საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-445(2კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ე.გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - გ.ტ-ი, დ.ტ-ი, ვ.ტ-ი, ხ.ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 14 ივნისს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 8 მაისს, უძრავ ნივთზე (მდებარე: გორის რაიონი, სოფელი ... (ს/კ ...)) რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2019 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (საკადასტრო კოდი ...).
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გამოთხოვისა და გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა ხ.ტ-ის, გ.ტ-ის, დ.ტ-ის, ხა.ტ-ის სახელზე 6118 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. გარდა ამისა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18500.00 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაუზუსტებელი ფართობი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ იქნა 2005 წლის 9 სექტემბერს. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს გორის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აგვისტოს №758 მიმართვა, ხოლო გორის რაიონის გამგეობის 2005 წლის 20 ივნისის №173/15 დადგენილების საფუძველზე 2005 წლის 9 სექტემბერს რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება ე.გ-ის სახელზე 30 წლის ვადით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო რეგისტრაცია, განხორციელდა იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის 9 სექტემბრიდან უკვე რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი მონაცემებით სახელმწიფო საკუთრების უფლება. ამასთან, საარქივო ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1.00 ჰა მიწის ფართობი, თუმცა სად და რა კონფიგურაციით აღნიშნულის შესახებ მითითება არ იყო გაკეთებული. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაუგებარი იყო უკვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისი კონფიგურაციით საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი.
ამდენად, მოსარჩელემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის საარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა გ.ტ-ის, დ.ტ-ის, ვ.ტ-ის, ხ.ხ-ის და ხა.ტ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე გორის რაიონი, სოფელი ..., (ს/კ ...) რეგისტრირებულ მონაცემში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სავალდებულო წესით მესამე პირებად იქნენ ჩაბმული გ.ტ-ი, დ.ტ-ი, ვ.ტ-ი, ხ.ხ-ი და ხა.ტ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სავალდებულო წესით ჩაბმულ იქნა ე.გ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ს/კ ..., 2005 წლის 9 სექტემბრის რეგისტრაცია) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვისას მითითებულ უძრავ ქონებაზე სისტემური რეგისტრაციით და ფაქტობრივი მდგომარეობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების არსებობისა და ფარგლების, უფლებადამდგენი დოკუმენტების მონაცემების სისწორის შესწავლა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების მიღება.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ტ-მა, დ.ტ-მა, ხ.ხ-მა და ვ.ტ-მა, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ტ-ის, დ.ტ-ის, ხ.ხ-ის და ვ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 22 ივლისს გ.ტ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი 6118 კვ.მ.), მდებარე: გორის რაიონი, სოფელი .... 2013 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს დაავალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის ან სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. 2013 წლის 13 აგვისტოს გ.ტ-მა გორის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა შესაბამისი განცხადება, შედეგად კი, 2013 წლის 19 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 6118.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ხ.ხ-ის, გ.ტ-ის, ხა.ტ-ის, ვ.ტ-ის და დ.ტ-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 8 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2019 წლის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა 2005 წლის 9 სექტემბერს სახელმწიფოს სახელზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მესამე პირებმა საჯარო რეესტრში 2013 წელს დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მიწის განაწილების სიებში 1992-2011წწ. მდგომარეობით ვ.ტ-ის პირად საკუთრებაში ირიცხებოდა, ამდენად, ქონება სახელმწიფოსგან გადაცემული ჰქონდათ საკუთრების უფლებით. ამასთან, პალატამ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის 41-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, სწორედ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე იყო უფლებამოსილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რომ შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში კერძო საკუთრებად დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ აქარწყლებს კერძო პირის საკუთრების უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სამართალწარმოების ფარგლებში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2005 წლის 9 სექტემბერს სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის ნაწილი 2013 წელს მესამე პირების საკუთრებად დარეგისტრირდა. სასამართლოს განმარტებით, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 14 ივნისს წარდგენილ სარჩელს თანდართული ჰქონდა 2013 წელს განხორციელებული სადავო რეგისტრაციის წარმოების მასალების ნაწილი. რაც შეეხება 2005 წელს განხორციელებულ რეგისტრაციასთან სადავო გადაწყვეტილების შემხებლობას, სარჩელზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ 2019 წელს შექმნილი დოკუმენტები. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთისა და 2005 წელს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 18 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ფაქტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადასტურა და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ე.გ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, კერძოდ, ნაკვეთის არასწორი მდებარეობის მითითების გამო რეგისტრაციის გაუქმება, რამაც გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთის ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სადავო იყო არა მესამე პირების საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, არამედ მისი კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, ამავე კანონის 23-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის №ბს-803(კ-18) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს გ.ტ-ის, დ.ტ-ის, ვ.ტ-ის, ხ.ხ-ის და ხა.ტ-ის სადავო ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები და მდებარეობა, რათა გამოეკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობა. ამასთან, კასატორმა ხაზი გაუსვა, რომ მოპასუხეს უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა, რაც არ გულისხმობდა რეგისტრაციის არსებობის გადამოწმებას მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემთხვევაში, უკვე რეგისტრირებულ მონაცემებზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა.
კასატორმა საქმის მასალებში არსებული, მარეგისტრირებელი ორგანოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე აღნიშნა, რომ სადავო რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავდა ზოგად მითითებას იმის თაობაზე, რომ კომლს ერიცხებოდა 1.00 ჰა მიწის ნაკვეთი, თუმცა ზუსტ ადგილმდებარეობას, კონფიგურაციას და პარამეტრებს აღნიშნული ცნობა არ შეიცავდა. სარეგისტრაციო დოკუმენტები შეიცავდა ასევე თავდაპირველ აზომვით ნახაზს, რომელიც არ ემთხვეოდა შემდგომ წარდგენილ საკადასტრო ნახაზს და დარეგისტრირებულ მონაცემებს. მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტით არ იკვეთებოდა მესამე პირების ამ მონაცემებით საკუთრების უფლების არსებობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე უკვე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლება, გამორიცხული იყო იმავე ნაკვეთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაცია და მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ვინაიდან საკითხი ეხებოდა არა მართლზომიერი მფლობელობის უფლებას ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებას, არამედ საკუთრების უფლებას, რომელიც სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია.
კასატორი - ე.გ-ი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა და არა მესამე პირების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობა, ამდენად, სადავო იყო არა მხარეთა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირების საკუთრების უფლება, არამედ მხოლოდ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, ფართობი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებების სისწორე. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და უკანონოდ გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ე.გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ს/კ ... მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 აგვისტოს №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-61 და მე-62 პუნქტების თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ 2013 წლის 22 ივლისს გ.ტ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი 6118 კვ.მ), მდებარე: გორის რაიონი, სოფელი .... 2013 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე მეტით აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს, კერძოდ, 10 000 კვ.მ-ს. შესაბამისად, მხარეს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის ან სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარმოდგენა ზედმეტ ფართობზე. 2013 წლის 13 აგვისტოს გ.ტ-მა გორის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ შეჩერების მიზეზი აღმოფხვრილი იყო. 2013 წლის 19 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მომზადდა შესაბამისი ამონაწერი და უძრავი ქონების რეესტრიდან გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 6118.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ხ.ხ-ის, გ.ტ-ის, ხა.ტ-ის, ვ.ტ-ის და დ.ტ-ის საკუთრების უფლება.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 8 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2019 წლის დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა 2005 წლის 9 სექტემბერს სახელმწიფოს სახელზე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს. მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ზედდება ხდებოდა წარმოებაში მყოფ №... განაცხადთან .
აღსანიშნავია, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხაზგასმული ფაქტობრივი გარემოება, რომ მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო, კერძოდ, სახნავი დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმის მასალებში დაცული იჯარით გაცემული ობიექტის აღწერილობის ოქმით კი იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვარს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მესამე პირებმა საჯარო რეესტრში 2013 წელს დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მიწის განაწილების სიებში 1992-2011 წლების მდგომარეობით ვ.ტ-ის პირად საკუთრებაში ირიცხებოდა. ამდენად, სახელმწიფოს 1992 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთი უკვე განკარგული და გადაცემული ჰქონდა ვ.ტ-ის კომლისათვის.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებში არ ფიქსირდებოდა მტკიცებულება, რომელიც 2013 წლის სადავო რეგისტრაციამდე იქნებოდა შექმნილი და სადავო მიწის ნაკვეთისა და 2005 წელს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული 18 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდების ფაქტს დაადასტურებდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.გ-ის საკასაციო საჩივარზე 30.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ.ც-ეს (პ/ნ: ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ე.გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. დ.ც-ეს (პ/ნ:...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.05.2022წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე