Facebook Twitter

№ბს-777(კს-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 16 თებერვალს დ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის, ამ ოპერაციისთვის საჭირო ყველა პროცედურის ჩატარების და ტრანსპლანტაციის საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბათუმის ე...ში ღვიძლის გადანერგვის სპეციალურ პენიტენციური სამსახურისთვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა დ. გ-ისათვის ღვიძლის გადანერგვა და გადანერგვისათვის საჭირო პროცედურების ჩატარება, სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში. მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტზე, კერძო საჩივარი შეიტანა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გაუქმება.

2023 წლის 30 მარტს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა წერილობითი შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა დავის საგნის არარსებობის გამო. შუამდგომლობაში აღინიშნულია, რომ 2022 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. გ-ი გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ავადმყოფობის გამო და იგი აღარ იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის განხილვა მიზანშეწონილი არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1 პუნქტის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; №3ბ/2537-22 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელე დ. გ-ის სარჩელზე, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყვეტილიყო წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების 2022 წლის 24 ოქტომბრის №311669/32 წერილზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებული დ. გ-ი გათავისუფლდა 2022 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.10.2022 წლის განჩინებით, ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის“ 6.1, 7.1 ,,ვ“ და ,,კ“, 13.1, 14.1.,,ა.ბ“ , 24.1, 119-ე მუხლებზე და ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1, 46-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელე დ. გ-ი აღარ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იგი ავადმყოფობის გამო გათავისუფლებული იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს აღარ ეკისრებოდა ქმედების განხორციელების ვალდებულება და სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელე დ. გ-ისათვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავის საგანი აღარ არსებობს, რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა მხარეთა შორის, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი - დ. გ-ი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა მოსაზრება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობაზე საქმის შეწყვეტის თაობაზე. სასამართლომ ზემოაღნიშნული შუამდგომლობა გაუგზავნა მის ადვოკატს, რომელიც დ. გ-ის ინტერესებს იცავდა ორდერის საფუძველზე და არ ჰქონდა სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ამჟამად იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №... დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 6.10.2022წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის ღვიძლის გადანერგვა და გადანერგვისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა აღსრულებულიყო, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ იგი არ შესრულდა, რითაც დ. გ-ის ადგება გამოუსწორებელი ზიანი. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმისწარმოება შეწყდა 2023 წლის 1 ივნისს, პირველი ინსტანციის დაუყონებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან თითქმის 6 თვის შემდეგ. დ. გ-ი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დაცული უფლება, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, შესაბამისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემით უზრუნველყოს ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა. სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულებები პატიმართა სიცოცხლის დაცვის კუთხით. სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმრის სიცოცხლის უფლების დარღვევისათვის, თუკი არ იქნება გაწეული დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. კერძო საჩივრის ავტორმა - დ. გ-იმა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოსარჩელე დ. გ-იმა მოითხოვა: 1. სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის და ამ ოპერაციისთვის საჭირო ყველა პროცედურის ჩატარების დავალება და 2. ტრანსპლანტაციის საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბათუმის ე...ში, სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ღვიძლის გადანერგვის დავალება.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა დ. გ-ისათვის ღვიძლის გადანერგვა და გადანერგვისათვის საჭირო პროცედურების ჩატარება, სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში. მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის სადავო განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; №3ბ/2537-22 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელე დ. გ-ის სარჩელზე, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის“ 6.1, 7.1 ,,ვ“ და ,,კ“, 13.1, 14.1.,,ა.ბ“ , 24.1, 119-ე მუხლებზე და ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1, 46-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელე დ. გ-ი აღარ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იგი გათავისუფლდა ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს აღარ ეკისრებოდა ქმედების განხორციელების და სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში მოსარჩელე დ. გ-ისათვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფის ვალდებულება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციაში დავის განხილვის მომენტისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დ. გ-ის არყოფნის საფუძვლით, სახეზე იყო დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,პატიმრობის კოდექსის“ 14-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო მომსახურებით. ამავე კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.

,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1 მუხლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა. ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ნორმების ანალიზის შედეგად ცალსახაა, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის ადეკვატური და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა 30.03.2023წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2023წ. სხდომაზე ზემოაღნიშნული შუამდგომლობის ასლი გადაეცა დ. გ-ის წარმომადგენელს, რომელსაც მიეცა 10 დღის ვადა წერილობითი პოზიციის წარმოსადგენად. საოქმო განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე იმსჯელებდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საგულისხმოა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების 2022 წლის 24 ოქტომბრის №311669/32 წერილის თანახმად, მსჯავრდებული დ. გ-ი გათავისუფლდა 2022 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.10.2022 წლის განჩინებით, ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ მოცემულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა განაპირობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის დ. გ-ისთვის პატიმრის სტატუსის არქონამ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. გ-ის 21.07.2023წ. წარმოდგენილი აქვს კერძო საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ მოთავსებულია ...ის №... პენიტენციურ დაწესებულებაში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.07.2023წ. განჩინება დ. გ-ის გაეგზავნა ...ის №... ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. 20.09.2023წ. №... ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების №260509/32 წერილით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეცნობა, რომ ბრალდებულ დ. თ.-ის ძე გ-ის 2023 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.09.2023წ. განჩინებით აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და 2023 წლის 19 სექტემბერს იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272 „ა1“ მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო დავის საგნის არ არსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა რა სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის პერიოდისთვის, დ. გ-ის საპატიმრო დაწესებულებაში არყოფნის ფაქტი, ცალსახად გამოირიცხებოდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანოს ზეპირი განხილვის გარეშე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ზეპირი განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული კერძო საჩივრის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის დანიშვნის, ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ გამოიკვეთა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დ. გ-ის შუამდგომლობის - კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, დაკმაყოფილების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დ. გ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა