საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-974(კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - დ. მ-ი, სს „ლ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. მ-იმა 2019 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების - ა. მ-ისა და დ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, უძრავ ქონებაზე ს/კ ... რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილების, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უძრავი ქონება, რომლის ნაწილი ა. მ-იმა და დ. მ-იმა დაირეგისტრირეს საკუთრებად, ეკუთვნის მოსარჩელის ოჯახს. უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, ა. მ-იმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა არსებულისგან განსხვავებული კონფიგურაციის მქონე ნახაზი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მცდარი მონაცემებით. შედეგად, მესამე პირის საკუთრებაში მოექცა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც, რეალურად, არასდროს ყოფილა ა. მ-ის მფლობელობაში.
ამასთან, მოსარჩელემ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა საქმის საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს №..., 2009 წლის 25 აგვისტოს №... და 2019 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილებების მოქმედების შეჩერება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს №..., 2009 წლის 25 აგვისტოს №... და 2019 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილებების მოქმედება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 აგვისტოს №..., 2009 წლის 10 აგვისტოს №..., 2009 წლის 25 აგვისტოს №..., 2014 წლის 6 მაისის №..., 2019 წლის 25 ივნისის №... და 2019 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილებები; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ა. მ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ განმეორებითი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის პარამეტრების კორექციამ, ნაკვეთის კოორდინატების დაზუსტებამ, არ უნდა მიაყენოს მესაკუთრეს იმგვარი ზიანი, რომ აღნიშნულს შედეგად მოჰყვეს მასზე რიცხული ნაკვეთის ფართის შემცირება. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დასაბუთების გარეშე უარყო მოპასუხისა და მესამე პირების მოსაზრებები და მიიღო მოსარჩელის სასარგებლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. თუმცა მოსარჩელეს საქმეზე არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის პოზიციას. ხოლო წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული, რომ ა. მ-ისა და დ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები რომელიმე ნაწილში კვეთენ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. ექსპერტმა ასევე ვერ მოახდინა ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. ამასთან, დასკვნაში არაფერია ნათქვამი ... (წინა ს/კ ...) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მდებარეობაზე, კონფიგურაციის შეცვლაზე, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთიც არასწორი კონფიგურაციით არის რეგისტრირებული. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მიწის აზომვითი ნახაზი კონფიგურაციით არ შეესაბამებოდა სააღრიცხვო ბარათზე თანდართულ საკადასტრო რუკებს. კასატორი მიიჩნევს, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი მცდარი კონფიგურაციით არათუ მის მიერ არის წარდგენილი, არამედ მოსარჩელის მიერ მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა დაზუსტებული მონაცემებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციების/სარეგისტრაციო ჩანაწერების კანონიერება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ამ კანონის მიზნებად ასახელებს მიწის ნაკვეთების სრულყოფილ უფლებრივ და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფას, კერძოდ: ა) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ) მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციის წახალისება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. მ-იმა 2019 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.06.2019 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილებით, მ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ქონების საკადასტრო ნახაზზე დადგინდა ზედდება ა. მ-ისა და დ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. მ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებია მიწის სააღრიცხვო ბარათები (ს/კ ...; 0.048 ჰა; ს/კ ...; 0.204 ჰა); მესამე პირის - დ. მ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებია: სააღრიცხვო ბარათი (...; 0.096 ჰა) და ჩუქების ხელშეკრულება. დ. მ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით (ახალი ს/კ - ..., ფართით 960 კვ.მ); მესამე პირის - ა. მ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტებია: 1) სააღრიცხვო ბარათი (ს/კ ...; 0.212 ჰა). საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით (ახალი ს/კ - ..., ფართით 2120 კვ.მ); 2) სააღრიცხვო ბარათი (ს/კ ...; 0.055 ჰა). საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით (ახალი ს/კ - ...; 550 კვ.მ).
ასევე დადგენილია, რომ დ. მ-ის შემთხვევაში, სააღრიცხვო ბარათზე დართული საკადასტრო რუკის (ტ. 1, გვ. 85) მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და დაზუსტებული რეგისტრაციის პირობებში რეგისტრაციისთვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. 1, გვ. 101) და ამის შესაბამისად, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (ტ. 1, გვ. 106), არსებითად შეუსაბამოა. ხოლო ა. მ-ის შემთხვევაში, 1) სააღრიცხვო ბარათზე დართული საკადასტრო რუკის (ტ. 1, გვ. 88) მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და დაზუსტებული რეგისტრაციის პირობებში რეგისტრაციისთვის წარდგენილი საკადასტრო ნახაზი (ტ. 1, გვ. 133), აღნიშნულის მიხედვით რეგისტრირებული არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (ტ. 1, გვ. 201), არსებითად შეუსაბამოა; 2) სააღრიცხვო ბარათზე დართული საკადასტრო რუკის (ტ. 1, გვ. 91) მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და დაზუსტებული რეგისტრაციის პირობებში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (ტ. 1, გვ. 30), არსებითად შეუსაბამოა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათთან შესაბამისობაში უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, და მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №008192719 დასკვნის თანახმად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოიცავს მ. მ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ერთსართულიან საცხოვრებელ სახლთან ერთადერთ მისასვლელ საავტომობილო გზის ნაწილს; ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 960 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) კონფიგურაცია არ შეესაბამება 2003 წლის 22 იანვარს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებულ ... საკადასტრო კოდით აღრიცხულ 0.096 ჰა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას; ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები (ღობე), რიგ შემთხვევაში შეესაბამება ხსენებული მიწის ნაკვეთის კოდით რეგისტრირებულ საზღვრებს (წითელ ხაზებს), ხოლო რიგ შემთხვევაში - არა. ძირითადი სხვაობები ფიქსირდება ჩრდილოეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში. შედარება მოხდა მხოლოდ იმ საზღვრების, სადაც მოწყობილია მყარი მიჯნა (ღობე); ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2120 კვ.მ მიწის ნაკვეთის (წინა ს/კ ...) კონფიგურაცია არ შეესაბამება 2003 წლის 22 იანვარს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებულ ... საკადასტრო კოდით აღრიცხული 0.212 ჰა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ხსენებული კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამავე მუხლის 62 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, დაუზუსტებელი რეგისტრაციით საკუთრების უფლების რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას. უძრავ ქონებაზე დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ გამორიცხავს შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას. თუმცა რეგისტრაციის დაზუსტების ფარგლებში, დაუშვებელია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს საკუთრების უფლების შინაარსის სახეცვლილებას (სუსგ საქმეზე 15.10.2020წ. №ბს-930(კ-19)).
ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ვინაიდან მესამე პირების დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციები შეუსაბამოა მონაცემების დაზუსტებამდე (სააღრიცხვო ბარათები) არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასთან. უფრო მეტიც, მესამე პირების დაზუსტებული რეგისტრაცია ფარავს, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც გამიჯნულია მყარი მიჯნით (ღობე). სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირთა სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა მათ მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო საჯარო რეესტრი ცალმხრივად დაეყრდნო მხარეთა მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა. მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები, ამასთანავე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრში დაცულ მონაცემებთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მის მიერ 2019 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცნობილი იყო მ. მ-ის უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც მასთან იყო დაცული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ ა. მ-ისა და დ. მ-ის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციები, შეუსაბამოა სააღრიცხვო ბარათებში მონაცემების დაზუსტებამდე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასთან, ასევე, ა. და დ. მ-იების დაზუსტებული რეგისტრაცია ფარავს მ. მ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც გამიჯნულია მყარი მიჯნით. ამრიგად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაადგინოს უძრავი ქონების მდებარეობა და შემდგომ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის განხორციელების, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან სხვაგვარად დასრულების შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სათანადოდ გამოიკვლიოს, რადგანაც სწორედ იგი წარმოადგენს უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და საკუთრების უფლების განხორციელებული რეგისტრაციის ურთიერთშესაბამისობაზე.
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას ... (წინა ს/კ ...) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და კონფიგურაციაზე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებაზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილებით, მ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების საკადასტრო ნახაზზე დადგინდა ზედდება ა. მ-ისა და დ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე მ. ა. დ-ის 20.12.2022წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ა. დ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება.
3. მ. ა. დ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.12.2022წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე