საქმე №ბს-797(კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 15 ივლისს მ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან (გალიდან) იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელე არის შშმ პირი, სარეიტინგო ქულით - 7,5, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში. 1991 წლიდან დღემდე მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა ან ფულადი კომპენსაცია. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დროებითი განსახლების მიზნით, თანხის დარიცხვაზე, თუმცა სააგენტოს 24.06.2021წ. №03/10815/ო საინფორმაციო ხასიათის მიმართვის თანახმად, ამავე სააგენტოს 23.06.2021წ. №03-2321/ო ბრძანების თანახმად, ამ ეტაპზე უარი ეთქვა დროებითი განსახლების მიზნით ქირის დარიცხვაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მ. კ-ასთვის დროებითი განსახლების მიზნით ფულადი დახმარების გაწევაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 ივნისის №03-2321/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ. კ-ასთვის დროებითი განსახლების მიზნით, ქირის თანხის დარიცხვის თაობაზე, ვიდრე არ მოხდება გრძელვადიანი საცხოვრებლით მისი უზრუნველყოფა, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 ივნისის №03-2321/ო ბრძანება მ. კ-ასთვის დროებითი განსახლების მიზნით ფულადი დახმარების გაწევაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ, რომელმაც გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. კ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს უარი უთხრა დროებითი განსახლების მიზნით ფულადი დახმარების გაწევაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, მის მიერ მითითებულ მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა დროებითი განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის დროებითი განსახლების საჭიროების საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. ადმინისტრაციული წარმოების დროს, მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა მოსარჩელის დროებითი განსახლების საჭიროება, რაც ქირავნობის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, უნდა განეხორციელებინა თავად მოსარჩელისა და იმ პირის დეტალური გამოკითხვის გზით, ვისაც მოსარჩელის განმარტებით, უხდიდა ქირას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო აქტი გასაჩივრებულ ნაწილში გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 ივნისის №03-2321/ო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, მ. კ-ასთვის დროებითი განსახლების მიზნით ფულადი დახმარების გაწევაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახისთვის მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელი ფულადი დახმარების გაწევის საჭიროების არარსებობა, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს ნათესავის სახლში ქირის გადახდის გარეშე. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ 15.06.2021წ., 16.06.2021წ. მონიტორინგის ოქმებზე, რომლებითაც დგინდება, რომ მ. კ-ა არ ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ს ქ. №2-ში. კასატორმა აღნიშნა, რომ მ. კ-ას მიერ მითითებული ბინა ეკუთვნის მის გარდაცვლილ ნათესავს -მ. ფ-ას. მ. კ-ამ ვერ წარმოადგინა ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, მოსარჩელე არცერთი მონიტორინგის განხორციელებისას მისამართზე არ იმყოფებოდა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია კრიტერიუმები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული მონიტორინგის ფორმიდან იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია უარი თქვას კონკრეტული განცხადების დაკმაყოფილებაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეული იქნა ზედმიწევნით სწორად და სრულყოფილად. ამდენად, ვინაიდან, საქმის გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროება, სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე მოსარჩელეს სწორედ გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით უთხრა უარი, დროებით განსახლებაზე.
კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ სააგენტოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოიკითხა განმცხადებელი, ჩატარდა მონიტორინგი, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. სააგენტოს გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 ივნისის №03-2321/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის დროებითი განსახლების მიზნით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე ქირის თანხის დარიცხვის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილის დროებითი განსახლების თაობაზე მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. მე-2 პუნქტის მიხედვით კი, დევნილი დროებითი განსახლების თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმის შედგენას. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახის მიმართ განხორციელდება დროებითი განსახლების ღონისძიება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც წარედგინება სააგენტოს დირექტორს, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) დეპარტამენტის მიერ ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს თუ დევნილი ოჯახი დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30001-ზე ნაკლებს. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული მონიტორინგის ფორმიდან იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია უარი თქვას კონკრეტული განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტის შესაბამისად კი, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. კ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დადგენილია, რომ მ. კ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 4810. დადგენილია ასევე, რომ 07.09.2020 წლის შემოწმებით მ. კ-ას უვადოდ დაუდგინდა ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2021 წლის 8 ივნისს, მ. კ-ამ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დროებითი განსახლების მიზნით, ქირის თანხით უზრუნველყოფის მოთხოვნით.
2021 წლის 15 ივნისს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №2-ში, კორპუს №16, ბინა №3-ში, სადაც მონიტორინგის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ ა. ფ-ა. ამ უკანასკნელის განმარტებით, მ. კ-ა არის მისი მეუღლის დეიდაშვილი. ამასთან, მ. კ-ა ბინაში როდის დაბრუნდებოდა მისთვის უცნობი იყო. თავდაპირველად მ. კ-ასთან სატელეფონო კავშირი ვერ შედგა, თუმცა მოგვიანებით მან თავად გადმოურეკა მონიტორინგის თანამშრომლებს და სთხოვა განმეორებითი მონიტორინგის განხორციელება.
2021 წლის 16 ივნისს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ზემოაღნიშნულ მისამართზე კვლავ განხორციელდა მონიტორინგი. მ. კ-ას განმარტებით, იგი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2019 წლიდან და ქირის სახით იხდის 200 ლარს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბინა ეკუთვნის ა. ფ-ას შვილს - მ. ფ-ას, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 22 ივნისის №39 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, მ. კ-ას უარი ეთქვა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 ივნისის №03-2321/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), დანართით გათვალისწინებულ პირებს, მათ შორის, მ. კ-ას მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით უარი ეთქვა დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის დროებითი განსახლების მიზნით, ქირის თანხის დარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე ქირით ცხოვრების დაუდასტურებლობის ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში დაცული საჯარო რეესტრის 2017 წლის 9 ოქტომბრის ამონაწერით დგინდება, რომ მ. ფ-ას სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება (ს/კ ...), მდებარე: ქალაქი თბილისი, შესახვევი ... 2, კორპუსი №8-ში, საცხოვრებელი ბინა №3. საჯარო რეესტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გახდა ლ. ფ-ა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა მოსარჩელის დროებითი განსახლების საჭიროება, რაც ქირავნობის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, უნდა განეხორციელებინა თავად მოსარჩელისა და იმ პირის დეტალური გამოკითხვის გზით, ვისაც მოსარჩელის განმარტებით, უხდიდა ქირას. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში (3.05.2022წ.) მოწმის სახით დაკითხულმა ნ. ფ-ამ დაადასტურა მოსარჩელის სადავო მისამართზე ქირით ცხოვრების ფაქტი. მოწმის ჩვენებით ბინა ეკუთვნოდა მის ძმას, რომელსაც მოსარჩელე უხდიდა 200 ლარს, ხოლო მისი ძმის გარდაცვალების შემდგომ ქირის თანხას თავად იღებს.
საკასაციო პალატის მითითებით, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, რომ მ. კ-ა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. საქართველოს კონსტიტუციის 11.4. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებელის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები და ეზრუნა მოსარჩელის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც წინამდებარე შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს განსახილველი საკითხი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნეს ბათილად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 ივნისის №03-2321/ო ბრძანება მ. კ-ასთვის განსახლების მიზნით ფულადი დახმარების გაწევაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა