საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-716(2კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ...ის სამომხმარებლო კოოპერატივი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 23 მარტს ...ის სამომხმარებლო კოოპერატივმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის №1/6-194 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ, №1 დანართის მე-9 პუნქტის, რომლითაც ...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1011,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის №1-1/512 ბრძანების -ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ბათილად ცნობა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით „...ის სამომხმარებლო კოოპერატივის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის №1/6-194 ბრძანების ნაწილი, კერძოდ №1 დანართის მე-9 პუნქტი, რომლითაც ...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 1011,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი ... საკადასტრო კოდით, დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის №1-1/512 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში პროცესუალურ მოწინააღმდეგე მხარეს არ აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი საქმის მიმართ, გაურკვეველია რა სახის პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული აქტები მისთვის, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს კოოპერატივის კანონიერი უფლების დამდგენი სათანადო მტკიცებულება სადავო ქონებასთან მიმართებაში.
კასატორის მითითებით, სადავო ქონება არ წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას და არ იყო შესაბამისი უფლება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამასთან, არც თავად ...ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრება იყო რეგისტრირებული და შესაბამისად ის გარემოება, რომ კოოპერატივი წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ," რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ სარგებლობაში ან თვითნებურად მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე.
კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კოოპერატივმა, რომელსაც სადავო ქონებაზე არ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და იგი შესაძლებელია წარმოადგენდეს მხოლოდ მის მართლზომიერ მფლობელს, 2019 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N... გადაწყვეტილებით, ...ის სამომხმარებლო კოოპერატივს შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ...ის რაიონის სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონების, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნაზე და დაევალა დასახელებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. იმავე გადაწყვეტილებით კოოპერატივს განემარტა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, ,,2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად". ამასთან, სააგენტოს 2019 წლის 20 მაისის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან კოოპერატივის მიერ წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია და არ გასაჩივრებულა.
ამდენად, კასატორის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოოპერატივის მიერ არ იქნებოდა გაშვებული საკუთრების უფლების აღიარების ვადა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა/ბრძანება ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ კანონიერია და დასაბუთებული, ვინაიდან ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს მართლზომიერად თუ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, არამედ პირიქით, მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას საკუთრების უფლების აღიარებისათვის.
კასატორის განმარტებით, 2017 წლის 30 მაისს ...ის სამომხმარებლო კოოპერატივმა საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლითაც ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ" სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აპრილის N1/6-194 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 28 ივნისის N04/3824 წერილით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოსადგენად, ასევე, დაევალა მოთხოვნის დაზუსტება და ადმინისტრაციული საჩივრის შესაბამისობაში მოყვანა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან ეცნობა, რომ მითითებული ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზი მოსარჩელის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, კერძოდ მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ გასაჩივრებული აქტის ოფიციალური წესით გაცნობის თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ვერ წარადგინა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საჩივარში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კოოპერატივის კანონიერი უფლებები. კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის ავტორმა არ შეავსო ხარვეზი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მეორე კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა შპს ,,ქ...ის" მიერ 1997 წლის 22 იანვარს მომზადებულ დასკვნას "საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი "ცეკავშირის" ...ის რაიკოოპკავშირის ...ის სამომხმარებლო კოოპერატივის საწესდებო კაპიტალში ჩასადები ქონების შეფასების შესახებ", საწარმოს ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციას, 2010 წლის 19 მარტის ქონების დაყადაღების აქტს, საიდანაც ვერ ხდება მოთხოვნილი უძრავი ნივთის იდენტიფიცირება.
კასატორის მითითებით, რეგისტრაციის განხორციელების მოტივით, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის N1/6-194 ბრძანებით დადგინდა, რომ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, ბრძანების დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 7 აპრილს N... გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი, მდებარე - ..., სოფელი ... (1011.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობა N1, შენობა ნაგებობა N2) 2017 წლის 7 აპრილიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არ გამოვლენილა არცერთი წინაპირობა, რაც გახდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან/და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო (ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი) უფლებამოსილი იყო მიეღო 2017 წლის 4 აპრილის N1/6-194 ბრძანება და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის დროისათვის, სადავო უძრავ ქონებაზე ...ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა და მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა სადავო უძრავ ქონებაზე კოოპერატივის საკუთრების უფლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის №1/6-194 ბრძანების №1 დანართის მე-9 პუნქტი, რომლითაც ...ის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1011,00კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის №1-1/512 ბრძანების კანონიერება. მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებდა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ...ის სამომხმარებლო კოოპერატივი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა 1998 წლის 31 მარტს. კოოპერატივი აღრიცხულია სამეწარმეო რეესტრში და სადავო უძრავი ქონება, რომელიც საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხემ შეტანილია საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. კოოპერატივის საწესდებო კაპიტალში შედის ...ის რაიონის სოფელ ...ში, სოფელ ...სა და სოფელ ...ში მდებარე ობიექტები, რომლებსაც ათეული წლებია ფლობს მოსარჩელე. მოსარჩელე გარკვეულ თანხას ხარჯავდა ქონების მოვლა-პატრონობაზე. საბჭოს 1976 წლის 15 იანვრის №41 დადგენილებით, სოფელ ...ში ...ის მშენებლობისათვის გამოიყო მიწის ნაკვეთი, ხოლო 1999 წელს სარეგისტრაციო მოწმობით გადაეცა მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში მასზე არსებული ...ით და სხვა ობიექტები სოფელ ...სა და ...ში.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ის სამომხმარებლო კოოპერატივი ...ის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ იმ მიწებზე, რომლებიც წარმოადგენენ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის უფლებას და რომელზეც დგას ...ის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე № ... შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულია ყადაღა. მოგვიანებით, დასახელებულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულია. დასახელებული უძრავი ქონება (სოფელ ...ში მდებარე №... და არა მიწის ნაკვეთი), როგორც მოსარჩელის საკუთრება, შესაფასებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2010 წლის 7 დეკემბერს გადაგზავნილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურში. რუსთავის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 19 მარტის მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ აქტით ყადაღა დაედო ...ის № ...ას, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 15 იანვრის №41 დადგენილებით, ...ის რაიონის სოფელ ...ის ...ის მიწებიდან 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში ცეკავშირის გამგეობას გამოეყო ...ის მშენებლობისათვის.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის №1/6-194 ბრძანების №1 დანართის მე-9 პუნქტით, ...ში, სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 1011 კვ.მ. ფართობი სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2017 წლის 16 მაისს აღნიშნული ქონება აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის №1-1/512 ბრძანებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 4 აპრილის №1/6-194 ბრძანების №1 დანართის მე-9 პუნქტის ბათილად ცნობას განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზი მოსარჩელის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული, კერძოდ მოსარჩელემ წარადგინა გასაჩივრებული აქტის ოფიციალური წესით გაცნობის თარიღის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა არ წარუდგენია შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა საჩივარში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ...ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შეფასება უნდა მისცემოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და გამორკვეულიყო სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოსა თუ სხვა პირთა საკუთრების უფლების შესახებ. კერძოდ, სადავო ქონება ხომ არ წარმოადგენდა ...ის კოოპერატივის საკუთრებას. ამიტომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოთ აღნიშნულ სამართლებრივი აქტების საფუძველზე უნდა შეაფასოს და სათანადო მტკიცებულებების მოპოვების გზით დაადგინოს სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს კოოპერატივის საკუთრებას თუ სახელმწიფოს საკუთრებას და გადაეცა თუ არა მოსარჩელეს იგი სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრს ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია სადავო უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული ინფორმაცია. მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან არ გამოუთხოვია სრულყოფილი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 ივლისის №216523 წერილს, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია სისტემური აღწერის შედეგად მიღებული უფლებადაურეგისტრირებელი, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების გრაფიკული ბაზა, ფიქსირდება ჩანაწერი: ... მესაკუთრის გრაფაში მითითებულია სახელმწიფო, ხოლო შენიშვნის გრაფაში გაკეთებულია ჩანაწერი: ,,...- ...ის კოოპერატივი". საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი შეფასება უნდა მისცეს მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ ყველა დოკუმენტს.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის №1-1/512 ბრძანების კანონიერებას, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა დადგენილი ხარვეზის სრულად აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განცხადების განუხილველად დატოვებისას, ადმინისტრაციული ორგანო არსებითად არ მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, არამედ განცხადებას ტოვებს განუხილველად იმის გამო, რომ კანონით და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი დოკუმენტები არ არის სრულად წარდგენილი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორების ვადა ან თავად მოეძიებინა დამატებითი დოკუმენტაცია. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს ასევე იძლევა ის მოცემულობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე თავისი ინიციატივით არ მოიპოვა, ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე