Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1192(2კ-22) 26 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოსარჩელე) - სპს „ ...“

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 12 დეკემბერს, სპს „...მ“ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 14 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მის ქონებას, ამასთან, მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით ... 2013 წლის 12 სექტემბერს გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე ზესტაფონში. აღნიშნულის შემდგომ 2013 წლის 28 ოქტომბერს ქვემო ქართლის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა ქალაქ რუსთავის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 24 სექტემბრის დაყადაღების აქტში მითითებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენის შემდგომ, 2015 წლის 16 თებერვლის №4083 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს ჩამოეწერა არსებული დავალიანება 103 571.1 ლარის ოდენობით. დავების განხილვის საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სპს „...მ“ წარუდგინა მოპასუხესაც, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ გამოსცა განკარგულება ავტომობილის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული განკარგულება გასაჩივრებულ იქნა ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით იგი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს. შედეგად, ბიურომ ავტომობილზე საკუთრების უფლება დაუბრუნა მოსარჩელეს.

სპს „...მ“ ასევე აღნიშნა, რომ ავტომობილი საჯარიმო სადგომზე იმყოფებოდა 2017 წლის 21 ივლისიდან, ავტოსადგომი კი უარს აცხადებდა ავტომობილის მოსარჩელისთვის გადაცემაზე მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4900 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის, 2015 წლის მარტის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით 8400 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის, 2019 ნოემბრის თვიდან წინამდებარე საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 150 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის, 1700 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის, 10% ოდენობით ადვოკატის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული თანხის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 150 ლარის ოდენობით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის, 480 ლარის ოდენობით შპს ს...ის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის, 0.9 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის გადახდილი საკომისიოს გადახდის დაკისრება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სპს „...ის“ სარჩელი, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განჩინებით საქმე განსახილველად დაექვემდებარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სპს „...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „...მ“ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სპს „...ის“ სარჩელი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს დაეკისრა სპს „...ის“ სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 2250 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 500 ლარის ანაზღაურება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 23 თებერვლის №108 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სპს „...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა საგადასახადო დავალიანება, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №024-4920 ბრძანებით ყადაღა დაედო სპს „...ის” ქონებას. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის - სპს „...ის” საკუთრებაში არსებული 2013 წლის 24 სექტემბერს დაყადაღების (აღწერის) აქტში ჩამოთვლილი ქონება და საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო №A15000202 წარმოება.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 4 მარტის №A15000202-010/001 განკარგულებით, სპს „...“-ს კუთვნილი მოძრავი ქონება (..., სატვირთო ფურგონი, სახ....) ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნული განკარგულება სპს „...მ“ გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით იგი ხელახლა გამოსაკვლევად/განსახილველად დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს. შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის №21-05/113839 წერილით განმარტებულ იქნა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №024-197 ბრძანებით გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №024-38 4920, 2011 წლის 13 დეკემბრის №024-5080, 2012 წლის 1 მაისის №024-2562 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და სპს ...ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად. ამასთან, შპს „...მა“ 2019 წლის 5 თებერვლის №02/02 წერილით სპს „...“-ს განუმარტა, რომ ავტომანქანის გაყვანის შესაძლებლობა მას ექნებოდა საპატრულო პოლიციის ნებართვის და დავალიანების გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდგომ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო განკარგულება სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი, ამიტომ ეს გარემოება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ზიანის ანაზღაურების საფუძვლად. სააპელაციო პალატამ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სააღსრულებო მოქმედების უშუალოდ განხორციელებამდე არ შეუმოწმებია იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა/არარსებობა, რაც წარმოადგენდა ასეთი ქმედების დაწყების კონკრეტულ საფუძველს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში 2015 წლის 4 მარტის №A15000202-010/001 განკარგულების გამოსაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, აღმასრულებლების მიერ სრულად არ იქნა განხორციელებული და შესრულებული კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სააღსრულებო მიზნებისათვის მოძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების შეწყვეტისა და ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის აღარ შეამოწმა სააღსრულებო მოქმედების საფუძვლის არსებობის ფაქტი, ე.ი. კრედიტორის მოთხოვნის არსებობა/არარსებობის ფაქტი, ამდენად მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...მ“, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს №A15000202-010/001 განკარგულება გამოცემულ იქნა 2015 წლის 4 მარტს, ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №024-4920, 2011 წლის 13 დეკემბრის №024-5080 და 2012 წლის 1 მაისის №024-2562 ბრძანებები გაუქმებულ იქნა 2015 წლის 11 მარტის №024-197 ბრძანებით, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან არ იკვეთება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც შეიძლება მიზეზობრივ კავშირში იყოს მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანთან. კასატორის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო განკარგულება სასამართლოს მიერ ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი, არ შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების საფუძვლად.

კასატორმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით გათვალისწინებული უკანონო ქმედება, ხოლო მეორე მხრივ ხაზი გაუსვა, რომ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებასთან ერთად, დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც ასევე არ იკვეთებოდა, ამდენად განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ზიანის დაკისრებისთვის არსებული წინაპირობები.

კასატორი - სპს „...“ მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანის ანაზღაურების კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა. კასატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დღევანდელ დღემდე იგი ვერ სარგებლობს თავისი ავტომობილით, ამასთანავე 2015 წლიდან 2019 წლის მარტამდე პერიოდში შეიცვალა ავტომობილის ღირებულება და იგი შეადგენს 4000 ლარს. შესაბამისად ავტომობილით სარგებლობის შეუძლებლობა, საბაზრო ღირებულებას დაემატა და ავტომობილის ხანგრძლივი დროით უმოქმედო ყოფნამ იგი გააუფასურა. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ექსპერტიზის დასკვნა ავტომობილის ღირებულების თაობაზე.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ავტომობილი წლებია განთავსებულია ავტოსადგომზე, მას მიუღებელი შემოსავლის სახითაც მიადგა ზიანი, ვინაიდან მისი, როგორც სპს-ს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ იურიდიულ პირს, საქმიანობა პირდაპირ და უშუალოდ იყო დამოკიდებული იმაზე, აღნიშნული ავტომობილის გაქირავების შემთხვევაში რა თანხას მიიღებდა.

სპს „...მ“ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავდა სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებს და არ იყო წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი კი განიხილება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეს სარჩელის საპირისპირო არგუმენტებზე არც მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითებია მისი წარმომადგენლის მიერ მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები კი, სასამართლომ არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ მხარემ ვერ დაადასტურა მათი მთავარ სხდომამდე (მოსამზადებელ სხდომაზე) წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორმა იშუამდგომლა მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს შესაგებლის განუხილველად დატოვების შესახებ უარის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის საოქმო განჩინებისა და ამავე საკითხზე სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპს „...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4900 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის, 2015 წლის მარტის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით 8400 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის, 2019 ნოემბრის თვიდან წინამდებარე საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 150 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანის, 1700 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის, 10% ოდენობით ადვოკატის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული თანხის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), 150 ლარის ოდენობით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის, 480 ლარის ოდენობით შპს ს...ის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის, 0.9 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის გადახდილი საკომისიოს გადახდის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-17 მუხლი კი აწესრიგებს აღმასრულებლის უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს, აღმასრულებლის ვალდებულებას, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 23 თებერვლის №108 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ სპს „...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა საგადასახადო დავალიანება. შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №024-4920 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო სპს „...ის” ქონებას.

ასევე დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ მოვალე სპს „...ს” მიმართ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის ბრძანებით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის - სპს „...ის” საკუთრებაში არსებული 2013 წლის 24 სექტემბერს დაყადაღების (აღწერის) აქტში ჩამოთვლილი ქონება და საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო №A15000202 წარმოება.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის №4083 ბრძანებით, სპს „...ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელდა 2014 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 4 მარტის №A15000202-010/001 განკარგულებით, ვინაიდან მოძრავი ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა პირველ იძულებით აუქციონზე, მოვალის სპს „...“-ს კუთვნილი მოძრავი ქონება (..., სატვირთო ფურგონი, სახ. ...) ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში (მოძრავი ქონების ღირებულება ნატურით გადაცემისას შეადგინა 1750 ლარი). აღნიშნული განკარგულება მოსარჩელემ გაასაჩივრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 4 მარტის №A15000202-010/001 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე მისი 2017 წლის 17 ივლისის №A15000202-015/001 წერილის პასუხად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ივლისის №21-05/113839 წერილით განემარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 მარტის №024-197 ბრძანებით გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 24 ოქტომბრის №024-38 4920, 2011 წლის 13 დეკემბრის №024-5080 და 2012 წლის 1 მაისის №024-2562 ბრძანებები და „...ის“ ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად. ხოლო, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 სექტემბრის №21-05/121688 მიმართვაში აღნიშნულ იქნა, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის მონაცემებით სპს „...“-ს საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა. ამავე მიმართვით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ეთხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ 2019 წლის 28 მაისის №A15000202-020/001 და №A15000202-020/002 მიმართვებით შპს „ ხ...“-ს და შპს „...“-ს დაევალა ავტომანქანის დაბრუნება სპს „...ისთვის. თუმცა, შპს „...მა“ 2019 წლის 5 თებერვლის №02/02 წერილით სპს „...“-ს განუმარტა, რომ ავტომანქანის გაყვანის შესაძლებლობა მას ექნებოდა საპატრულო პოლიციის ნებართვის და დავალიანების გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდგომ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებების გამოკვლევის გარეშე (სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელის ავტომობილი სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა მოსარჩელის სახელზე რიცხული დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავის არსებობის ფაქტის შემოწმების გარეშე) განკარგულების გამოცემის შესახებ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სააღსრულებო მოქმედების უშუალოდ განხორციელებამდე არ შეუმოწმებია იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა/არარსებობა, რაც წარმოადგენდა ასეთი ქმედების დაწყების კონკრეტულ საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიმართ აღსრულების პროცესის მიმდინარეობისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი იყო, მოვალის ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, ხელყო მოსარჩელის უფლებები, მას მიაყენა მატერიალური ზიანი და შესაბამისად წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო, დადგენილი გარემოებებისა და საქმის მასალების გაცნობისა და სადავო ნივთის რეალური ღირებულების მხედველობაში მიღების შედეგად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის სახით 2250 ლარის დაკისრების თაობაზე, არის გონივრული და თანაზომიერი. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსთვის მოსარჩელეს სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 500 ლარისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის ანაზღაურების დავალების თაობაზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება და სპს „...ს“ არ წარმოუდგენია მტკიცებულებ(ები)ა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოსარჩელემ შემოსავლის სახით ვერ მიიღო 2015 წლის მარტის თვიდან 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით - 8400 ლარი, 2019 ნოემბრის თვიდან წინამდებარე საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 150 ლარი.

საფუძველსაა მოკლებული ასევე კასატორის მითითება, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავდა სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებს და არ იყო წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რის გამოც მოპასუხის შესაგებლის განუხილველად დატოვება ითხოვა. საკასაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლზე რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. შესაგებლის წარდგენით მოპასუხე აფიქსირებს და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ნორმატიულად გაწერილი ვალდებულება დეკლარაციული მნიშვნელობისაა, შესაგებლის წარუდგენლობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის, მისი ინკვიზიციური ხასიათის გათვალისწინებით, არ ქმნის მხარის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების, მისთვის ნეგატიური შედეგის დადგომის საფუძველს (სუსგ №ბს-590(კ-20), 24.12.2021 წ.).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 06.10.2022წ. №40877 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1625 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ: 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1137 ლარი და 50 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 22.12.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 803 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.კ-ეს (პ/ნ: ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 562 ლარი და 10 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სპს „...ისა“ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ: 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.10.2022წ. №40877 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1625 ლარის 70 პროცენტი - 1137ლარი და 50 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. გ.კ-ეს (პ/ნ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.12.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 803 ლარის 70 პროცენტი - 562 ლარი და 10 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე