საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-762(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელიქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ-ე
მოპასუხე - ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ლ.გ-ე, რ.გ-ე, ლ.შ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 25 აგვისტოს ე.გ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ხულოს მუნიციპალიტეტში, მოპასუხეების ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ე.გ-ე და მისი ოჯახი, 1990 წლამდე და შემდეგ პერიოდში ფლობდა და სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ,,...ის“ ტერიტორიაზე მდებარე, 1535 კვ.მ მიწის ნაკვეთით და 143.79 კვ.მ ფართის საზაფხულო სახლით, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის წერილობითი დოკუმენტით. ე.გ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადება განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მაისის №87 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე ისე, რომ დაინტერესებულ მხარეს არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მაისის №87 განკარგულების, ე.გ-ის ნაწილში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 29 აპრილის №28 საოქმო ჩანაწერის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილების, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... ბათილად ცნობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან სადავო მიწის ნაკვეთის (1535კვ.მ) ამორიცხვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ხულოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ე.გ-ის სარჩელისა გამო, ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისისა და 12 აგვისტოს საოქმო განჩინებებით განსახილველ საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ლ.გ-ე, რ.გ-ე და ლ.შ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მაისის №87 განკარგულება და 2020 წლის 29 აპრილის №28 საოქმო ჩანაწერი (ე.გ-ის ნაწილში) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ,,...ის“ ტერიტორიაზე მდებარე 1535 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 143.79 კვ.მ ფართის საზაფხულო სახლის მოსარჩელის საკუთრებად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ,,...ის“ ტერიტორიაზე მდებარე 1535 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 143.79 კვ.მ საზაფხულო სახლზე ე.გ-ის საკუთრებად აღიარების თაობაზე; სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (1535 კვ.მ) ამორიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მცხოვრები მ. და ა. გ-ების სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელე სადავო ტერიტორიას, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობით, ფლობს და სარგებლობს 1998 წლიდან. ასევე მიუთითა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 2 ოქტომბრის ცნობაზე, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა და სარგებლობა.
სააპელაციო სასამართლომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, განმარტა, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა - საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული, ვინაიდან ე.გ-ეს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. სააპელაციო პალატის მითითებით, აღიარების კომისიამ განკარგულება დააფუძნა მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ნაკვეთი უკვე განკარგული იყო სახელმწიფოს მიერ და იგი ირიცხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მოქცეული იყო კურორტ ...ის განაშენიანების რეგულარულ გეგმასა და საზღვრებში, თუმცა მითითებული არ წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების განკარგვას. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის №ბს-5-5(6კ-15) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით, არ მომხდარა ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან გასვლა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება, რომელთა თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად (ს/კ ...) და მოქცეულია კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმასა და საზღვრებში, "...ის ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე კურორტ ,,...ის“ დასაგეგმარებელი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის 30 მაისის №33 განკარგულების შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია კურორტ ...ის გრგ-ს ფარგლებში.
კასატორის განმარტებით, „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ (შემდგომში პროგრამა, დამტკიცებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებით) ფარგლებში, „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „...ზე“ ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ შესაბამისად, კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაინტერესებულ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და კომპენსაციის გაცემის ან/და მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2016 წლის 17 ნოემბრის №01-3/384 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებით დამტკიცდა „ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ...ზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომლითაც განისაზღვრა აღნიშნულ დასახლებაში ფიზიკურ პირთა საკუთრებაში, მართლზომიერ ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპენსაციის პირობები და წესები, რომლებიც მოქცეულია კურორტ ...ის განაშენიანების რეგულირების გეგმაში, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელზედაც ვრცელდება აღნიშნული პროგრამა, ჩამოყალიბდა საკითხის განხილვის შემდგომ გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა, კომპენსაციის გაცემის წესი, კომპენსაციის გამცემი სუბიექტები და სხვა პროცედურები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 18 ოქტომბრის №189 განკარგულებით დამტკიცებული პროგრამის მე-9 მუხლის შესაბამისად, „იმ პირებს, რომლებსაც დასახლებაში საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნიათ უძრავი ნივთი კომპენსაცია გაიცემა საბაზრო ფასის 100 %-ის ოდენობით. დასახლებაში უძრავი ნივთის მესაკუთრეებსა და მართლზომიერ მფლობელებზე ასევე გაიცემა კომპენსაცია იმ უძრავი ნივთის საბაზრო ფასის 100 %-ის ოდენობით, რომელიც დაკავებული აქვთ თვითნებურად, საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, არა უმეტეს საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართობისა. დასახლებაში უძრავი ნივთის ფაქტობრივი მფლობელები მიიღებენ კომპენსაციას უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 60 %-ის ოდენობით. განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №006490916 გამოსყიდულია მიწის ნაკვეთების დაახლოებით 95 %. აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ ინფორმირებულია მოსარჩელე. ამასთან, უტყუარად არ არის დადგენილი, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა მიიჩნევა თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის გათვალისწინებულ შენობად, რადგან აღიარების შესახებ კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა; მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი, საქმეში არ არის ასევე წარმოდგენილი ინფორმაცია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია თუ არა მყარი სასაზღვრო მიჯნით, რაც წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დამატებით დამაბრკოლებელ გარემოებას.
ამასთან, კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავების საფუძვლით აღიარების კანონმდებლობის რეგულირების სფეროში მოექცეს, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მიწა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და იგი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. დავის განხილვის დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესებს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონი, რომელიც მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ე.გ-ეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №... და 2019 წლის 15 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებიდან ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (1535 კვ.მ) ამორიცხვის შესახებ სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მაისის №87 განკარგულებისა და 2020 წლის 29 აპრილის №28-ე საოქმო ჩანაწერის (ე.გ-ის ნაწილში) ბათილად ცნობისა და კომისიისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ე.გ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა. ამასთან, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, ,,...ის“ ტერიტორიაზე დაკავებული აქვს 1535 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია და მასზე განთავსებულია 143.79 კვ.მ ფართის მქონე ხის საცხოვრებელი სახლი. უდავოა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 11 მაისის №87 განკარგულება მიიღო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. კომისიას ე.გ-ე ადმინისტრაციულ წარმოებაში არ მიუწვევია.
2020 წლის 29 აპრილის ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №28 ოქმის საფუძველზე 2020 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა №87 განკარგულება, რომლითაც ე.გ-ეს უარი ეთქვა სოფელ ...ში მდებარე 1535 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ 143.79 კვ.მ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 15 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ“ №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... საჯარო რეესტრში აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. აღნიშნული ნაკვეთი მოიცავს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1535 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვს მოსარჩელე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამდენად, მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მოიაზრებს მხოლოდ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ეს შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), კანონის ამოქმედების პერიოდამდე აგებული უნდა იყოს უშუალოდ განმცხადებლის (მოთხოვნის მქონე პირი) ან მისი მამკვიდრებლის (უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო უფლებაში შემავალ აქტივს) მიერ, ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
ამასთან, ზემოხსენებული კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი კანონის მიზნებიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია, რომ კანონის ამოქმედების მომენტში სახეზე იყოს ნივთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მფლობელობა. მფლობელობა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამგვარად, მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივ „ბატონობას“, ნივთის, როგორც საკუთარის მართვა-გამგეობას გულისხმობს და ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მფლობელობის სახით, ნივთთან უშუალოდ ან სხვა პირთა მეშვეობით გარკვეული სივრცობრივი კავშირის შენარჩუნების გზით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-2 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებად განსაზღვრულია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის მიზნის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, რომელშიც მითითებულია სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილების თაობაზე და დამატებით განმარტებულია რომ: „კანონის მიღება ემსახურებოდა ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას, რაც თანაბრად ავრცელებდა მის მოქმედებას როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება“ (სუსგ №ბს-504-501(კ-17), 28.10.2019წ.).
დამატებით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილი შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას. შესაბამისად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ აბრკოლებდა, საერთო წესების დაცვით განეხილა ლ.ც-ის განცხადება“ (სუსგ №ბს-521(3კ-21), 25.11.2021წ.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, დადგენილია, რომ მიუხედავად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხისა, სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის შედეგად, შესაბამისი უფლების მოპოვება არ უთანაბრდება სახელმწიფო ქონების განკარგვას, ამა თუ იმ ქონების სახელმწიფოს საკუთრებიდან გამოცალკევებას და არ გამორიცხავს აღნიშნულ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მაისის №87 განკარგულების მიღების საფუძვლად, თავად სადავო აქტში მითითებულია ერთი მხრივ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად აღრიცხვის ფაქტი, მეორე მხრივ ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა. საკასაციო სასამართლო, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვა, არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული საფუძვლით აღიარებაზე უარის თქმის დაუშვებლობა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ცალსახა წინაპირობას. ახალი აქტის გამოცემისთვის, აუცილებელია სრულად და ობიექტურად იყოს შესწავლილი/გამოკვლეული განსახილველი საკითხის გარემოებები და მათი შეფასების შედეგად გადაწყდეს სადავო საკითხი.
ამასთან, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს, რისი შესაძლებლობაც განსახილველ შემთხვევაში ე.გ-ეს არ მიეცა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-246-243(კ-14)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს ე.გ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიიწვიოს იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარეებისა და მოწმეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების შედეგად დაადგინოს წარმოადგენდა თუ არა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე