საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-765(კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჯ-ამ მზრუნველის მ. მ-ეის მეშვეობით 2022 წლის 16 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-140/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ი. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ი. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული, შშმ პირი, იმყოფება მეუღლის მზრუნველობის ქვეშ და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 58 420 სარეიტინგო ქულით. მიუხედავად მითითებული გარემოებებისა, სახელმწიფოსგან არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებლით, კერძოდ, მისთვის გაუგებარი საფუძვლით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის N03-140/ო ბრძანებით ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ითხოვს მის ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-140/ო ბრძანება ი. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი გადაწყვიტა დევნილი პირის ამჟამინდელი საჭიროების გაუთვალისწინებლად. სასამართლოს შეფასებით, ი. ჯ-ა წლების მანძილზე წარადგენდა განაცხადს საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე 2017 წლიდან ცხოვრობს სხვა პირის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აპელირება იმ გარემოებაზე, რომ დევნილ პირს მოძებნილი აქვს თავშესაფარი და დროებით ცხოვრობს ნათესავის კერძო საკუთრებაში არსებულ ფართში, არ ქმნიდა განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრულია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენისა და მისი განხილვის წესი, ასევე - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, თითოეული დევნილი ოჯახის განცხადების შეფასება ხორციელდება სააგენტოს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე, შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ აქვს საკუთრებაში საცხოვრებელი, თუმცა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ განაცხადში შეყვანილმა პირმა, მეუღლემ გაასხვისა ერთადერთი ბინა და ოჯახი დღემდე განაგრძობს მათივე გასხვისებული ქონებით სარგებლობას. კასატორისთვის გაუგებარია სასამართლომ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იმსჯელა, როდესაც გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ოჯახი დროებით ცხოვრობს მათივე გასხვისებულ ფართში, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებიდან არ დასტურდება დროებითი ცხოვრების ფაქტი, ვინაიდან მოსარჩელის მეუღლის დის საკუთრებაში აღრიცხვის დღიდან ოჯახი დღემდე განაგრძობს ცხოვრებას სადავო ფართში შეუზღუდავად. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მეუღლის და ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში სხვა მისამართზე და მას არც კი განუკარგავს დისგან შეძენილი ქონება, რაც ადასტურებს ბინის გასხვისების ფორმალურ ხასიათს, საცხოვრებლის მიღების მოტივით.
კასატორი ადასტურებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი. ჯ-ას შემთხვევაში, მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება გამორიცხა სწორედ საცხოვრებლის მეუღლის დის სახელზე გასხვისებისა და ამავე ბინაში შეუზღუდავად ცხოვრების ფაქტის დადასტურებამ, რამდენადაც მოსარჩელის განცხადების განხილვის ეტაპზე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დადასტურდა მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროება. შესაბამისად, კანონიერად გამოიცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-140/ო ბრძანება, ური ჯობავას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ი. ჯ-ას მიერ გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-140/ო ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ჯ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილია არაერთი განაცხადი და საბოლოოდ 2020 წლის 25 დეკემბრის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად დადგენილია, რომ ი. ჯ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე (სტატუსშეწყვეტილი), და დისშვილი და დისშვილიშვილი. განაცხადს აკეთებს სტატუს შეწყვეტილ მეუღლესთან ერთად. მეუღლეს - მ. მ-ეეს გააჩნდა საკუთრება, რომელიც 2017 წლის 10 აპრილს გაასხვისა დაზე - ნ. მ-ეზე. ი. ჯ-ას ოჯახი შეფასდა 7.50 ქულით, კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმები - 2.00 ქულა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ – 3 ქულა.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი ზუგდიდი, ქუჩა ... №..., ს/კ ... ბინა №7, 44.20 კვ.მ ფართით 2017 წლის 10 აპრილამდე წარმოადგენდა მ. მ-ეის საკუთრებას, რომელიც 2017 წლის 10 აპრილიდან რეგისტრირებულია ნარგიზ მიქანძის საკუთრებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2021 წლის 22 ივნისის ამონაწერის თანახმად (ს.ფ.108), ი. ჯ-ას ოჯახი ფიქსირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული აქვს 58420 ქულა, ხოლო მისამართია ქ. ზუგდიდი, ...ს ქ სად. №..., ბინა №7. აღნიშნულ მისამართზე რამდენჯერმე განხორციელდა მონიტორინგი და მის შედეგებზე დაყრდნობით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79) (ს.ფ.141-148) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 იანვრის №03-140/ო ბრძანებით, ი. ჯ-ას ოჯახს მოცემული ეტაპისთვის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების მოტივით (განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო). აღსანიშნავია, რომ ი. ჯ-ა არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად (ს.ფ. 109), ი. ჯ-ა არის შშმ პირი, უსინათლო.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ ი. ჯ-ა 2017 წლიდან ცხოვრობს სხვა პირის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში, უსაფუძვლოა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობის არარსებობის თაობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ დევნილ პირს მოძებნილი აქვს თავშესაფარი და დროებით ცხოვრობს ნათესავის კერძო საკუთრებაში არსებულ ფართში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები, აგრეთვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სათანადოდ გადაეწყვიტა ი. ჯ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებები ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა ი. ჯ-ას განსახლების გადაუდებელი საჭიროება, თუმცა არ გაითვალისწინა რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს მეუღლის მიერ გასხვისებულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა 2022 წლის 13 იანვრის №03-140/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხის შესწავლისას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადმინისტრაციულ ორგანოს უწესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულაშივე გაცხადებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს, გარდა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იძულებით გადაადგილებული პირის განაცხადის განხილვისას, ასევე ეკისრება მისი საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა