წარმომადგენლის შპს ,,ტ...ს“ ნდობით აღჭურვილმა პირმა. განცხადებაში მიუთითა, რომ 2009 წლის 9 ივლისის №... სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია და აღმასრულებელსა და აღსრულებასთან პრეტენზიები არ გააჩნიათ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 27 ივლისს გაცემულ იქნა ცნობა, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოება №01/09-03(11)-2904 დასრულდა 2009 წლის 27 ივლისს.
2018 წლის 2 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროს №56962 განცხადებით მიმართა სს ,,თ...ს“ წარმომადგენელმა. განცხადებაში მიუთითა, რომ 2009 წელს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო შპს ,,ს..."-ის 2009 წლის 9 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №..., სადაც კრედიტორია სს ,,თ...“, ხოლო მოვალე - ნ. გ-ი. აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა კრედიტორის წარმომადგენლის 2009 წლის 27 ივლისის განცხადების საფუძველზე, რომლის შინაარსი ეხებოდა სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ იმ ნაწილის მოთხოვნის შესრულებას, რა ნაწილშიც მიმდინარეობდა იძულებით სააღსრულებო საქმის წარმოება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მე-8 და მე-9 პუნქტებს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, კრედიტორის მოთხოვნა არ აღსრულებულა და არც მათი აღსრულების მოთხოვნაზე განუცხადებია კრედიტორს უარი. განმცხადებელმა მოითხოვა ხსენებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით სააღსრულებო საქმის წარმოების განახლება, სააღსრულებო ფურცლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის იძულებით გადახდევინების მიზნით. ამასთან ითხოვა გადასახდელი წინასწარი სააღსრულებო საფასურის ოდენობისა და მისი მიმღების ანგარიშის ნომრის წერილობით შეტყობინება.
2018 წლის 21 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს №19610 მოხსენებითი ბარათით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილემ და ითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს განეხილა მოხსენებითი ბარათი, ემსჯელა სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზანშეწონილობასა და ... სააღსრულებო საქმის ფარგლებში 2018 წლის 22 თებერვლიდან აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმების თაობაზე. ასევე, კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების წინასწარი საფასურის კრედიტორისათვის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანებით, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ. ტ-ას სააღსრულებო მოქმედება ... სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე. ასევე, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №... სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ №... სააღსრულებო საქმეში კრედიტორს - სს ,,თ...ს“ დაუბრუნდა მის მიერ ამავე წარმოების ფარგლებში წინასწარ გადახდილი საფასური.
2018 წლის 8 მაისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ გაცემულ იქნა ცნობა №..., სააღსრულებო საქმის წარმოების დამთავრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით „აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე...“. სააღსრულებო ფურცელი არის აღსრულების კანონიერად მიჩნევის უმთავრესი პირობა. იძულებით აღსრულებას ქვემდებარე აქტი და მის საფუძველზე გაცემული კანონშესაბამისი სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებელს ანიჭებს სააღსრულებო ფურცელში ასახული მისაღწევი შედეგის თანაზომიერი სააღსრულებო ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი არის გარკვეული მოქმედების შესრულების შესახებ იმპერატიული მითითების შემცველი სააღსრულებო დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კანონით გათვალისწინებული წესით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების ორგანოები ახორციელებენ იძულებით აღსრულებას მოვალის მიერ ამ დოკუმენტის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღსრულების ეროვნული ბიურო კი, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მხოლოდ კრედიტორის მოთხოვნის იძულებით აღსრულებისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელებას უზრუნველყოფს და არ არის უფლებამოსილი გასცდეს კრედიტორის მოთხოვნის ფარგლებს და აღასრულოს მოთხოვნა მისი ნების გარეშე.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ს..."-ის მიერ 2009 წლის 9 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, სააღსრულებო წარმოება მოთხოვნილი იყო სააღსრულებო ფურცლის მხოლოდ მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების ნაწილში. ასევე, უდავოა და თავად მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ 2009 წლის 9 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მე-3 პუნქტის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება მოთხოვნილი არ ყოფილა და ამ ნაწილში სააღსრულებო მოქმედებები ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სს ,,თ...ს“ წარმომადგენლის 2009 წლის 27 ივლისს განცხადებაში მითითებულია, რომ 2009 წლის 9 ივლისის №... სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნები მთლიანად შესრულებულია, სააღსრულებო ბიურო არ იყო უფლებამოსილი რაიმე სააღსრულებო მოქმედების განეხორციელებინა სააღსრულებო ფურცლის იმ ნაწილზე, რომელზეც კრედიტორის მოთხოვნა არ იყო წარდგენილი. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 27 ივლისს გაცემული ცნობა შეეხება №01/09-03(11)-2904 სააღსრულებო წარმოებას, რომელიც დაწყებული იყო მხოლოდ 2009 წლის 9 ივლისის №... სააღსრულებო ფურცლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების აღსასრულებლად. ხოლო მე-3 პუნქტის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი აღსრულებულად ვერ მიიჩნეოდა, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში სააღსრულებო წარმოება არც დაწყებულა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელმა მოითხოვა 2009 წლის 9 ივლისის №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყება, სააღსრულებო ფურცლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის იძულებით გადახდევინების მიზნით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარის მოთხოვნის მიუხედავად, სააღსრულებო ბიურო ვალდებულებას ვერ მიიჩნევს შესრულებულად იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სააღსრულებო წარმოების დაწყება მხარეს არ მოუთხოვია, არ დაწყებულა და სააღსრულებო ბიუროს ამ ნაწილში რაიმე მოქმედებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, 2009 წლის 9 ივლისის №... სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების მთლიანად შესრულებულად მიჩნევა არამართებულია და ეწინააღმდეგება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 30 აპრილის №2058 ბრძანებით უსაფუძვლოდ გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სააღსრულებო მოქმედება ... სააღსრულებო საქმის განახლების თაობაზე და ამავე სააღსრულებო საქმის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი და საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 05.05.2023წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.05.2023წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე