საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1135(კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ბეს თანხის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 26 აგვისტოს ი. დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 1 ივლისის №1-1/272 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივნისის №6/28246 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და №... ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი ბეს თანხის - 21 600 ლარის დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. დ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 27 ივლისის №1-1/272 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივნისის №6/28246 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ი. დ-ეის სასარგებლოდ 21 600 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-6 მუხლებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ საქმეში სადავოდ არ არის გამხდარი ელექტრონული №...-ის აუქციონის ჩატარებისა და შედეგების კანონიერება, არამედ სარჩელი წარმოდგენილია იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნებით, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ბეს თანხის დაბრუნებაზე. კონკრეტული დავის ფარგლებში კანონიერად ჩატარებული აუქციონის გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება და მოითხოვა ბეს თანხის დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ აუქციონის სათაურში არსებულმა ტექსტმა შეცდომაში შეიყვანა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ №... ელექტრონული აუქციონის ფარგლებში, საპრივატიზებო ქონების შესახებ მითითებული ინფორმაცია (საპრივატიზებო ქონების დასახელება) არ იყო ჩამოყალიბებული ცალსახად და არაორაზროვნად, მეტიც, მიუთითა, რომ განაცხადს თან ერთვოდა ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც იძლეოდა იმის იდენტიფიცირების საშუალებას, რომ განსაკარგად გამოტანილ ქონებას ჰყავდა თანამესაკუთრეები და აუქციონის წესით ვერ გასხვისდებოდა ის ქონება, რაც არ იყო სახელმწიფოს ბალანსზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა აუქციონის გამარჯვებულისათვის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ემ, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის №1/1-1824 ბრძანების საფუძველზე 2022 წლის 13 მაისს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი №.... ვებგვერდზე www.Eauction.ge გასაყიდად გამოტანილი ქონების სათაურად მითითებული იყო შემდეგი - „ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობები და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი“. კასატორის მოსაზრებით, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის გამოცხადება არის სტანდარტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი აქტი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით იგი წარმოადგენს ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო გასცემს დაპირებას. დაპირება შეეხება იმ ფაქტს, რომ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული შეძლებს მიიღოს საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელზეც გამოცხადებული იყო აუქციონი. კასატორის განმარტებით, აუქციონის აღწერიდან იკითხება, რომ გამარჯვებული უფლებამოსილი იქნება სახელმწიფოსგან შეისყიდოს როგორც 4738.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ისე მასზე არსებული კონკრეტული შენობა-ნაგებობები. ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა დაპირება, რომ გასხვისდებოდა როგორც მიწის ნაკვეთი სრულად, ასევე მასზე არსებული კონკრეტული შენობა-ნაგებობები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არაფორმალურად, თუმცა მაინც აღიარა დაშვებული შეცდომა, კერძოდ, 2022 წლის 25 ივლისს კვლავ გამოაცხადა ზემოაღნიშნულ ქონებაზე აუქციონი და ფუნდამენტური ცვლილება შევიდა გასაყიდად გამოტანილ ქონების დასახელებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, www.Eauction.ge ელექტრონულ პორტალზე აუქციონის დასათაურება არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულ მდგომარეობას, რამაც კასატორი შეიყვანა შეცდომაში, რომ არა დასახელების ასეთი ფორმულირება, ი. დ-ე საერთოდ არ მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ასევე იშუამდგომლა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ი. დ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. დ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 ივნისის №6/28246 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ი. დ-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 27 ივლისის №1-1/272 ბრძანების - ი. დ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერების შემოწმება და ი. დ-ეის მიერ №... ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით გადახდილი ბეს თანხის დაბრუნება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ უფლებამოსილების რეალიზების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ნივთის რეგისტრაციას ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს. მითითებული „წესის“ მე-2 მუხლი არეგულირებს აუქციონის ჩატარების ორგანიზების საკითხს. ამავე მუხლით დეტალურადაა განსაზღვრული, თუ რა მონაცემებს უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი. დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო თანხასა და საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. 3) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს (უპირობო აუქციონის შემთხვევაში); კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 13 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, აეროპორტიის დასახლებაში არსებული (ნაკვეთი ...), 4738 კვ.მ მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) რეგისტრირებულია სახელმწიფოს, დავით თაბაგარის და დავით ჩხეიძის თანასაკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას წარმოადგენს - შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი და ნაგებობები: №2 – (ფარდული), №3 საერთო ფართით 7.09 კვ.მ, №4 საერთო ფართით 31.3 კვ.მ, №5 საერთო ფართით 75.7 კვ.მ, №6 საერთო ფართით 7.0 კვ.მ. №8 (აუზი), №9.
„ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის №1/1-1824 ბრძანებით დადგინდა ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) პრივატიზების განხორციელება ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრა 72 000 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანებით ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 21 600 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა -1 000 (ათასი) ლარით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 13 მაისს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი №... (განაცხადის №..., ბრძანების №1/1-1824, საწყისი საპრივატიზებო თანხა 72 000 ლარი). ელექტრონული აუქციონის დასახელება - „ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობები და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი“. 2020 წლის 13 მაისს გამოცხადებულ №... ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით, ი. დ-ემ გადაიხადა 21 600 ლარი ბეს სახით. 2020 წლის 27 მაისს დასრულდა №... ელექტრონული აუქციონი და აუქციონში გაიმარჯვა ი. დ-ემ (გამარჯვების დადასტურების №...).
2020 წლის პირველ ივნისს ი. დ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და №... ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი ბეს თანხის დაბრუნება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ ელექტრონული აუქციონის დასახელება იყო ბუნდოვანი, რამაც შეიყვანა შეცდომაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ი. დ-ეს ბეს დაბრუნებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობების და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში ასახული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპრივატიზებო უძრავ ქონებას წარმოადგენდა რეგისტრირებული ქონებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი, კერძოდ, №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობები და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მონაცემები ასახული იყო აგრეთვე მოკლე აღწერაში, სადაც მითითებულია უშუალოდ საპრივატიზებო უძრავი ქონების მახასიათებლები.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დასახელების ტექსტში მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განსაკარგავად გამოტანილი იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობები და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთი“. შესაძლოა, საპრივატიზებო ქონების დასახელების დაწყება - „ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“ გარკვეულ ვარაუდს ქმნიდა, რომ საპრივატიზებო ქონება შესაძლოა ყოფილიყო 4738 კვ.მ მიწის ნაკვეთი, თუმცა დასახელების დეტალურად გაცნობა და ატვირთული მასალის, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერის სრულყოფილი შესწავლით ნათლად ჩანდა თუ რას წარმოადგენდა საპრივატიზებო ქონება.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბე არის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონის ან პრივატიზების სხვა ფორმით განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას აუქციონის შედეგები ძალას კარგავს: ა) აუქციონში გამარჯვებულის მიერ საპრივატიზებო საფასურის ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ აუქციონის პირობა მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა იყო; ბ) ამ კანონით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში; დ) თუ მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ამ მოძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში გატანას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კი აუქციონის მონაწილეს დაუბრუნდება გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ ქონების მმართველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეში სადავოდ არ არის გამხდარი ელექტრონული აუქციონი №...-ის ჩატარებისა და შედეგების კანონიერება. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერად ჩატარებული აუქციონის გამარჯვებულმა დადგენილ ვადაში არ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება და მოითხოვა ბეს თანხის უკან დაბრუნება, იმ საფუძვლით რომ აუქციონის სათაურში არსებულმა ტექსტმა შეიყვანა შეცდომაში.
საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც, ელექტრონულ აუქციონზე ბმულის სახით ატვირთული იყო უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონება წარმოადგენდა თანასაკუთრების ობიექტს და სახელმწიფოსთან ერთად მას ჰყავდა ორი თანამესაკუთრე, აუქციონის ბმულზე ატვირთული მასალის სრულყოფილად გაცნობა, გაანალიზება და ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება აუქციონის მონაწილის პასუხისმგებლობაა.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, კანონიერი ნდობის არსებობაზე და მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება, ან თუ შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს. ამრიგად, „ყოველგვარი დაპირება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის საფუძვლად. ასეთად მიიჩნევა მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება.... მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობას წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ობიექტურ მხარეს, ანუ იმას, ეწინააღმდეგება თუ არა დაპირება კანონმდებლობას და არა იმას, იცოდნენ თუ არა დაპირების მიმცემმა ან დაინტერესებულმა მხარემ ამ დაპირების კანონსაწინააღმდეგობის შესახებ“ (სუსგ №ბს-942-903(კ-07), 10.09.2008წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საპრივატიზებო ქონების მოკლე აღწერაში მითითებულ იქნა უძრავი ქონების, როგორც მახასიათებლები ასევე დართული იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 მაისის №1/1-1824 ბრძანებით დადგინდა ქალაქ თბილისში, ...ში (ნაკვეთი ...) არსებული 4738 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №2 (ფარდული), №3, №4, №5, №6, №8 (ავზი), №9 შენობა-ნაგებობის და შესაბამისი წილი მიწის ნაკვეთის (ს/კ №...) პრივატიზების განხორციელება ელექტრონული აუქციონის ფორმით და დამტკიცდა აუქციონის პირობები. მხოლოდ აუქციონის გამოცხადება კი ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციულ დაპირებად და მოსარჩელის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძვლად, რადგან ბრძანების უშუალო და პირდაპირი ადრესატი მოსარჩელე არ ყოფილა და აუქციონის მხოლოდ გამოცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუცია მოსარჩელისთვის დაპირება, რომ სწორედ იგი გახდებოდა ნივთის შემძენი. ადმინისტრაციულ დაპირებას წარმოადგენს აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. თავად ელექტრონული აუქციონი №...-ის ჩატარებისა და შედეგების კანონიერება, კი სადავოდ არ გამხდარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. დ-ეის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. დ-ეს საკასაციო საჩივარზე 24.08.2022წ. N14266363832 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. დ-ეს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორის - ი. დ-ეის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ი. დ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.08.2022წ. N14266363832 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე