Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-410(კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „გ...“

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - შპს „თ...“, სს „თი...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2010 წლის 6 ივლისს შპს ,,გ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილების, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება №... რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილების, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შპს ,,გ...ს“ სახელზე აღრიცხვის თაობაზე გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს ,,გ...ს“ სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ შპს „თ...“ და სს „თი...“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „გ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ...მა“.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით სს ,,გ...ს” მიმართ შეწყდა 2007 წლის 5 აპრილს იძულების წესით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 2008 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ...დან ...მდე მდებარე უძრავი ქონების (443.11 გრძივი მეტრი მაღალი წნევის გაზსადენის ხაზოვანი ნაგებობა) რეგისტრაცია, რომელიც 2008 წლის 16 ივნისის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, მიენიჭა საკადასტრო კოდი .... გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პერიოდში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 იანვრის N... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც 2010 წლის 14 იანვრის N... გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს ,,გ...ს” სახელზე No... საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონების რეგისტრაცია. იმავე დღეს, 2010 წლის 14 იანვარს 2006 წლის 18 მაისის No1-5831 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის No... გადაწყვეტილებით ამავე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს ,,ყ...” (დღევანდელი შპს ,,თ...”).

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 იანვრის №..., 2010 წლის 14 იანვრის №..., 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ს/კ ... უძრავი ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით, საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის 2020 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა.

კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ერთსა და იმავე დღეს, 2010 წლის 14 იანვარს ისე გააუქმა შპს ,,გ...ზე“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ არ მისცა საშუალება წარედგინათ პოზიცია, რომელიც დაადასტურებდა ნივთის შპს ,,გ...სადმი” კუთვნილებას და მის ყოვლად უკანონოდ მიკუთვნებას შპს ,,ყ...ზე“.

კასატორის განმარტებით, შპს ,,გ...ს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 2010 წლის 14 იანვრის N... გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას - ა. ი-ისა და ზ. ქ-ეის მიერ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შუალედურ აქტზე ე.წ. ხელმოწერის გაყალბების ფაქტს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უძრავი ქონების შპს ,,გ...ზე” რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იგი წარმოადგენს მხოლოდ დოკუმენტს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შპს ,,გ...მა“ შეასრულა გარკვეული სახის სამუშაოები და პასუხისმგებელია მასზე (საბოლოო აქტი გაფორმდა 1999 წლის 6 ივლისს).

ასევე კასატორის მითითებით, 2006 წლის 18 მაისის No1-5831 ნასყიდობის ხელშეკრულებაში განმარტებულია, რომ სს "თბ...ს” მიერ შპს ,,ყ...ზე” მიყიდული უძრავი ქონების ჩამონათვალი აღწერილია ამავე ხელშეკრულების N1 დანართში, სადაც ,,443.11 გრძივი მეტრი მაღალი წნევის გაზსადენის ხაზოვანი ნაგებობა” საერთოდ არ არის მითითებული, რის გამოც გაურკვეველია რის საფუძველზე გახდა უძრავი ქონება საკადასტრო კოდით No... შპს ,,ყ...ს” საკუთრება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის შპს ,,გ...ს“ სახელზე აღრიცხვის თაობაზე გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო-სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.

2009 წლიდან მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც უკვე ძალადაკარგული, ისე მოქმედი ნორმატიული აქტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება. თუკი სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდება ზედდება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, თუკი სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია, იმავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ხაზოვან ნაგებობაზე (მაღალი წნევის გაზსადენი 443,11 გრ.მ), ...დან ...მდე დარეგისტრირდა შპს „გ...ს" საკუთრების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები წარდგენილ იქნა ასლების სახით, ხოლო 1997 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული მშენებლობით დამთავრებული ობიექტის მიღების აქტზე ხელმოწერები არ არის შესრულებული ა. (ნ.) ი-ის და ზ. ქ-ეის მიერ. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს არქივში მდინარე მტკვარზე გამავალ 1200 მმ-იანი 220 გ/მეტრი სიგრძის პნევმო-ტრანსის მილსადენთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 იანვრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ყ...ს" საკუთრების უფლების რეგისტრაცია მაღალი წნევის გაზსადენ მილზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,გ...მა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2020 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებით შპს ,,გ...ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლო წესით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში ვინაიდან თავმჯდომარეს არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის (ძალადაკარგული 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. მითითებული ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის, ხოლო ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში – ასევე, ელექტრონული ასლის სახით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს

განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №... რეგისტრაციის საფუძველი გახდა სამშენებლო პროექტი, მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი და სამშენებლო პასპორტი. №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები წარდგენილი იქნა ასლების სახით, ხოლო 1997 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული მშენებლობით დამთავრებული ობიექტის მიღების აქტზე, ა. (ნ.) ი-ის და ზ. ქ-ეის ხელმოწერები არ არის შესრულებული აღნიშნული პირების მიერ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არქივში კი მდინარე მტკვარზე გამავალ 1200 მმ-იანი 220 გ/მეტრი სიგრძის პნევმო-ტრანსის მილსადენთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ იძებნება. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,გ...ს“ საკუთრების დამდგენი რაიმე სხვა დოკუმენტი არ წარმოუდგენია და ქონების შპს-ს ბალანსზე ყოფნა უტყუარად არ დადასტურებულა. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის 2010 წლის 6 იანვრის №05.01.2010/19 მიმართვით ასევე დგინდება, რომ 1996 წლის 13 აგვისტოს ტრესტ ,,თბ...სა“ (შემდგომ სს ,,თბ...“) და შპს ,,დ...ს“ (შემდგომ შპს ,,გ...“) შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს უნდა განეხორციელებინა ტრესტ ,,თბ...ს“ ბალანსზე რიცხული ...-...-...-...ის მაგისტრალური და მასზე მიერთებული გამანაწილებელი ქსელების, გაზსადენების აღდგენასთან დაკავშირებული სარემონტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და ექსპლუატაციაში უნდა ჩაებარებინა 1996-1997 წლების ზამთრის სეზონის დადგომამდე.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ არ შეიძლება მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდეს შპს "გ...ს" პოზიცია მასზედ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის ცნობა, 2007 წლის 01 აგვისტოს აუდიტორული დასკვნა და საქართველოს კონტროლის პალატის 1999 წლის 7 ნოემბრის აქტი წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს სადავო ხაზოვან ნაგებობაზე, ვინაიდან: საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტს და შპს ,,გ...ს“ შორის დადებული ხელშეკრულება (საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი) საქმეში არ მოიპოვება; 2007 წლის 01 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის თანახმად, შპს ,,გ...ს" ბალანზე რიცხულ ძირითად საშუალებების ჩამონათვალში მითითებულია მდ. მტკვარზე გადამყვანი ხიდი და მტკვარზე გადამყვანი მილსადენი 164 გ.მ., ხოლო, დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნილი და დაკმაყოფილებული იქნა 443,11 გრ.მ მაღალი წნევის გაზსადენის რეგისტრაცია; შესაბამისად, დასახელებულ დოკუმენტებსა და რეგისტრირებულ მონაცემებში პნევმოტრანსის მილსადენის მოცულობა არსებითად განსხვავდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის №... რეგისტრაციისას დარღვეულ იქნა იმ დროისათვის მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 13 იანვრის №... გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება შპს ,,ყ...ს“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.." (იხ. სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.).

განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს ,,ყ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტი (2006 წლის 18 მაისის №1-5831 ნასყიდობის ხელშეკრულება) ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა, რაც გამორიცხავს შპს ,,ყ...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ 2006 წლის 18 მაისის №1-5831 ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი სადავო ხაზობრივი ნაგებობა არ არის, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო შპს "გ...ს" არ წარმოუდგენია სადავო უძრავ ქონებაზე უპირატესი ან უკეთესი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობას დაედებოდა საფუძვლად.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს (სუსგ №ბს-1695-1651(კ-10), 25.05.2011წ. და №ბს-408-403(2კ-14), 14.07.2015წ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საკითხი. ამასთან, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლესი ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის თვითკონტროლის ფარგლებში, უფლებამოსილია განიხილოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების გადამოწმებისა და სარეგისტრაციო ორგანოს პრაქტიკის კორექტირების ქმედით საშუალებას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 14 იანვრის №..., 2010 წლის 14 იანვრის №... გადაწყვეტილებები), ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დამატებით კვლევას არ საჭიროებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარზე გ. კ-ის მიერ 11.04.2022 წლის საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. კ-ის (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინება.

3. გ. კ-ის (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს შპს „გ...ს“ საკასაციო საჩივარზე 11.04.2022 წლის საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე